რა ხდება სუდანში?
სუდანში სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. მხარეების მეთაურებმა 17 აპრილს ცეცხლის 24-საათიან შეწყვეტაზე მოილაპარაკეს, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ეს შეთანხმება იმდენად მყიფეა, რომ არავინ იცის, ვითარება უფრო მეტად როდის გამწვავდება, არც ერთი მხარე სანდო არ არის. სუდანში შეიარაღებულ ძალებს და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკება 15 აპრილს დაიწყო. არმიამ დედაქალაქ ხართუმის მიმდებარედ, ომდურმანის დასახლებაში, "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებს მასირებული საჰაერო დარტყმები მიაყენა, რასაც პასუხი მოჰყვა - შეტაკება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ცეცხლი შეერთებული შტატების დიპლომატთა კოლონასაც გაუხსნეს, უფრო ადრე კი თავის რეზიდენციაში თავს დაესხნენ ევროკავშირის ელჩს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 300 კაცს აღწევს, დაჭრილია 2600-ზე მეტი. დაღუპულთა შორისაა გაეროს სასურსათო პროგრამის 3 თანამშრომელი. ამ კონფლიქტმა ჩაშალა საერთაშორისო ფორმატით მიღებული გეგმა, რომლის მიხედვითაც სუდანში ავტოკრატიული მმართველობა და სამხედრო კონტროლი სამოქალაქო ხელისუფლებით უნდა შეცვლილიყო.
სუდანში ამჟამად საქართველოს დაახლოებით 33 მოქალაქეა: მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები... საგარეო უწყების ინფორმაციით, ისინი უსაფრთხოდ არიან. ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მათი გამოყვანის გზებზე მუშაობს. შეტაკებები ახლა ქვეყნის რამდენიმე რეგიონშიც მიმდინარეობს. "წითელი ჯვრის" და "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ორმხრივი ინტენსიური ცეცხლის გამო ხართუმსა და რამდენიმე ქალაქში თითქმის შეუძლებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. დაკეტილია სურსათის მაღაზიები, ქუჩებში შეიარაღებული პირები ქვეითად და ავტომანქანებით გადაადგილდებიან, რაც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამედიცინო საშუალებები, რომლებიც სუდანის სამედიცინო დაწესებულებებს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე გაუნაწილეს, უკვე ამოწურულია, ახალი ტვირთის მიწოდება კი საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებს" შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, "სწრაფი რეაგირების ძალების" გენერალი კი დაგალო, რომლებიც არც ისე დიდი ხნის თანამოაზრეები იყვნენ. სამხედრო გენერლებმა 2019 წელს ერთობლივად დაამხეს უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მისი დამხობის შემდეგ სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები გარდამავალი მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ, თუმცა 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა, რომელსაც "სწრაფი რეაგირების ძალების" ლიდერი, გენერალი დაგალო დაუპირისპირდა. დაგალო ქვეყანას დემოკრატიული გზით წაყვანას ჰპირდება, რაც ბევრისთვის დაუჯერებელია, რადგან მისი წარსულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დემოკრატიული რეფორმები გაატაროს.
ახლა ვითარების დამშვიდება ძნელია, რადგან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება - სამოქალაქო ომი სუდანის მთელ ტერიტორიას მოედო, მათ შორის დარფურსა და სამხრეთ კორდოფანის რეგიონსაც. ამ ორ რეგიონში დაძაბულობა ალ-ბაშირის დამხობის შემდეგაც არ შემწყდარა. არავინ იცის, რით დასრულდება გენერლების დაპირისპირება. როგორც ირკვევა, იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი რუსეთია, რომელსაც ამ კონფლიქტში თავისი ინტერესები აქვს - წლებია რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" კრემლის დავალებებს ასრულებს. კონკრეტულად, რუსეთის პრეზიდენტის მარჯვენა ხელად და "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინი სუდანის მთავრობასთან შეთანხმებით რამდენიმე წელია ოქროს საბადოებს ამუშავებს. საბადოები კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებს უნდა დაეცვათ.დაუზუსტებელი ინფორმაციით, გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალები", რომელიც ბოლო დროს ძალზე აგრესიული გახდა, ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერის" ჯგუფთან არის დაკავშირებული. რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება სუდანის "სწრაფი რეაგირების ძალებს" წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარა, შესაბამისად, დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ მათ უკან სწორედ რუსეთი დგას. ყოფილმა დიქტატორმა ომარ ალ-ბაშირმა 2017 წელს პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, სუდანი რუსეთისთვის "აფრიკის გასაღები" იქნებოდა. მას შემდეგ "ვაგნერი" სუდანს დიდი რაოდენობით იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა. მათ შორის, გადაცემული აქვს სამხედრო-სატვირთო მანქანები, ამფიბიები და ორი სატრანსპორტო ვერტმფრენი. სუდანის გასამხედროებული ჯგუფი კომპანია "მეროე გოლდის" ოპერირებას განაგრძობს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპლუატაციას უწევს სუდანის მაღაროებს და დიდი რაოდენობით ოქროს კონტრაბანდაშია ჩართული, რომლის შემოსავლის დიდი ნაწილი ევგენი პრიგოჟინთან მიდის.
