აზერბაიჯანი გასულია 1991 წლის საზღვრებზე, უკრაინა ამისთვის გამწარებული ომობს, საქართველო კი როდის შეძლებს ტერიტორიულ გამთლიანებას?
1991 წლის სახელმწიფო საზღვრების აღდგენა - ეს ფრაზა ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ისმის იმ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდგომ შეელახათ ის სახელმწიფო საზღვრები, რომლებშიც შედიოდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახით.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე უკვე დაწყებული იყო სეპარატისტული შეიარაღებული მოძრაობები ყარაბაღის, ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის, შესაბამისად, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან "გამოყოფის" თაობაზე, რაც ფარულად თუ აშკარად კრემლიდან იმართებოდა შემდეგი პრინციპით - არ გინდოდათ აზერბაიჯანელებს, ქართველებსა და მოლდოველებს ერთიან საბჭოთა კავშირში ცხოვრება და მის დაშლაში წვლილი შეიტანეთ? მაშინ თქვენს რესპუბლიკებშიც გამოგიჩნდებათ "გამოყოფის მსურველებიო".
უკრაინა თავიდანვე მსუყე ლუკმა იყო რუსეთისთვის და კრემლმა მისთვის საქართველოს, აზერბაიჯანისა და მოლდოვის შემდგომ "მოიცალა" - ჯერ 2014 წელს ყირიმის მიტაცებითა და დონბასში სეპარატისტების შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებით, ხოლო 2022 წელს პირდაპირ სამხედრო აგრესიაზე გადავიდა.
მაგრამ უკრაინაზე თავდასხმამდე ორი წლით ადრე, 2020 წლის შემოდგომაზე, ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - აზერბაიჯანმა გაბედა და წარმატებას მიაღწია 1991 წლის დროინდელ სახელმწიფო საზღვრებზე გასასვლელად. სწორედ აზერბაიჯანი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან, რომელმაც ომით დაკარგული ომითვე დაიბრუნა და აღადგინა სახელმწიფო საზღვარი, ოღონდ ყარაბაღის პრობლემა მაშინ ბოლომდე ვერ გაირკვა.
სამხრეთ კავკასიის ამ ორი ქვეყნის, აზერბაიჯან-სომხეთის, ურთიერთობა კვლავ დაძაბულობის ზენიტისკენ მიემართება და ძალზე იზრდება ახალი, შედარებით ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების შანსი, ოღონდ ამჯერად უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მთელი საზღვრის გაყოლებით.
მათი დაპირისპირების უმთავრეს თემად კვლავ ყარაბაღის მოუგვარებელი პრობლემაა - სამი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებულ ბაქოს აღარ სურს იხილოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისეთი რაიონები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებს. არადა, ყარაბაღის ნაწილში კვლავ იმყოფებიან შეიარაღებული სომხური ფორმირებები.
ყარაბაღელი სომხების სამხედრო დახმარებას სომხეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ცდილობს შეფარული სამხედრო დახმარება გაუწიოს მათ ლაჩინის სატრანსპორტო დერეფნის (რომელიც აზერბაიჯანელებს შუშასთან უკვე მეხუთე თვეა გადაკეტილი აქვთ) შემოვლითი გზებით, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა სომხურ და აზერბაიჯანულ რაზმებს შორის.
მთავარი მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანის არმია ვერ იწყებს ფართომასშტაბიან შეტევას სომხურ ანკლავზე ყარაბაღში სრული კონტროლის დასაწესებლად, რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალების იქ ყოფნაა. 2020 წლის ყარაბაღის ბოლო ომში ცეცხლის შეწყვეტაზე სამმხრივი შეთანხმებისას ბაქო იძულებული იყო დასთანხმებოდა მოსკოვის ზეწოლას, ყარაბაღში რუსული "სამშვიდობო" სამხედრო კონტინგენტის ჩაყენებაზე.
