"მხოლოდ ნატო იცავს ქვეყნებს ტირანებისაგან: საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გახდნენ" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ნატო იცავს ქვეყნებს ტირანებისაგან: საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გახდნენ"

გერმანული გაზეთი "ტაგესპოსტი" (Die Tagespost) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "მხოლოდ ნატო იცავს ქვეყნებს ტირანებისაგან: საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გახდნენ" (ავტორი - სტეფან ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"დიპლომატები დიპლომატიურად უნდა მოქმედებდნენ. კერძოდ, მათი უმაღლესი პერსონალი ანუ ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციებში და იმ სახელმწიფოებში, სადაც ისინი იმყოფებიან, თავიანთი ქვეყნის მთავრობების პოზიციას უნდა წარმოადგენდნენ და არა საკუთარ, კერძო პოზიციას. ეს დებულება ყველასათვის ერთია და განსაკუთრებით ისეთი, იერარქიულად მკაცრი სტრუქტურის მქონე დიქტატორული ქვეყნისათვის, როგორიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, სადაც პოლიტიკური საკითხების მიმართ ორიგინალური პირადი აზრის გამოხატვა პრინციპულად დაუშვებელია.

ამიტომაც, როცა ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შეამ ეჭვქვეშ დააყენა ყველა იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის ნაწილებს წარმოადგენდნენ - არა მარტო უკრაინის, არამედ სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საკითხიც, ყველამ სამართლიანი აღშფოთება გამოხატა. განსაკუთრებით ბალტიისპირა სამმა სახელმწიფომ, რომლებიც საკუთარი ნების წინააღმდეგ მრავალი ათწლეულის განმავლობაში შედიოდნენ კომუნისტური სსრკ-ის შემადგენლობაში და რომლებმაც საბჭოურ პერიოდში კრემლის მხრიდან მრავალი მკაცრი რეპრესია და რუსიფიკაციის მცდელობა გადაიტანეს.

ჰიტლერ-სტალინის პაქტის გახსენება

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დამოუკიდებლობა 1939 წელს დაკარგეს, ორი ტირანის - იოსებ სტალინისა და ადოლფ ჰიტლერის გარიგების შედეგად. მათ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიები ერთმანეთში გაიყვეს. ვინ უნდა დაიცვას ისინი დღეს, როცა ორი ტირანი - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მოლაპარაკებას აწარმოებენ, ბალტიისპირელების [და აღმოსავლეთევროპელების] მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად?

ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი ასეთია: ნატომ. შესაძლოა ეს არ მოსწონს ზოგიერთს, მაგრამ ისეთ საერთაშორისო სიტუაციაში, როცა ორი ბირთვული სახელმწიფო საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს, ნატო იმ ერთადერთ ძალად ითვლება, რომელსაც პატარა და სუსტი სახელმწიფოების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეუძლია. მართალია, თეორიულად სამხედრო დახმარების გაწევის უფლება ევროკავშირსაც აქვს (რომლის წევრი ბალტიისპირეთის სამი ქვეყანაა), მაგრამ ნატოსაგან განსხვავებით, ევროკავშირს ამ ფუნქციის შესასრულებლად სპეციალური რესურსები გათვალისწინებული არ აქვს და არც შესაბამისი სტრატეგია გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

კიევს და თბილისს ნატოს წევრობის უფლება აქვთ

და რადგანაც ევროკავშირი ვერ შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას, რჩება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც შეუძლია პატარა ქვეყნების თავისუფლების ეფექტიანად დაცვა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ორმხრივი სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებითაც, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით უკრაინის მაგალითზე, თუ როგორ ასრულებს ვლადიმერ პუტინი მსგავსი ხელშეკრულებების პირობებს ანუ მსგავსი დოკუმენტები საკმარისი დონის დაცვას ვერ უზრუნველყოფს

ამიტომაც ნატომ დაკარგული დრო უნდა აინაზღაუროს, შეცდომები უნდა გამოასწოროს, რასაც ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა: ალიანსმა თავის რიგებში საქართველო და უკრაინა უნდა მიიღოს, კიევს და თბილისს ნატოში გაწევრების ნება უნდა დართოს. ადრე ალიანსი ამ ორი სახელმწიფოს წევრად მიღებაზე თავს იკავებდა - თითქოსდა, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ნატოს ასეთ მიდგომას კრემლი თავის სასარგებლოდ იყენებდა და მეზობლებს თავს ესხმოდა. მოკლედ, ნატომ შეცდომა სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