30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას... - კვირის პალიტრა

30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას...

უკრაინის არმიის ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე მოსალოდნელი გადასვლის შესახებ უკვე მეორე თვეა, ლაპარაკი არ წყდება, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჯერჯერობით ისევ ბახმუტში და უგლედართან თუ მიმდინარეობს და იქაც უკრაინელები ძირითადად მხოლოდ თავს იცავენ...

რა აფერხებს უკრაინის არმიას ისეთივე წარმატებული შეტევების დასაწყებად, რამაც მათ გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვისა და ხერსონის ოკუპირებული რაიონების სწრაფად გათავისუფლების საშუალება მისცა?

ფრონტის ხაზზე, სადაც თვეობით პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა და რუს ოკუპანტებს საკმაო დრო ჰქონდათ თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების აღსამართავად, ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყება უკრაინელებისთვის ძალიან რთული იქნება და სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად უნდა დაიწყოს, რომ მოწინააღმდეგემ თავიდანვე ვერ გამოიცნოს მთავარი შეტევის მიმართულება.

ამისთვის კი საჭიროა, უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის ჯგუფების აქტიური მოქმედებები, რისთვისაც მათ სამანევრო სივრცე სჭირდებათ ანუ მარტო ასფალტირებული გზატკეცილების გაყოლებით წარმატებულ შეტევას ვერ განახორციელებენ, საჭიროა ამ ჯავშანჯგუფების გაშლა ღია სივრცეში, მინდვრებში, რომ მოწინააღმდეგის არტილერიისა და ავიაციისთვის ერთად შეჯგუფულ და ადვილად დასაზიანებელ სამიზნედ არ იქცნენ.

2-talaxi-1682411453.jpg
ტანკებზე ამბობენ, ტალახის არ ეშინიათო, მაგრამ მთლად ასეც არ არის...

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში არავინ უჩივის მინდვრებისა და სტეპების სიმცირეს, მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ ნიადაგის მდგომარეობაა - წვიმების სეზონის შემდეგ თუ რამდენად გამომშრალია ნიადაგი, რომ მან გაუძლოს 41-ტონიან უკრაინულ „ტ-64“-ებს და მით უმეტეს - 60-ტონიან გერმანულ ლეოპარდ"-ებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბორბლებიან ჯავშანტექნიკაზე, რომლის გამავლობა ბევრად ჩამოუვარდება მუხლუხებიანი ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გამავლობას ტალახში.

სხვადასხვა სხეულის ან კუთრი წნევის გრუნტზე დაწოლას კგ/კვადრატულ სანტიმეტრზე მონაცემებით ზომავენ (სხეულის წონა იყოფა იმ ფართობზე, რითაც ის გრუნტს აწვება) და თუკი თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკებისთვის ის 0,85-0,91 კგ/კვ.სმ-ის დიაპაზონში მერყეობს, ბორბლებიანი ჯავშანმანქანებისთვის 4 კგ/კვ.სმ-საც აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ჯავშანმანქანა ტანკზე ოთხჯერ მსუბუქი მაინცაა.

ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ სხეული რა ფართობით ეხება გრუნტს გადაადგილებისას და გასაგებია, რომ ფართო მუხლუხები „უგებენ“ ვიწრო ბორბლებს. ისე კი, კუთრი წნევის გრუნტზე დაწოლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით „რეკორდსმენები“... ის მშვენიერი ფეხხორციანი მანდილოსნები არიან, ვისაც მაღალ და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელებით სეირნობა მოსწონთ - მათი ფეხსაცმლის ქუსლის წვრილი ბოლო ისე აწვება მიწას, რომ ტანკის მუხლუხო მოსაგონია...

თავის მხრივ გრუნტებიც გამოირჩევა ოთხი ძირითადი სახეობით:

1- მშრალი გრუნტი, რომელზეც მაღალი კუთრი წნევის - 3-4 კგ/კვ.სმ ზეწოლითაც შეიძლება უპრობლემოდ გადაადგილება;

2 - მცირედ დანესტიანებული გრუნტი 1,4-2 კგ/კვ.სმ კუთრი წნევის ზეწოლით;

3 - ნესტიანი გრუნტი 0,5-1,4 კგ/კვ.სმ კუთრი წნევის ზეწოლის მაჩვენებლით;

4 - გათხევადებულ ტალახად გადაქცეული, ძალზე დანესტიანებული გრუნტი, რომლის კუთრი წნევის ზეწოლის მაჩვენებელი 0,5 კგ/კვ.სმ-ზე დაბალია.

თითქმის ორთვიანი წვიმების სეზონის (რომელიც დღე-დღეზე დამთავრდება) შედეგად უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, იქ, რომელი მიმართულებებითაც მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი უკრაინული კონტრიერიშების დაწყება, შავმიწანიადაგიანი და თიხიანი გრუნტების კუთრი წნევის ზეწოლის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის „აწეული“ 1 კგ/კვ.სმ-მდე, რომ მუხლუხებიანმა ჯავშანტექნიკამ უპრობლემოდ გადალახოს მინდვრები.

ამისთვის საჭიროა, რომ გრუნტი არანაკლებ 30 სმ-ის სიღრმემდე კარგად გამოშრეს, რომ მუხლუხებიანი ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მსგავსად ბორბლებიან ჯავშანტექნიკასაც არ გაუჭირდეს უკრაინის დესანტის სწრაფად გადაყვანა მუდმივი მანევრირების თანხლებით, რათა რუსი ოკუპანტების ადვილი სამიზნეები არ გახდნენ გაშლილი ადგილების გადალახვისას.