მაგრამ დღეს რეალობა სხვაგვარია, მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინის ერთწლიანი ომის გამო, რომელშიც კრემლის ბევრი სისუსტე გამოჩნდა, გინდ პოლიტიკური და გინდაც სამხედრო, რაც ბაქოს აქტიური ქმედებებისკენ უბიძგებს - საჭირო მომენტის ხელიდან გაშვება, როდესაც მოსკოვი უკრაინასთან ომის ჭაობშია ჩაფლული, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ სურს.
ყარაბაღელი სომხები ან მიიღებენ აზერბაიჯანის მოქალაქეობას, ან მოუწევთ სხვა საცხოვრებლის მოძებნა - პრეზიდენტ ალიევის ეს ულტიმატუმი ჰაერზე ნათქვამი სულაც არ არის და ის შეიძლება მოასწავებდეს აზერბაიჯანის არმიის მზადყოფნას დაასრულოს ის, რის "დასამთავრებლად", კერძოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათ შორის ყარაბაღშიც, მას სამი წლის წინ კრემლმა ხელი შეუშალა.
ის, რომ დღეს აზერბაიჯანის ეკონომიკა სომხეთისაზე ბევრად მაღლა დგას და აზერბაიჯანული არმიის საბრძოლო შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად აღემატება სომხებისას, დიდ ეჭვს არ იწვევს და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში სომხებს არათუ ყარაბაღზე ნაწილობრივი კონტროლის დაკარგვა ემუქრება, არამედ თავად სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის სახმელეთო დერეფნის გაჭრა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდეც ანუ, ფაქტობრივად, თურქეთამდე...
სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს სიტუაციის სერიოზულობა, რამაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გასულ კვირას ოფიციალურად ათქმევინა მართლაც ისტორიული სიტყვები: "სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ველით, რომ აზერბაიჯანიც იმავეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას".
აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება - იყო სწორედ ის, რასაც ბაქო ერევნისგან 30 წელზე მეტხანს ითხოვდა და რასაც სომხეთში დაცინვით უყურებდნენ, რადგან 1992-94 წლების ყარაბაღის პირველ ომში გამარჯვებული იყვნენ და ყოფილი "მთიანი ყარაბაღის საბჭოთა სოციალისტური ავტონომიური ოლქის" გარდა, აზერბაიჯანის კიდევ შვიდ რაიონს აკონტროლებდნენ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში.
1991 წლის (საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის) საზღვრების აღიარების ინიციატივა ავტომატურად უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ერევანში აღარ აქვთ ილუზიები "მეორე სომხეთის" შექმნაზე ყარაბაღის სომხების ფაქტორის გამოყენებით. მაგრამ რა ელით სტეფანაკერტელ შეიარაღებულ სომხურ ფორმირებებს, რომლებსაც არსენალში ტანკები და "გრადებიც" კი შემორჩათ?
სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს ამ რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და ამტკიცებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებული - ანუ ირიბად პასუხისმგებლობას იხსნის მათ შემდგომ სამხედრო მხარდაჭერაზე?
თუ მართლაც ასეა, გამოდის, პრეზიდენტ ალიევს მწვანე შუქი ენთება სამი წლის წინ დაწყებული საქმის - ქვეყნის სრული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასასრულებლად ყველა ძალის გამოყენებისთვის?
ალბათ, ამანაც განაპირობა ყარაბაღელი სომხებისთვის წაყენებული ალიევის ულტიმატუმი - ან აღიარებთ აზერბაიჯანს და იღებთ მის მოქალაქეობას, ან ყარაბაღში აღარ დაგედგომებათ და ეძებეთ ახალი საცხოვრებელიო.
ყარაბაღში აზერბაიჯანის კანონების დე ფაქტო აღდგენისთვის სამხედრო ძალის გამოყენება დასავლეთმა (სადაც დიდი გავლენა აქვს სომხურ ლობის) შეიძლება ყარაბაღელი "სომხების გენოციდის" ცდად შეაფასოს, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთი უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება აზერბაიჯანის ბუნებრივ აირზე, სავარაუდოდ, "ბებერი ევროპა" აღარ იქნება დიდად კრიტიკული ბაქოს მოქმედებებზე.
