"მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგებმა შეიძლება უკრაინისა და ევროპის ბედი გადაწყვიტოს" - კვირის პალიტრა

"მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგებმა შეიძლება უკრაინისა და ევროპის ბედი გადაწყვიტოს"

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის - "ეკონომისტის" (The Economist) 22-28 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია ერთ-ერთი მოწინავე სტატია სათაურით - "მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგებმა შეიძლება უკრაინისა და ევროპის ბედი გადაწყვეტოს".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ათეულობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის - იწრთვნებიან, ტექნიკას სწავლობენ, ამოწმებენ აღჭურვილობას და ახლობლებს წერილებს წერენ - ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება ეს მათი ბოლო წერილი იყოს. ჩვენ არ ვიცით, თუ ზუსტად სად და როდის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ უკრაინის არმია მალე დაიწყებს თავის დიდი ხნის წინ დაგეგმილ კონტრშეტევას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვთ ხელში ჩაგდებული. არ არის გამორიცხული, რომ უკრაინისა და, ზოგადად, დასავლური ალიანსის ბედი შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რა მოხდება უახლოეს კვირებში.

შესაძლოა, უკრაინას აღარასოდეს ჰქონდეს იმაზე უკეთესი შანსი, როგორიც დღეს აქვს: ოკუპანტები დასუსტებულები არიან - რუსეთის არმიამ ბახმუტის და დონბასის სხვა ქალაქებისთვის ბრძოლაში უამრავი ჯარისკაცი დაკარგა, რომელთა ჩანაცვლებას ჯერჯერობით სრულად ვერ ახერხებს. მართალია, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი კანონები მიიღო არმიაში მოქალაქეთა გაწვევა-დაქირავების გაიოლების მიზნით, "საზარბაზნე ხორცად" გამოსაყენებლად, მაგრამ სანამ ისინი საბრძოლველად მომზადდებიან, თვეები უნდა გავიდეს.

უკრაინამ ბოლო დროს ნატოს სტანდარტის დიდძალი იარაღი მიიღო: ტანკები, მაღალი სიზუსტის მქონე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ძლიერი საარტილერიო სისტემები, მილიონობით ავტომატი და ტყვიამფრქვევი. ავიაგამანადგურებლებიც უკვე გზაშია, რომლებიც, მართალია, მხოლოდ პოლონეთმა და სლოვაკეთმა გაიმეტეს, მაგრამ - მაინც. ამერიკა და ევროპა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხში ჯერ კიდევ თავს იკავებენ, ისევე, როგორც ადრე ტანკებთან მიმართებით აკეთებდნენ.

რა უნდა გააკეთოს უკრაინამ იმ უპირატესობით, რომელსაც ქვეყანა დღეს ფლობს? კიევი უნდა შეეცადოს, პირველ რიგში, "გადაჭრას" და გაანადგუროს ის "სახმელეთო დერეფანი", რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთადერთი კონკრეტული მიღწევა, რითაც ვლადიმერ პუტინს შეუძლია იტრაბახოს, ამ დერეფნის შექმნაა - უამრავი სისხლისა და სხვა სამხედრო დანაკარგის მიუხედავად. ობიექტურად თუ ვიტყვით, "დერეფანი" მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მის გარეშე ყირიმი, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, ძალზე მოწყვლადია: ნახევარკუნძულს რუსეთთან მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტი და ქერჩის სარკინიგზო-საავტომობილო ხიდი აკავშირებს, რომელზეც გასული წლის ოქტომბერში აფეთქება მოხდა და დროებით მწყობრიდან გამოვიდა.

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის საომარ ველზე, მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ რუსებს უკან, დნეპრის მიღმა დაახევინა, ხერსონთან, ძირითადად, მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ეს არ არის კარგის ნიშანი, იმიტომ, რომ კონფლიქტი შეიძლება "გაიყინოს" იმ ხაზზე, რომელიც მოწინააღმდეგეებს შორის დღეს არის შექმნილი. ასეთი სიტუაციის შენარჩუნებით უკრაინა მნიშვნელოვნად დაზარალდება: კიევს ზღვასთან კავშირი ისევ შეზღუდული ექნება, რაც ზიანის მომტანია - უკრაინას ჰაერივით სჭირდება აზოვისა და შავი ზღვის ნავსადგურები, რითაც თავის პროდუქციას - მარცვლეულს და სხვა ნედლეულს საზღვარგარეთ გაიტანს. კიევისათვის უფრო უკეთესი იქნება, რომ რაიმე გარკვეული წარმატება მოიპოვოს კონტრშეტევით და ისე მიიღოს მონაწილეობა სამომავლო მოლაპარაკებებში, იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ოკუპაცია რუსეთისათვისაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს და საფრთხის შემქმნელია. მოკლედ, უკრაინის არმიის მიერ "დერეფნის" ლიკვიდაციის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ თუ კომპრომისს არ გამოიჩენს, ყველაფერს დაკარგავს, რაც შეიძინა.

