"მინდა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას - ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა ვთხოვო, ნუ მიიღებენ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს მიმართა, ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ.
„იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ყველამ ამომწურავი კომენტარი გააკეთეს და განმარტება მისცეს, როგორც გენეტიკური იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, მინისტრი შეხვდა თავად მათ და მისი მოადგილეც, ჯერ კიდევ რჩება კითხვები. სამწუხაროდ, ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ და პოლიტიკური კამპანია აწარმოონ. პირველ რიგში, მინდა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ.
მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ: ალბათ, გახსოვთ არცერთ პოლიტიკოსს არ გახსენებია, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი. საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა და არც არაფერი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და არც მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. ძალიან მარტივად შეიძლება იმის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია. ეს არის უზნეობა, ეს არის ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს“, - განაცხადა პრემიერმა.
IPN