"მხარზე კალაშნიკოვგადაკიდებულ 13-14 წლის ბიჭებს ბანდფორმირებები აქვთ"
სუდანში მყოფი პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ რაც დრო გადის, ვითარება უფრო მწვავდება: - სუდანი წლებია უმძიმეს მდგომარეობაშია, აქ სიკვდილი, გაჭირვება, შიმშილი და უწყლობა ახალი არ არის, მაგრამ ომი მაინც უფრო მძიმე კვალს ამჩნევს მოსახლეობას. ხალხი უმეტესად ვაჭრობითა და დღიური სამუშაოთი ირჩენს თავს. უმძიმეს მდგომარეობაში არიან ქალები და ბავშვები. ქალების უმეტესობა ძალადობის მსხვერპლია. 12-13 წლის გოგონებს იტაცებენ და სექსუალურ მონებად ჰყიდიან. ბავშვების უფლებებს არავინ იცავს, მათ არა აქვთ განათლების უფლება. ქუჩაში ხშირად დაინახავთ ზურგზე ტვირთმოკიდებულ 7-8 წლის ბავშვებს, პლასტმასის ნივთებს, ტკბილეულს და სხვადასხვა წვრილმანს ყიდიან. მხარზე კალაშნიკოვგადაკიდებულ 13-14 წლის ბიჭებს ბანდფორმირებები აქვთ. მათ ხან ერთი მხარე გადაიბირებს, ხან მეორე... მოსახლეობისთვის დაუსრულებლად მოუგვარებელი პრობლემაა წყალი, სამედიცინო მომსახურება, განათლება, კვება... ლოკალური ომების გამო უამრავი ოჯახი უსახლკაროა. ამიტომაც ხშირია შიდა მიგრაცია.
"იმედია, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქვეყანას უსაფრთხოდ დავტოვებთ"
ჩვენ სუდანის დედაქალაქში მყოფ ერთ-ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავის კაპიტანს, მამუკა მარკოზაშვილს ვესაუბრეთ: - იმ რაიონიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, საბრძოლო მოქმედებები 1,5 კილომეტრშია. ინტენსიური ბრძოლა უფრო აეროპორტის მხარეს არის. ჯერჯერობით უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ვითარება იმდენად არასტაბილურია, არავინ იცის, რა იქნება. თავიდან ქუჩაში ჯარისკაცებიც არ ჩანდნენ, ახლა პერიოდულად ვხედავთ. მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ ფანჯრებს მოვშორდეთ. ღამე ვცდილობთ ფანჯრებზე რაც შეიძლება სქელი ნაჭრები ჩამოვაფაროთ, რომ შეუმჩნეველი ვიყოთ. დენი თითქმის არ არის, სანთლებითა და სხვა საშუალებებით ვცდილობთ გავანათოთ ოთახები.