თუმცა უკრაინისათვის რისკები ძალიან მაღალია: კიევს ცოტა აქვს "მიწა-ჰაერის" კლასის რაკეტები, რომლებიც აუცილებელია რუსული თვითმფრინავების შესაკავებლად. გარდა ამისა, რუსეთი კარგად არის მომზადებული უკრაინის არმიის შესაძლო კონტრშეტევის მოსაგიერიებლად - ფროტის ხაზის დიდ ნაწილზე გათხრილია ტრანშეების რიგი, ყველგან დადგმულია ტანკსაწინააღმდეგო "დრაკონის კბილები", წინა ხაზზე და ზურგის პოზიციებზე უამრავი ძლიერი საარტილერიო და სარაკეტო სისტემაა განლაგებული... უკრაინის წარმატებული კონტრშეტევისათვის აუცილებელია, რომ მისი არმია მოწინააღმდეგის ძალებს რიცხობრივად ჭარბობდეს, მაგრამ ჯარის ასეთი კონცენტრაცია კიევს [1200-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე] მხოლოდ ცალკეული მიმართულებებით თუ შეუძლია. უკრაინის არმიამ რუსეთის არმიის თავდაცვა რომც გაარღვიოს, მაინც ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რადგან გარღვევები ხშირად ალყაში მოქცევით და ქვაბში მოხვედრით მთავრდება ხოლმე.

ამრიგად, უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები წინასწარ მომზადებულები და შეგუებულები უნდა იყვნენ, რომ კონტრშეტევით შეიძლება მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწიონ და შეიძლება უარესიც კი მოხდეს. და თუნდაც უკრაინის არმიამ "დერეფანი გადაჭრას", მაინც არ არსებობს იმის 100%-იანი გარანტია, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება. მას, უეჭველია, იმედი აქვს, რომ თუ ომს დიდი ხნის განმავლობაში გააჭიანურებს, დასავლეთი ყოყმანს დაიწყებს და უკრაინისადმი დახმარება შემცირდება.

უკრაინის მოკავშირეებს და მომხრეებს არ უნდა ეგონოთ, რომ კონტრშეტევით სავარაუდო წარმატების მიღწევის შემდეგ ბრძოლები დასრულდება. ეს ასე ნამდვილად არ იქნება. როგორც კი ბრძოლის კვამლი და მტვერი გაიფანტება, უკრაინას მიღწეულის შენარჩუნება დასჭირდება - მტერი არ თვლემს, კრემლი შეეცდება, ასევე, კონტრშეტევა წამოიწყოს, შესაბამისად, კიევმა უნდა გააძლიეროს თავდაცვითი პოზიციები, რომ რუსეთის არმიას ბრძოლა გაუძნელდეს. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ვერა და ვერ შეძლო ბახმუტის დაკავება, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მიმართულებითაც შედეგს ვერ მიაღწევს და ყველა მსგავსი ბრძოლა ჩაიფუშება. ამიტომაც ამერიკამ და ევროპამ უკრაინისადმი დახმარების გაწევა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში უნდა გააგრძელონ და ეს კიევს ნათლად უნდა განუცხადონ, ვლადიმერ პუტინის გასაგონად.

რაც უფრო მტკიცე იქნება დასავლეთის გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების დაცვისათვის, მით უკეთესია. 1994 წელს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა საკუთარ თავზე აიღეს, მაგრამ არავითარი მექანიზმები ამ მიზნით არ შექმნილა. ამიტომაც ზემოთ ხსენებული სამი ქვეყნიდან ერთ-ერთმა დადებული პირობა 2014 წელს თავხედურად დაარღვია. მომდევნო გარანტია ნამდვილი და მტკიცე უნდა იყოს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