რჩება რუსეთის ფაქტორი, რომელიც საუკუნეებია ავადმყოფურად განიცდის სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის ზრდას, რადგან ჩვენი რეგიონი რუსეთის იმპერიას კვლავ თავის უკანა ეზოდ მიაჩნია.
მისცემს თუ არა პუტინი ალიევს ყარაბაღზე საბოლოო კონტროლის დამყარების საშუალებას და დაკარგავს როგორც თავად აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე ათწლეულების განმავლობაში არსებული "ყარაბაღის პრობლემის" ბერკეტს? თუ აზერბაიჯანს აღარ ექნება ყარაბაღის პრობლემა, ხომ მოითხოვს იქიდან რუსული "სამშვიდობო ძალების" დაუყოვნებლივ გაყვანას? სომხეთი, რომელიც ამოისუნთქავს ყარაბაღელი სომხების მრავალწლიანი სამხედრო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობისგან, განა უკეთესად არ მიხედავს თავის ეკონომიკურ განვითარებას?
მოკლედ, ბევრი უპასუხო კითხვაა, რომელთა ნაწილისთვის პასუხის გაცემა შეიძლება არცთუ შორეულ მომავალში დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუკი კრემლი, ისევე როგორც განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში, სპეციალურად არ ჩაშლის ერევნისა და ბაქოს პირისპირ მოლაპარაკებასა და შესაძლო შეთანხმებას.
საზღვრებშელახული მეორე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც 1991 წლის სახელმწიფო საზღვრების აღდგენისთვის თავგამოდებით იბრძვის, უკრაინაა. მართალია, ახლა ძალზე რთულ მდგომარეობაშია და რუსეთს მისი ტერიტორიის 18% აქვს ოკუპირებული, მაგრამ უკრაინელები რუსულ ოკუპაციას არ ეგუებიან და მამაცურად იბრძვიან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.
თვით მოლდოვაც კი, რომელიც სამხედრო სიძლიერით დღეს ყველაზე სუსტია ყოფილ 15 საბჭოთა რესპუბლიკას შორის, ნელ-ნელა აქტიურდება დასავლეთისა და მეზობელი უკრაინისგან დაპირებული მხარდაჭერის იმედით და კიშინიოვს არცთუ ცუდი შანსი აქვს გავიდეს 1991 წლის სახელმწიფო საზღვარზე დნესტრისპირეთში, თუკი უკრაინის არმიის მოსალოდნელ ფართომასშტაბიან კონტრიერიშებს სასურველი შედეგი მოჰყვა და რუსი ოკუპანტები იძულებული გახდებიან გაიქცნენ, როგორც მანამდე კიევის, ხარკოვისა თუ ხერსონის დაპყრობილი რაიონებიდან.
რჩება ჩვენი პატარა საქართველო, რომლის ტერიტორიის ორი დიდი ნაწილი, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, რუსი ოკუპანტებისა და ადგილობრივი სეპარატისტების საჯიჯგნადაა გადაქცეული.
საქართველო არც ნავთობითა და ბუნებრივი აირით მდიდარი აზერბაიჯანია (რომელსაც ამასთან მხარში უდგას მოძმე თურქეთი) და არც ის უკრაინა, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო აიარაღებს და უხვად აფინანსებს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რომც არ იყოს რუსული სამხედრო ბაზები, სეპარატისტული ფორმირებების ბრძოლაში დამარცხება ჩვენი დღევანდელი სამხედრო შესაძლებლობებით ძალზე გაგვიჭირდებოდა, თუნდაც მიღწეულის შენარჩუნება პარტიზანული თავდასხმების მასობრივად დაწყების შემთხვევაშიც.