რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ? - ინტერვიუ ალერგოლოგთან
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 15-20%-ს უვითარდება. არსებობს მისი ქრონიკული ფორმაც, თუმცა ის უფრო იშვიათია და პოპულაციის 2-3%-ში გვხდება. ჭინჭრის ციება, სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედებით, შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს.
რა იწვევს ჭინჭრის ციებას და როგორ გამოიხატება ის? როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა? - ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ალერგოლოგს თამარ ბარბლიშვილს მივმართეთ.
როგორ ამოვიცნოთ ჭინჭრის ციება, რა ნიშნებით გამოიხატება ის?
ჭინჭრის ციება კანზე ამობურცული, შეშუპებული, მოწითალო, თეთრი ან კანისფერი ბუშტუკებით ვლინდება, რომელსაც თან ახლავს ქავილი. გამონაყარი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.
განვასხვავებთ ჭინჭრის ციების ორ ძირითად ფორმას – მწვავესა და ქრონიკულს. მწვავეა ურტიკარია, თუ ის 6 კვირამდე გრძელდება, ხოლო ქრონიკულია, როდესაც მისი მიმდინარეობის ხანგრძლივობა 6 კვირაზე მეტია. ჭინჭრის ციების შემთხვევათა 25% ქრონიკულია, მათგან დაახლოებით 70% კი იდიოპათიური, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოქმნის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
რა არის ორგანიზმის ამ რეაქციის მაპროვოცირებელ ფაქტორები?
ჭინჭრის ციების პროვოცირებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. ის შეიძლება ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების საპასუხოდ განვითარდეს. მის პროვოცირებას ახდებს გარკვეული მედიკამენტებიც, მათ შორის, ხშირია ანტიბიოტიკებზე განვითარებული რეაქციები. ჭინჭრის ციების გამომწვევ მიზეზთა შორისაა საკვები პროდუქტებიც, როგორებიცაა კვერცხი, რძე, არაქისი, თხილი, კაკალი, სოია, თაფლი, ზღვის პროდუქტები, ხორბალი და სხვა. გვხდება სხვადასხვა მწერის ნაკბენით გამოწვეული ჭინჭრის ციების შემთხვევებიც. ასევე, მის მაპროვოცირებელ ფაქტორთა შორისაა სიცივე, მზეზე ყოფნა, ძლიერი ემოციური სტრესი და ძლიერი ფიზიკური დატვირთვა.
ჭინჭრის ციების რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ანამნეზში სხვა ალერგიული დაავადებების არსებობაც, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, მომატებული მგრძნობელობა ქიმიურ საშუალებებზე და გარკვეული დაავადებები.
რა დაავადებების საპასუხოდ შეიძლება განვითარდეს ჭინჭრის ციება?
ჭინჭრის ციების გამომწვევ დაავადებებს განეკუთვნება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, როგორებიცაა ჰაშიმოტოს თირეოიდიტი და გრეივსის დაავადება. ასევე, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები – რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და პოლიმიოზიტი. ჭინჭრის ციებამ შეიძლება თავი იჩინოს სიმსივნური პროცესების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებისა და სხვა დაავადებების დროსაც.
რა ნიშნების დროს უნდა მივმართოთ ექიმს?
ურტიკარიის შემთხვევათა უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. რიგ შემთხვევებში რეაქცია და მისი ნიშნები მალევე თავისით უკვალოდ ქრება. თუმცა, როდესაც გამონაყარი გრძელდება რამდენიმე დღე, ან ახლავს ენის, ტუჩების, ხახის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ბუნებრივია, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ექიმთან ვიზიტი.
როგორია ჭინჭრის ციების დიაგნოსტირების პროცესი?
მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციების სადიაგნოსტიკოდ განსხვავებულ მეთოდებს მივმართავთ. მწვავე ფორმის დროს, დიაგნოსტიკა ემყარება ანამნეზურ მონაცემებს და პაციენტის გასინჯვით მიღებულ ინფორმაციას. ასეთ დროს სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება. თუმცა, როდესაც ჭინჭრის ციება ქრონიკულია ან აქვს მორეციდივე ხასიათი, მთელ რიგ ლაბორატორიულ და, ზოგჯერ, ინსტრუმენტულ გამოკვლევებს მივმართავთ.
როგორ ხდება ურტიკარიის მკურნალობა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ურტიკარიის ნიშნები უმეტესად თავისით ქრება. ასეთ დროს მედიკამენტები პაციენტს არ სჭირდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ურტიკარიის მიმდინარეობა რთულდება, ვნიშნავთ სხვადასხვა ჯგუფის ანტიჰისტამინურ საშუალებას, რომლებიც ქავილს, შეშუპებასა თუ ალერგიული რეაქციის სხვა ჩივილებს ამცირებს. ზოგჯერ მკურნალობის პროცესში საჭირო ხდება გლუკოკორტიკოსტეროიდული მედიკამენტებისა და ბიოლოგიური წამლების ჩართვაც.
როგორ შეიძლება შევიმსუბუქოთ ჭინჭრის ციების ჩივილები სახლის პირობებში?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჭინჭრის ციების მკურნალობა სახლში მიზანშეწონილი არ არის, რადგან არსებობს მდგომარეობის გამწვავების რისკი. თუმცა შესაძლებელია ძლიერი ქავილისა და სხვა ჩივილების შემსუბუქება გრილი აბაზანის მიღებით ან გრილი საფენების გამოყენებით.
R