დუბაი-ხართუმის რეისი შევასრულეთ და ჩვენი თვითმფრინავი აქაურ აეროპორტში დაჯდა. არავითარი დაძაბულობა არ იგრძნობოდა, ხალხი გასაფრენად ემზადებოდა. აეროპორტი სავსე იყო მგზავრებითა და მომსახურე პერსონალით. თუმცა შინ წამოვედით თუ არა, 30 წუთში სროლა ატყდა. რამდენიმე წუთით გამოვასწარით ორმხრივ ცეცხლს. უსაფრთხოების გამო იმ შენობიდან გასვლა აგვიკრძალეს, სადაც ვრჩებით ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ერთი ბრმა ტყვია შენობის მერვე სართულს მოხვდა. მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ეს ნიშნავს, რომ დაცული არსად არა ვართ. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი კომპანიიდან მივლინებაში 13 კაცი ვართ - მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. ვნერვიულობთ, მაგრამ უიმედოდ არა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაზე თავდასხმამ ცოტა შეგვაშინა. შეტაკებები დროდადრო ჩერდება, რათა ჰუმანიტარული დერეფნები გააკეთონ და დაჭრილები და დაღუპულები გაიყვანონ. შემდეგ ისევ განახლდება ცეცხლი. აქ სტაბილური სიტუაცია კარგა ხანია არ არის. ამათ პოლიტიკასა და სამხედრო სტრუქტურებს შორის დაპირისპირების მიზეზებში ვერ ვერკვევი, თუმცა ვიცი, რომ ერთ-ერთი გასამხედროებული სწრაფი დანიშნულების სპეცრაზმი თავდაცვის სამინისტროს არ ექვემდებარება. ეს ამბოხი კარგა ხანს არ დასრულდება, დიდი ხანია აქ დაძაბულობა იყო და როგორც ჩანს, ახლა ამოხეთქა.
პირველად სუდანში 13 წლის წინ ჩამოვედი, გაეროს ორგანიზაციაში კონტრაქტორად ვმუშაობდი. მაშინ ამ ქვეყანას დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი მართავდა. 2019 წელს, გადატრიალების შედეგად, სხვა მოვიდა სათავეში, მაგრამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. სუდანი ჯერ კიდევ ალ-ბაშირის დროინდელი სანქციების ქვეშ არის. ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია. როგორც თავად ამბობენ, დემოკრატია მათთვის ჯერ ადრეა. ადგილობრივი ვალუტა ძალიან გაუფასურდა, საშინელი ინფლაციაა, კორუფცია ყვავის. მოსახლეობას ძალიან უჭირს, რადგან ლოკალური თავდასხმები წლებია არ წყდება. სუდანელი თანამშრომლები მყავს, მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია და მათი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი, მაგრამ ომი არც ერთ ქვეყანაში არ სურთ. არც სუდანელებს უნდათ, მაგრამ სამხედროები განაგებენ აქაურობას. სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი ალ-ბურჰანი თავდაპირველად აცხადებდა, რომ მზად იყო "სწრაფი რეაგირების ძალებთან" მოლაპარაკებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი იარაღს დაყრიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ძალებს ხართუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანდა. თუმცა მოლაპარაკება არ შედგა - მთავარსარდალმა ყოფილ მოადგილეს "სისხლიანი მაროდიორი", "სწრაფი რეაგირების ძალების" ხელმძღვანელმა, გენერალმა მუჰამედ ჰამდან დაგალომ კი ალ-ბურჰანს "მატყუარა და დამნაშავე" უწოდა.
ვინ იცის, ეს ომი როდის დასრულდება. იმედია, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ავიაკომპანიების თანამშრომლები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანას უსაფრთხოდ დავტოვებთ.
- სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან არიან?
- დიახ, არიან უკრაინელები, "სკაი-აპის" წარმომადგენლები და მათი ეკიპაჟი. ორმხრივი სროლისას მათ ერთი თვითმფრინავი დაუწვეს სადგომზე. საბედნიეროდ, შიგ არავინ იჯდა. ასეთი არეულობის დროს გამორიცხული არაფერია. ამიტომ ვართ რეზიდენციებში შეფარებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კონსული ჩვენთან მუდმივ კავშირზე არიან, ცდილობენ აქედან გაგვიყვანონ, მაგრამ სანამ ჰაერი უსაფრთხო არ იქნება, ცეცხლი არ შეწყდება, ვერ გამოვფრინდებით. გარისკვა არ შეიძლება. ელექტროენერგია დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე საათით მოდის და იმ დროს მობილურის დატენვას ვცდილობთ. ინტერნეტი ან საერთოდ არ არის, ან ძალიან სუსტია. ჩვენ ინტერნეტი გვაქვს, თუ სიხშირე არ გათიშეს. ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს, რადგან შესაძლოა ოჯახთან კომუნიკაცია შეწყდეს. თუ ვითარება არ ჩაწყნარდა, შესაძლოა დენიც გაითიშოს და ინტერნეტიც.