"ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, იაპონიაში ორივე თანაბრად უხარიათ. ჩვენთვის უთქვამთ, კარგია, პირველი გოგო რომ გეყოლებათო" - რას ჰყვება იაპონიაში მცხოვრები ქართველი?
"აქ უკარგესი ექიმები და ექთნები არიან, კერძო კლინიკაა, კიოტოში ყველაზე ცნობილი, არა მხოლოდ სამშობიაროდ, ისედაც, სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად თუ კონსულტაციისთვის. ვიზიტი რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაჯავშნო, თანაც - მხოლოდ ონლაინ" - "ქართველი კიოტოელი", ინფლუენსერი მარიამ ინაბა დიდი ხანია, იაპონიაში ცხოვრობს და იაპონელ კოსუკე ინაბაზეა დაქორწინებული. წყვილი ამჯერად პირველ შვილს ელოდება და მარიამი იაპონიის კლინიკების, ტრადიციების, მათი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების შესახებ გვიამბობს...
- მარიამ, ქალთა უფლებების დაცვაზე აქტიურად საუბრობთ ხოლმე, იაპონიაში რა ხდება ამ მხრივ, რამდენად უფრთხილდებიან, მაგალითად, ორსულ ქალებს?
- ამას წინათ, სტატიას გადავაწყდი, იაპონელ ქალებს დღემდე კაცებზე ბევრად ნაკლები ხელფასი აქვთო. წინა წელს მთელი 45%-ით ნაკლები ყოფილა, კაცების ხელფასთან შედარებით. ხელფასი იქით იყოს და, ზოგადად, ქალების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქაცაა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში. მაგ: თუ უკვე დაქორწინებული მუშაობას იწყებ, გასაუბრებისას გეკითხებიან, როდის გეგმავ შვილის ყოლას ან მივლინებაში რომ გაგიშვან, ქმარი რას იტყვის, წინააღმდეგი ხომ არ იქნება? კიდევ მკითხეს, ყოველდღე ვახშამს რომ ვეღარ გააკეთებ სახლში, ქმარი არ გაბრაზდებაო?
ისე მოხდა, რომ ნოემბერში, როცა ხელმეორე გასაუბრება მქონდა ჩემს ამჟამინდელ უფროსთან, პირველი ის ვუთხარი, ბავშვს ველოდები-მეთქი, მაშინ ჯერ 1 თვის ორსული ვიყავი. იცით, რა მიპასუხა? - 2022 წელია, რა პრობლემაა ორსულობა, ავად ხომ არ ხარო?.. ჩემი უფროსი იაპონელი არ არის, ჰონგკონგიდანაა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი იაპონური კომპანია არ ამიყვანდა სამსახურში ორსულს, რადგანაც: "ბავშვი რომ გეყოლება, ყოველ წამს გაცდენა მოგიწევს", "ისეთი პროდუქტიული ვერ იქნები, რადგან უძილო იქნები და დაღლილი" და ა.შ.
თუ ისე მოხდა, რომ ორსულობამდე მუშაობ კომპანიაში, დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ, შესაძლებელია, პოზიციიდან ჩამოგაქვეითონ და სრულიად უინტერესო და წინა საქმისგან განსხვავებული რამ დაგავალონ, მაგალითად, მხოლოდ საბუთებში ქექვა. სერიოზულად აღარ გიყურებენ, როცა ბავშვი გყავს. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ოფისში შეიძლება მხოლოდ 1-2 ქალი მუშაობდეს და დანარჩენი სულ კაცი იყოს. გენდერული ბალანსი საკმაოდ დარღვეულია, სწორედ ამიტომ, წინა სამსახურის მორიგ გასაუბრებაზე (ყოველ წელს მქონდა) რომ მკითხეს, რას შეცვლიდიო, უფრო მეტ ქალ თანამშრომელს დავამატებდი-მეთქი, ვუთხარი და მართლაც, იმ წელს 2-3 ახალი ქალი თანამშრომელი აიყვანეს.
- იაპონური კლინიკები რით განსხვავდებიან საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისგან?
- საქართველოს ბევრ კლინიკაში არ ვარ ნამყოფი, შესაბამისად, არ ვიცი, რა სიტუაციაა. თუ ქალთა კლინიკებს გულისხმობთ, იაპონიაშიც მხოლოდ ერთგან დავდივარ წლებია და მხოლოდ ამ კლინიკის გამოცდილება მაქვს.
