"მინდა ყველა მესამე მხარეს ვუთხრა, აქ ნუ ჩაერევიან, აქ ყველა ერთ მხარეს უნდა დავდგეთ" - რას ამბობს ლადო კახაძე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე?
ჩემო ძვირფასებო, ჩემო სასწაულო ადამიანებო, თქვენ გმირები ხართ, ბრძოლის ფორმაზე კი არ ხართ გმირები, გმირები ხართ, რომ თქვენ შინაგან სამყაროს ურთულესი გამოწვევის პირობებში არ ნებდებით და აგერ მეცნიერებაც წამოგვეწია, - ამ სიტყვებით „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემიდან „360 გრადუსი“ მიმართა.
როგორც კახაძემ განმარტა, აღნიშნულ საქმეში მესამე მხარე არ არსებობს და ყველა ერთ მხარეს უნდა იყოს.
„ორი მხარე არსებობს, გენეტიკური აბერაცია და დაავადება, მეორე მხარე არის ამისგან დაზიანებული ბავშვი, ბავშვის ოჯახი. პრემიერმა რა უთხრა მათ? ჩვენც აქ ვდგავართ, თქვენთან ვდგავარო, მე ასე აღვიქვი ეს და ამას პირველად არ ვისმენ. ჩემო ლია, ჩემო ქეთი, ჩემო ძვირფასებო, ჩემო სასწაულო ადამიანებო, თქვენ გმირები ხართ, ბრძოლის ფორმაზე კი არ ხართ გმირები, გმირები ხართ, რომ თქვენ შინაგან სამყაროს ურთულესი გამოწვევის პირობებში არ ნებდებით და აგერ მეცნიერებაც წამოგვეწია. დედებს მივმართავ და ყველას მივმართავ. სახელებით ვიცნობ, მიმოწერაც მაქვს, პირადი ურთიერთობაც, თან პირველი ვიზირება მე მაქვს გაკეთებული, რომ სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს, რა დღეში ვიმყოფებით, როგორ ვართ. იცით რატომ ვიყურები მომავლისკენ იმედიანად? მესამე მხარე არ არსებობს, მე მინდა ყველა მესამე მხარეს ვუთხრა, აქ ნუ ჩაერევიან, აქ ყველა ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, დაავადების საწინააღმდეგო მხარეს... ჩვენს კომიტეტში მარტო მმართველი პარტია კი არ არის, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, ყველა ერთ მხარეს ვდგავართ...
მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვსჯი და უფლება არ მაქვს, ვინმე განვიკითხო, ეს ჩემი, როგორც ადამიანის ფიზიკური, მორალური განადგურება იქნება. მე ყოველთვის მშობლის მხარეს ვარ და ხავსმოჭიდებული იმედის მხარეს ვარ, მე ექიმი ვარ. 70 წელი გავატარე და არ მახსოვს, კონფლიქტით საქმე გადამეწყვიტოს, ან ძალით. ყოფილა ზოგჯერ, რომ გავრიდებივარ ველს, ჩემი აზრი მითქვამს, გავრიდებივარ და წაგებულს დამიტოვებია ველი, მაგრამ მერე მოსულან და უთქვამთ, შენ მართალი იყავიო და მიპატიებია.
თქვენ, ჩემო საყვარლებო, მე ვამბობ გუნდის სახელით, როგორც ასაკოვანი კაცი, რადგან შიგნით გუნდის განწყობა ვიცი დიდიან, პატარიანად, პრემიერის განწყობაც ვიცი - ერთი ჩვენს მხარეს გადახრილი სიტყვა იჭარბებს და იმ წუთას, წამლის შეძენა, წამლის ჩამოტანა მოხდება, ერთ-ერთი პირველი იქნება ეს ქვეყანა, - განაცხადა კახაძემ.
გადაცემაში „360 გრადუსი“ ასევე სტუმრად იმყოფებოდა ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი, რომელმაც განაცხადა:
"ვფიქრობ, წლის ბოლოს, ჩვენ ერთად აღვნიშნავთ, რომ ამ ხალხს [აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს] პრეპარატი ექნება და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება".
მან ისაუბრა მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ და განაცხადა, რომ თუ როგორ „აიტანს პაციენტი აღნიშნულ პრეპარატს“, ინდივიდუალურია.
ყურაშვილის თქმით, მედიკამენტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის.
„თავიდანვე ვიცოდი, რომ მთავრობას მზადყოფნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა გადაეხადა. მათგან არ მესმის სიტყვები, რომ არ ვიყიდით, არ მოგვწონს. ყველაფერს თავისი პროტოკოლი აქვს. 50 წელზე მეტია, ამ სიტუაციაში ვმუშაობ, წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დროს რომ ვმუშაობდით, ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები ამბობდნენ, "ინსულინი" გინდათ? დიაბეტის მოვლა გინდათო? ამდენი პრობლემა გვაქვს - ინფექციური დაავადებები, ონკოლოგია, კარდიოლოგია, რა დროს დიაბეტია, დიაბეტზე არ მოგცემთ ფულსო, რადგან ეს ფული სხვა ამბებზე გვინდაო. ეს ეპოქა გადავიტანეთ.
