"სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. სიმთვრალეში სექსუალურადაც ძალადობდა... როცა მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაიძულებდა, სასმელი დამელია" - კვირის პალიტრა

"სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. სიმთვრალეში სექსუალურადაც ძალადობდა... როცა მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაიძულებდა, სასმელი დამელია"

საქართველოში ოჯახში ძალადობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება. მართალია, არაერთი მამაკაცია ციხეში გამომწყვდეული, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ისევ არიან მსხვერპლი ქალები, რომლებიც მოძალადესთან ცხოვრებას კვლავაც აგრძელებენ.

ჩემი რესპონდენტი - მაკა ნ. 3 შვილის დედაა, მან მოძალადე ქმართან 10 წელი გაუსაძლის მდგომარეობაში იცხოვრა, შემდეგ მას თავი დააღწია. დღეს ამბობს, რომ ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაედგა, რადგან მიყენებული სტრესების გამო, მის უფროს გოგონას დღემდე აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ამ დრომდე მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

მაკა ამბობს, რომ 10 წელი საშინელ ჯოჯოხეთში იცხოვრა, რა გზა გამოიარა ახალგაზრდა ქალმა, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაკა:

- დევნილები ვართ, პატარა ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. ამიტომ იქაურობა ბუნდოვნად მახსოვს. თბილისში ვცხოვრობდი ეს წლები. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. მამა რუსეთში წავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ, იქ შექმნა ოჯახი და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. მე და ჩემი და დედასთან და ბებოსთან ერთად ვცხოვრობდით. იყო პერიოდები, როცა ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, ძლივს გაგვქონდა თავი. დედა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, სახლში გვიან, დაღლილი ბრუნდებოდა. ჩვენ ძირითადად, ბებოსთან ვიყავით.

კარგად ვსწავლობდი, მინდოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა და ოჯახი ყველანაირად გვერდში მედგა. პედაგოგიურზე ჩავაბარე და პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. ისიც სტუდენტი იყო, 5 თვეში ცოლად გავყევი.

პატარა ასაკში ბევრ რამეს არ აქცევ ყურადღებას. სიყვარულს მიმტკიცებდა და მეგონა, ვუყვარდი. თავიდან ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. რამდენიმე თვე დედამთილთან და მის და-ძმებთან ერთად ვცხოვრობდით, ჩემს ქმარს 3 და-ძმა ჰყავს, რადგან სახლში სივიწროვე იყო, ჩემებმა ცოტა თანხა მომიგროვეს და ბინა დავიგირავეთ. რამდენიმე წელი დაგირავებულ ბინაში ვიყავით.

მძიმე ხასიათი მან მოგვიანებით გამოაჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო გადავედით. მერე დაიწყო კონფლიქტები, ძირითადად, ეჭვიანობდა. ვცდილობდი, მისთვის ეჭვიანობის საბაბი არ მიმეცა. თავიდან ურთიერთობა გაუსაძლისი არ იყო, ამიტომ დედასაც არაფერს ვეუბნებოდი. როდემდე უნდა იყოთ ნაქირავებშიო და დედაჩემმა ბანკიდან კრედიტი აიღო, ბინის გირაოს თანხას დავამატეთ ეს ფული და 2-ოთახიანი ბინა ვიყიდეთ. მესამე შვილზე ვიყავი ამ დროს ფეხმძიმედ.

ნელ-ნელა კონფლიქტებმა იმატა, სერიოზული პრობლემები შემექმნა მას შემდეგ, რაც სისტემატურად დალევა დაიწყო. სვამდა, მარიხუანას მოიხმარდა და ვხედავდი, პრობლემა ყოველ დღე მემატებოდა. მოითხოვდა, მეც მუშაობა დამეწყო. სწავლა შუა გზაზე მივატოვე და სად უნდა მემუშავა? იძულებული გავხდი, საცხობში დამეწყო მუშაობა. რა პრეტენზიებიც მას ჰქონდა, ყველაფრის შესრულებას ვცდილობდი, მინდოდა, ასე ამერიდებინა კონფლიქტები, მაგრამ შევცდი.

- თვითონ მუშაობდა?

- იშვიათად. ჩემები ძალიან მეხმარებოდნენ, თვითონ სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. სიმთვრალეში სექსუალურადაც ძალადობდა, მაგრამ მე ვცდილობდი, ეს ყველაფერი არ გამეხმაურებინა. ის ქმარია და ყველაფერი უნდა მომეთმინა, ასეთი დამოკიდებულება მქონდა.