უკარგესი ექიმები და ექთნები არიან. კერძო კლინიკაა და კიოტოში ყველაზე ცნობილი. არა მხოლოდ სამშობიაროდ, ისედაც, სხვადასხვა ანალიზის გასაკეთებლად თუ კონსულტაციისთვის, ვიზიტი რამდენიმე კვირით ადრე უნდა დაჯავშნო, თანაც - მხოლოდ ონლაინ.
აქაური კლინიკები ქართული კლინიკებისგან იმით განსხვავდება, რომ ექიმის პირად მონაცემებთან წვდომა არ გაქვს. თუ რაიმე გაწუხებს, რეკავ კლინიკაში, ეუბნები ვინ ხარ და რა გაწუხებს, მიმღები გადასცემს ექიმს (იმ მომენტში ვისი მორიგეობაცაა) და პირადად ექიმი გაგესაუბრება ან ექთანი და გეტყვის, რა ქნა.
რაკიღა ონლაინ ვჯავშნი, ხშირად ერთი და იგივე ექიმი არ ემთხვევა იმ დღეს, როცა მე ვაპირებ ვიზიტს, ამიტომ ზოგჯერ დისკომფორტია ხოლმე, მაგრამ სანამ ექიმთან შევალ ოთახში, ის წინასწარ ეცნობა ჩემს მონაცემებს კომპიუტერულ სისტემაში და ისე მიღებს. დანიშნულებასაც მაძლევს და შემდეგი ვიზიტისთვის ჩანიშვნებსაც იქვე, სისტემაში აკეთებს, სხვა ექიმთან რომ მომიწიოს ვიზიტი.
მოკლედ, აქ ისე არ არის, მაგალითად, ბატონი ზაზა თელიას ნომერი მთელ საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, რომ აქვს და 24/7-ზე ხაზზე თუ არაა, სწყინთ და იბუტებიან.
- კვება რამდენად განსხვავებულია ამ დროს?
- მშობიარობის შემდეგ 3-ჯერადი კვებაა ხოლმე, საათობრივად. კლინიკას გააჩნია, იმის მიხედვითაა მენიუც. ზოგადად, როგორც ვიცი, მშობიარობის შემდგომი პირველი კვება ყველაზე განსაკუთრებულია და ლამაზი მისალოცი დეკორაციებითაა გაფორმებული.
არაფრის ჭამას არ გიკრძალავენ, არც ორსულობის განმავლობაში (მხოლოდ უმი და ალკოჰოლი) და არც მშობიარობის შემდეგ.
- ოჯახი, მეუღლე რამდენად ჩართულია, რომ ბავშვი და დედა თავს კარგად გრძნობდნენ?
- ჩვენთან ადრე ხომ იყო წესი (ახლა არ ვიცი, როგორაა), რომ დედა და ჩვილი 40 დღე მშობლების სახლში იმყოფებოდა, აქაც, მთლად 40 დღე არა, მაგრამ მინიმუმ ერთი თვე მაინც არიან ხოლმე მშობლების სახლში და იქ "აპრინცესებენ" ახალბედა დედას...
დეკრეტულ შვებულებაში გასვლა მამაკაცებსაც შეუძლიათ, რამდენიმე თვით და თუ მეუღლე მარტოა ან ვერ მიდის მშობლებთან, პატარას მოვლაში მამაც ერთვება. თუმცა უმეტესად ქალის კისერზე გადადის ყველაფერი, თან უდიდესი პროცენტი სამსახურს თავს ანებებს, რადგან ხელშეწყობა არ აქვთ. ძიძების კულტურა აქ არ არის და ბაგა-ბაღშიც ვერ მიჰყავთ მთლად ჩვილები. ისე კი ყველა ასაკის ბავშვს იღებენ, ოღონდ ორივე მშობელი აუცილებლად უნდა მუშაობდეს. სამსახურიდან დამადასტურებელი საბუთის წარდგენაა საჭირო.
- სოციალურ ქსელში წერდით, რომ საორსულო, ლამაზი ტანსაცმელი არ იშოვება...
ბავშვის დაბადების მერე რა სახის დეკრეტული შვებულებები და პრივილეგიებია?
