"მივუახლოვდით სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს" - რა განაცხადა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე? - კვირის პალიტრა

"მივუახლოვდით სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს" - რა განაცხადა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე?

მსოფლიო, ისევე როგორც ცივი ომის წლებში, მიუახლოვდა სახიფათო და შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ისევ, როგორც ცივი ომის წლებში, მივუახლოვდით სახიფათო და, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო ზღვარს. სიტუაციას ამძიმებს მრავალმხრივობისადმი რწმენის დაკარგვა, როდესაც დასავლეთის ფინანსური და ეკონომიკური აგრესია ანადგურებს გლობალიზაციის სარგებელს. როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ტოვებენ დიპლომატიას და მოითხოვენ დაპირისპირებას „ბრძოლის ველზე". ეს ყველაფერი - გაეროს კედლებშია, რომელიც შეიქმნა ომის საშინელებების თავიდან ასაცილებლად. პასუხისმგებელი, საღად მოაზროვნე ძალების ხმები, მოწოდებები, რომ აჩვენონ პოლიტიკური სიბრძნე, დიალოგის კულტურის აღორძინება, ჩაძირულია მათ მიერ, ვინც აიღო კურსი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების შელახვის მიზნით“, - განაცხადა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ის გამოვიდა მოწოდებით, დაუბრუნდნენ საწყისებს - გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვას "მთელი მათი მრავალფეროვნებითა და ურთიერთკავშირებით“.

"ინტერპრესნიუსი"