ლაჩინის დერეფანიც გადაკეტილია, ყარაბაღელი სომხები ორმაგ ბლოკადაში აღმოჩნდნენ...
აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, ჰაკარის საავტომობილო ხიდზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეიყვანეს ჯავშანტექნიკა და გახსნეს საკონტოლო-გამშვები პუნქტი, რითაც, ფაქტობრივად, ორმაგ საკომუნიკაციო ბლოკადაში მოაქციეს ყარაბაღის რეგიონში დარჩენილი სომეხი ეროვნების მოსახლეობა.
საქმე ის არის, რომ ხუთი თვის წინ, 2022 წლის დეკემბერში, აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა ლაჩინი-სტეპანაკერტის (ჰანკენდის) საავტომობილო გზა ქალაქ შუშასთან გადაკეტეს, ყარაბაღელი სომხების მიერ ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების პროცესის შეწყვეტის კატეგორიული მოთხოვნით, რაც, მათი აზრით, აზერბაიჯანის ეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებდა.
ამის შემდეგ სომხურმა მხარემ დაიწყო შემოვლითი გრუნტის გზებით ტვირთებისა და მგზავრების ტრანსპორტირება სომხეთის საზღვრიდან სტეპანაკერტამდე.
აზერბაიჯანელების სადაზვერვო დრონებმა მალევე აღმოაჩინეს ღამით შემოვლითი გზებით სტეპანაკერტისკენ მოძრავი სომხების სატვირთო ავტომობილები და მათ რამდენჯერმე ჩასაფრებაც მოუწყვეს, რაც ორმხრივი სისხლისმღვრელი შეტაკებებით დამთავრდა.
ოფიციალური ბაქო აცხადებდა, რომ ამ შემოვლითი გზებით სომხეთის არმია და სპეცსამსახურები ყარაბაღელ სომხებს იარაღითა და ცოცხალი ძალით ამარაგებდნენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ ერევანში...
და აი, 23 აპრილს აზერბაიჯანმა სათავეშივე გადაკეტა ლაჩინი-სტეპანაკერტის გზა, ჩააყენა რა ჯავშანტრანსპორტიორები აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე (რომელიც დღემდე არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული) მდებარე ჰაკარის საავტომობილო ხიდზე, იმ მოტივით, რომ შეეწყვიტა სომხეთის ტერიტორიიდან ყარაბაღელი სომხების შეიარაღების შესაძლებლობები.
რაც ძალზე საინტერესოა, ბაქოს ამ მოქმედებას თითქმის ერთნაირი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, როგორც კრემლში, ისე... თეთრ სახლში!
უკრაინაში ომის გამო ერთმანეთთან უაღრესად დაპირისპირებული რუსი და ამერიკელი პოლიტიკოსები ყარაბაღელი სომხების თემამ... გააერთიანა და მათ ბაქოს მოსთხოვეს ლაჩინი-სტეპანაკერტის გზის სასწრაფო დებლოკირება.
რუსული მხარე იშველიებს 2020 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტის სამხრივ ხელშეკრულებას და აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჩაყენებული მხოლოდ რუსული სამშვიდობო ძალები არიან პასუხისმგებელი ლაჩინი-სტეპანაკერტის საავტომობილო გზის უსაფრთხოებაზე და მათ მისიაში ჩარევა დაუშვებელია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით კი, „ღრმად შეშფოთებული“ არიან აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანზე საგუშაგოს შექმნის გამო და რომ ეს ქმედება რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მცდელობებს ძირს უთხრის.
თუკი კრემლის „შეშფოთებაში“ ღიად მოჩანს იმის შიში, რომ რუსი ე.წ. სამშვიდობო ძალები უფუნქციოდ არ დარჩნენ ყარაბაღში, რის შემდეგაც ბაქო მათ გაყვანას მოითხოვს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სომხური ლობის ძლიერი გავლენის ელემენტები გამოსჭვივის...
პრეზიდენტი ალიევი კი აგრძელებს მიზანდასახულ ქმედებებს და ცდილობს, ბოლომდე გამოიყენოს სასურველი სიტუაცია, როდესაც მთელი ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზეა გადატანილი, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოსპოს ყარაბაღის პრობლემა, იქ აზერბაიჯანის სახელმწიფო იურისდიქციის სრული აღდგენით...
ლაჩინი-სტეპანაკერტის (ჰანკენდის) საავტომობილო გზაზე სრული კონტროლის აღების შემდეგ აზერბაიჯანი ბოლომდე გააკონტროლებს სომეხი ეროვნების მოსახლეობის მოძრაობას სომხეთსა და ყარაბაღს შორის, რაც თითქმის სრულად გამორიცხავს ამ გზით სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და იარაღის შეტანას, ასევე, ბრძოლისუნარიანი სომეხი ახალგაზრდების ჩასვლას სტეპანაკერტში...
რჩება ერთი საშუალება, რომ სომხეთმა ფარულად მოახერხოს ყარაბაღელი სომხების მომარაგება შეიარაღებითა და პოტენციური მებრძოლებით, თუკი რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ თავიანთი ტენტგადახურული სატვირთო „კამაზებით“ დაიწყებენ სომხეთიდან სტეპანაკერტში შეიარაღებული სომეხი მებრძოლების ფარულად გადაყვანას - რუსი სამხედროები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უფლებას არ მისცემენ, შეამოწმონ რუსული სამხედრონომრიანი სატვირთო ავტომობილები.
მოკლედ, პრეზიდენტი ალიევი ცდილობს, დაჩქარებული ტემპებით „გაალღოს“ ყარაბაღის ის „გაყინული“ სიტუაცია, რაც 2020 წლის ბოლო ომის შედეგად დადგა - აზერბაიჯანის არმიამ კი გაიმარჯვა ამ ომში, მაგრამ ბაქომ ბოლომდე ვერ შეძლო დე ფაქტო ხელისუფლების აღდგენა სომხებით დასახლებულ სტეპანაკერტზე, რომელსაც აზერბაიჯანელები ჰანკენდად მოიხსენებენ და მანამდე არ გაჩერდებიან, სანამ ამ ქალაქში აზერბაიჯანული დროშა არ აფრიალდება...