- საორსულო ტანსაცმლის ძებნაში გავლიე 8 თვე... და აქაური აპლიკაციის მეშვეობით შევიძინე მხოლოდ რამდენიმე შარვალი და დანარჩენი, ოდნავ ფართხუნა კაბა, ჩვეულებრივ მაღაზიებში, მშობიარობის მერეც რომ ჩავიცვა. ძალიან გამიკვირდა, დიდი არჩევანი რომ არ იყო მაღაზიებში. რაც იყიდება, ისეთი შეუხედავი და უფორმოა, სულ არ ჩაიცვა, ჯობს.
ორსულებს არ გვინდა ლამაზად ჩაცმა?!
მაგალითად, მე სულ ფერად-ფერადი ტანსაცმელი მაქვს და ზამთარში მიჭირდა, შარვლები რომ არ მეტეოდა და ვერ ვშოულობდი.
ასე თუ ისე, რაღაცნაირად მოვედი ფინიშამდე...
დეკრეტს რაც შეეხება, ასე კონკრეტული წესები და კანონები არ არისო, როგორც მითხრეს. ყველა კომპანიას თავისი წესი აქვს. მეც საშუალო გამოვიყვანე, სხვადასხვა წესისგან და ისე შევიტანე ჩემს კონტრაქტში.
წესით, მშობიარობამდე 6 კვირით ადრე შეგიძლია დეკრეტში გახვიდე და მშობიარობის შემდეგ - 8 კვირა. რომ არავინ გაწუხებს, ისეთი დეკრეტია. ზოგი 6 თვეს იღებს და ხელფასის გარკვეული პროცენტი ეკუთვნის, 6 თვის შემდეგ 1-წლამდე უკვე უხელფასოა. მე, რაკიღა, ფაქტობრივად, დისტანციურად ვმუშაობ, 1 თვე საერთოდ არ შეგაწუხებთო, უფროსმა... უბრალოდ, მეილებში ჩაგსვამთ, რომ თავი მარტო და გარიყულად არ იგრძნოო. თუ მოგინდება, ონლაინ შეხვედრებსაც დაესწარი, შენთვის ჩუმად იჯექიო. ძალიან გამიმართლა უფროსსა და მთლიან გუნდში. მხოლოდ ჩემ გამო ჩამოჰყავს ჩინეთიდან და ჰონკონგიდან რიგ-რიგობით 3 თანამშრომელი, ჩემი საქმე რომ გადაიბარონ და ჩემ მაგივრად იარონ შეხვედრებზე.
- ბავშვის სქესის გაგების შემდეგ მანდაც არის ზეიმი?
- სქესის გაგებისას ზეიმი დიდად არ იციან აქ. ბოლო დროს დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ისეთი პოპულარული, როგორც სხვა ქვეყნებში.
- იაპონიაში ბიჭი უფრო უხარიათ თუ გოგო?
- ბავშვის სქესს არ აქვს მნიშვნელობა, ორივე თანაბრად უხარიათ. უბრალოდ, გოგოც და ბიჭიც უნდათ რომ ჰყავდეთ, ამიტომ მინიმუმ ორ შვილს აუცილებლად აჩენენ. ისე, ჩვენთვის უთქვამთ, კარგია, პირველი გოგო რომ გეყოლებათ, უფრო მარტივი გასაზრდელიაო.
კლინიკაში მომცეს სპეციალური ჟურნალივით წიგნი, სადაც დეტალურადაა ახსნილი ორსულობის ყველა ეტაპი, სასარგებლო საკვები, მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ასევე, წერია სია, რა უნდა წავიღო სამშობიაროში, როგორ უნდა მოვიქცე, როცა სამშობიარო ტკივილები დამეწყება...
ორსულობის მეათე კვირას უბნის მერიაში/იუსტიციის სახლში მიდიხარ და იქ სპეციალურ სამაგრს გაძლევენ, რომელსაც ჩანთაზე იმაგრებ და ამით გარშემო მყოფები ხვდებიან, რომ ორსულად ხარ და წესით, ტრანსპორტში სპეციალურად გამოყოფილი ადგილები უნდა დაგითმონ, თუმცა იშვიათად მითმობენ ხოლმე...
ასევე, მომცეს სპეციალური წიგნაკები, რომლებსაც კლინიკაში ვიყენებ. ერთში მონაცემებს წერენ ყველა ვიზიტზე და მეორეში კუპონებია და გეგმური ანალიზების დროს იყენებენ, რაც უფასოდ მეკუთვნის. ისე კი, საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა, რომელიც სავალდებულოა, იაპონიაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, სამედიცინო მომსახურებებს 70%-ით აფინანსებს.
(სპეციალურად საიტისთვის)