როცა მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაიძულებდა, სასმელი დამელია... დედაჩემი ხვდებოდა, რომ არ ვიყავი ბედნიერი, სულ მეკითხებოდა, - რამე ხომ არ გიჭირსო? მაგრამ ვუმალავდი, არ ვეუბნებოდი. ისედაც მძიმე რეჟიმი ჰქონდა და არ მინდოდა ენერვიულა. ბევრჯერ ხელითაც შემხებია მთვრალი, ამას ძალიან განიცდიდა ჩემი უფროსი შვილი და სულ ტიროდა.

მერე ბავშვის მიმართაც გაუჩნდა აგრესია, მასზე ძალადობა დაიწყო, ბავშვი რომ ტიროდა, თვითონ უყვიროდა, ხელითაც ეხებოდა, ემუქრებოდა, ეს უკვე ვეღარ მოვითმინე და ერთ დღეს გამწარებულმა დედაჩემს დავურეკე. მას ყველაფერი მოვუყევი. დედამ სახლში წაგვიყვანა მე და ჩემი შვილები.

რამდენიმე დღეში მოვიდა შესარიგებლად, მაშინ დამპირდა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. სასმელს აღარ დავლევო, სამსახურიც ვიშოვე და ვიმუშავებო. მეც გულუბრყვილოდ დავუჯერე და ისევ დავბრუნდი ჩვენს ბინაში.

ღვინო რომ არ დაელია, ნემსიც გავუკეთე, თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და ალკოჰოლს მართლა ვეღარ სვამდა ერთი წელი. მუშაობდა, სახლში ფულიც მოჰქონდა და კარგად იქცეოდა, მეგონა, გამოსწორდა და მიხაროდა.

ერთ დღეს მითხრა, მიწა იყიდება, პატარა სახლია ჩადგმული და ჯობია ის ვიყიდოთ, აქ ვიწროდ ვართო, მეც დავეთანხმე. ჩემების ნაყიდი 2-ოთახიანი ბინა გავყიდეთ და ავჭალაში პატარა ეზოიანი სახლი ვიყიდეთ. ეს სახლი თავის სახელზე გაიფორმა. მაშინ არც ეს გამიპროტესტებია, მეგონა გამოსწორდა, მიხვდა თავის შეცდომებს და ნორმალურად ვიცხოვრებდით, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი. როგორც კი იმ ნემსს გაუვიდა ვადა, ისევ დაიწყო დალევა და ჩემი წამება... ისე მექცეოდა, თვითმკვლელობამდე მივყავდი... მემუქრებოდა, მოგკლავ, თუ გაახმაურებ ამ ამბებსო. მეშინოდა მისი და შიშით ხმასაც ვეღარ ვიღებდი.

ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მნახა საშინელ მდგომარეობაში, ნამტირალევი, დასივებული სახით და რომ არ მომეშვა, მას ვუამბე ყველაფერი. მეორე დღეს ფსიქოლოგთან წამიყვანა. ფსიქოლოგს რომ ვუამბე რა მდგომარეობაშიც ვიყავი, მან თვითონ გამოიძახა პოლიცია, ამ დროს მათი მხარდაჭერა ვიგრძენი. მაშინ მივხვდი, რომ გაჩუმებას უკვე აღარ ვაპირებდი და ის 10 წელი რა ტანჯვაც გამოვიარე, მათ დეტალურად მოვუყევი.

ბავშვებთან ერთად თავშესაფარში გადამიყვანეს, რადგან დედასთან დაბრუნება არ მინდოდა. მეშინოდა იმის, რომ იქ მოგვძებნიდა და ჩვენზე შურს იძიებდა.

ეს ამბავი წლების წინ მოხდა და მაშინ ასე ადვილად არ აკავებდნენ მოძალადეებს, მაშინ მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

- რატომ იყო ასეთი აგრესიული თქვენ მიმართ?

- ძალიან ეჭვიანია. უმამოდ გაიზარდა, დედამისი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა და ეტყობა ამიტომ გაუჩნდა ქალის მიმართ ასეთი აგრესია. ყველაფერზე შეეძლო ეეჭვიანა...

მე და ჩემი შვილები თავშესაფარში რამდენიმე თვე ვიყავით. ამ პერიოდში მან ჩემების ფულით ნაყიდი სახლი საჩქაროდ დედამისის სახელზე გადააფორმა, დედამისმა კი სასწრაფოდ გაყიდა. ეს ამბავი გვიან გავიგე, საჩივარი შევიტანე, მაგრამ ვერ შევძელი ქონების დაბრუნება. ვერც იმის დამტკიცება, რომ ეს ქონება დედაჩემის მოცემული ფულით იყო ნაყიდი. თან ამბობდნენ, კეთილსინდისიერი მყიდველის ხელშია უკვე ქონებაო და ასე დავკარგე კუთვნილი ქონებაც.