ეს გენეტიკური დეფექტია, ერთი წერტილია დაზიანებული, ამის შეცვლა ორი მექანიზმით ხდება - უნდა დაიბლოკოს ის მექანიზმი, რომელიც ხრტილს არ ზრდის, ამას თავისი ასაკი აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში ცოტა შეიძლება ვიჩქაროთ, ზოგიერთ შემთხვევაში - არა. ამ ნივთიერების დაბლოკვა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ძვალი გაიზარდოს, ეს გამოცდილება მიიღეს მეცნიერებმა, ჯერ განსაკუთრებული პრემია მათ არ მიუღიათ, მაგრამ შესაძლებელია, მიიღონ კიდეც, მაგრამ ასე იოლად ვერ მივცემთ პრეპარატს, გვერდითი მოვლენები არ აქვსო. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სერიოზული არ აქვს, მაგრამ შეიძლება ერთმა ინექციამ ტკივილი გამოიწვიოს, ეს მედიკამენტი ბარძაყის არეში და კუნთებში კეთდება, ამ ნივთიერებას შენახვა უნდა... ამ წამალს უნდა მენეჯმენტი, უნდა გაიწეროს ყველაფერი, რადგან ამ ინექციის შემდეგ, ბავშვს შეიძლება საშიში მდგომარეობა ჰქონდეს, მათ შორის, წნევის დაცემა და თავბრუსხვევა. ესენი ხომ სტაციონარში არ იმყოფებიან? ესენი ამბულატორიული პაციენტები არიან, იქნება ცხელი ხაზი, ე.წ. მწვრთნელები, ამ პერსონალის დატრენინგებაა საჭირო, დედის გარდა, დამხმარე უნდა იყოს, ვინც საქმის კურსში იქნება, სამინისტროშიც შეიძლება იყოს სპეციალისტი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ახსნის დეტალებს. ინექციის ადგილას შეიძლება ტკივილი იყოს, ან შემდეგ გაუჩნდეს მუცლის არეში ტკივილი - 11 ჩამონათვალია, ამ ნეგატიური სიმპტომებით არ დავაშინოთ მაყურებელი, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ამბები. ცენტრული ნერვული სისტემა ბოლომდე შესწავლილი არაა, შეიძლება ორგანოების ასიმეტრიულად განვითარება მოხდეს, ეს პრეპარატი ავადმყოფს 20 სმ-ს აძლევს, შეიძლება, მეტსაც, გარკვეული დროის განმავლობაში, მერე აღარ მოქმედებს. რენტგენით დაადგენენ ძვალს აქვს თუ არა გაზრდის უნარი და მერე აძლევენ მას, თავის ქალასაც ხედავენ, შეხორცებულია თუ არა, რომ მოასწრონ. აქ წინააღმდეგობას, ისეთს, რომ გადაულახავი იყოს, ვერ ვხედავ, დაპირება არის - მინისტრის დაპირებაა, პრემიერ-მინისტრის გვინდაო, პრემიერ-მინისტრის დაპირებაც არის, სამინისტროც პროტოკოლებს ადგენს... ვფიქრობ, წლის ბოლოს, ჩვენ ერთად აღვნიშნავთ, რომ ამ ხალხს პრეპარატი ექნება და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება.
ინდივიდუალურია, თუ როგორ აიტანს პაციენტი ამ პრეპარატს. თითოეულ წამალზე პასუხისმგებლობა ვის აქვს? ვინც ამ წამალს აძლევს და არა იმას, ვინც ყიდულობს. მშობლები ხომ ვერ გაუკეთებენ ამ პრეპარატს? თუ პროტოკოლი არ არსებობს, ექიმები პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, როგორც კი გართულდება, მშობელი ვისზე გაბრაზდება? ვიღაც ბიუროკრატზე კი არა, რომელიც სამინისტროშია, გაბრაზდება ექიმზე, ვინც ეს წამალი მისცა, ექიმი დაისჯება და ექიმი დაუცველი იქნება.
ყველას ზომიერებისკენ მოვუწოდებ, ნერვებს ნუ მოიშლიან ზედმეტად, ვიღაცებს ნუ აჰყვებიან, ვისაც ამასთან დაკავშირებით გული არ სტკივა. საბოლოო ჯამში, მაინც ექიმი წყვეტს ამ საკითხს, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს“, - განაცხადა ყურაშვილმა.
IPN