"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი" - იენს სტოლტენბერგი - კვირის პალიტრა

"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხარდაჭერის იმედი" - იენს სტოლტენბერგი

მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განვაგრძობთ რუსეთის მიმართ მოწოდებებს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსი.

ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება. განსაკუთრებით ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვის მიმართულებით.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული კეთილდღეობის ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.

დღეს ასევე ვისაუბრეთ რუსულ აგრესიაზე და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას ვიყავი კიევში. პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო - ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე ეს საჭიროა. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. უკრაინა იცავს საკუთარ თავს, წესდებას და ალიანსის წევრები ამას მხარს უჭერენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.

IPN