თავშესაფარში ყოფნის დროს არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაფინანსა სწავლა და სტილისტობა შევისწავლე, მუშაობაც დავიწყე და მერე ჩემებთან დავბრუნდი. ბავშვების აღზრდაში დედაჩემი და ბებო მეხმარებოდნენ. ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ როგორც დევნილებს, ბინა მიგვეღო. დევნილთა სამინისტროში დავდიოდი, რომ ფართი მოეცათ ჩემთვის, მაგრამ უარს ვიღებდი. გავიგე, რომ ერთ ადგილას დევნილები შეჭრას აპირებდნენ და მეც მათთან ერთად შევედი იქ ჩემი შვილებით. ცარიელი ოთახი იყო, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, საკუთარი თავშესაფარი მქონოდა.

ამ წლების განმავლობაში ოთახები ნელ-ნელა გავარემონტე, ბავშვებს პირობები შევუქმენი. თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ ჩემს შვილებს არაფერი მოვაკლო. სტილისტის ხელფასი ბევრი არ იყო, ამიტომ დროს რომ გამოვნახავდი, დამლაგებლადაც ვმუშაობდი. სახლში პირობები მოვაწყვე ჩემი შვილებისთვის და რაც მთავარია, მე და ჩემი შვილები სიმშვიდეში ვართ. სოციალურად დაუცველის დახმარებაც გვაქვს და გაგვაქვს თავი.

ახლა ბავშვები უკვე წამოიზარდნენ, ძალიან კარგი შვილები მყავს და მათი წარმატებებით ვხარობ.

- მამა შვილებს ნახულობს?

- არა და არც ბავშვებს აქვთ სურვილი ასეთი მამის ნახვის. მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით მივმართე სასამართლოს და მას მამობა ჩამოერთვა. შვილებზე ძალადობას მას ვერასოდეს ვაპატიებ. უფროს გოგონას დღემდე აქვს შიშები, ფსიქოლოგთანაც დამყავდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოვიდა ამ სტრესიდან. საშინელი სტრესის ქვეშ იყვნენ. ბავშვები შიშისგან ძილშიც ტიროდნენ.

ჩემს შვილებს დღეს მამის გვარიც აღარ აქვთ, ისინი ჩემს გვარზე გადმოვიდნენ.

ახლა ბევრი რამე ვიცი ჩემს უფლებებზე, ამდენი მაშინ რომ მცოდნოდა, მასთან არ გავჩერდებოდი და უფრო ადრე წამოვიდოდი იქიდან.

ამ წლებმა ჯანმრთელობა შემირყია, ეს აისახა ჩემს ჯანმრთელობაზე და ამ დრომდე მედიკამენტებს ვიღებ, მაგრამ რაც მთავარია, სიმშვიდე გვაქვს სახლში, ჩემი შვილები კარგად სწავლობენ, მახარებენ თავიანთი წარმატებებით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვინც დღეს ჩემს დღეშია, მათ ვუთხრა, - არ გაჩუმდეთ!

არ გაჩერდეთ მოძალადესთან!

დღეს ძალიან ბევრი სერვისია სახელმწიფოში და ამით ისარგებლეთ. თავი დააღწიეთ მოძალადეს.

ნუ მოითმენთ ამ წამებას, ნუ შეგეშინდებათ დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების, თქვენ ამას შეძლებთ.

ვერ ვიტყვი, რაც გამოვიარე, ეს ადვილი იყო-მეთქი, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მე ეს შევძელი!

დარწმუნებული ვარ, ვინც მოინდომებს, ყველა შეძლებს და ეს ნაბიჯი ყველამ უნდა გადადგას, რადგან მოძალადესთან ცხოვრებით და მუდმივი ჩხუბით ჩვენი შვილები ზარალდებიან ყველაზე მეტად. მთავარია, მათ არ დავუმახინჯოთ ცხოვრება და ფსიქიკა.

დღეს კიდევ უფრო მეტი სერვისი აქვს სახელმწიფოს, ვიდრე მაშინ, როცა მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ყველა ქალს ვურჩევ, ხმა აიმაღლოს!

(სპეციალურად საიტისთვის)