თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალები: დანაშაულში ბრალდებულია ცნობილი პოლიტიკოსის ნათესავი, რომელიც გურამ ფალავანდიშვილის მანქანაში დააკავეს - "პირველად ვნახე ცხოვრებაში..."
22 აპრილს, გვიან ღამით თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა - მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, სადარბაზოში გაგრძელდა და მკვლელობით დასრულდა. დაკავებულია 48 წლის მამაკაცი - დიმიტრი თარხან-მოურავი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს. ასევე დააკავეს დანაშაულის თვითმხილველი მამაკაციც.
როგორც ირკვევა, 48 წლის დიმიტრი თარხან-მოურავმა ნაქირავებ ბინაში მისი 2 მეგობარი მიიყვანა და რამდენიმე საათში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა სასიკვდილოდ გაიმეტა 34 წლის მეგობარი ზვიად ეგრისელაშვილი, რომელსაც ჭრილობები დანით მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღიც ამოიღეს. დააკავეს თარხან-მოურავის მეორე მეგობარი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის არაფერი უცნობებია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა და აქვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ზ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ambebi.ge - მ მომხდარ ფაქტზე მეტი დეტალები მოიძია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიტიკოს დავით თარხან-მოურავის ძმაა.
სანდო წყარო გვიყვება:
"დიმიტრი თარხან-მოურავმა 22 აპრილს შინ ორი მეგობარი მამაკაცი აიყვანა დასალევად. შეზარხოშებული მამაკაცებიდან ერთ-ერთს (მოკლულს) ბინაში ნივთები მოსწონებია და ჩაბარება შეუთავაზებია, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პირველს დანა ეგრისელაშვილს უხმარია, თუმცა თარხან-მოურავმა დაასწრო და ის დანით დაჭრა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ თარხან-მოურავი წოდორეთში, წმინდა ბასილი დიდის მონასტერში ავიდა, იქედან კი ის გურამ ფალავანდიშვილს ჩამოუყვანია და სამართალდამცველებმა ძებნილი მისსავე ავტომანქანაში დააკავეს“.
ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად გურამ ფალავანდიშვილს დაუკავშირდა. გააგრძელეთ კითხვა