"თაყვანისმცემლების არმია მყავდა... ის ძალიან მიყვარდა, მაგრამ თურმე მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ"
ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" სტუმრად მყოფმა ლენუკა ყიფშიძემ მის ცხოვრებაში უსიამოვნო ფაქტზე ისაუბრა, როდესაც შეყვარებულმა ქორწინებაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ქალი განათხოვარი იყო და შვილი ჰყავდა. მისი თქმით, საქმროს მშობლებმა დაიწუნეს.
ლენუკა ყიფშიძე:
- თაყვანისმცემლების არმია მყავდა, მაგრამ სახლში იმდენი მამაკაცი ცხოვრობს, მამა, ძმა, ხილიანზე ძმებივით გავიზარდეთ. დედაც ასეთია, მამამისს ჰგავს, ტყავებში და „ბაიკით“ დადიოდა, „ხულიგანკა“ იყო ჩვეულებრივი. ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს რომ შევხვდი, ის ჩემზე ათი წლით დიდი იყო, ძალიან მიყვარდა და ნამდვილი სიყვარული იყო, ის ერთადერთი ადამიანი. დაოჯახებას ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ჩემთვის მიუღებელი რამ. თურმე მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან მე განათხოვარი და შვილიანი ვარ. მანდ უკვე აღარც სიყვარული მინდოდა და არც არაფერი. თუ მამაკაცს უყვარხარ, შენი შვილიც რამეს უნდა წარმოადგენდეს მისთვის. ასეთი ცუდი პერიოდი მე არ მახსენდება. ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ მდგომარეობიდან გამოსვლაში.
მის მშობლებს არ ვიცნობდი, ალბათ არც ჰქონდათ ჩემი გაცნობის სურვილი. სერიოზული სიყვარული მერე აღარ მქონია. ამ ბიჭთან ამბები ძალიან ცუდ პერიოდში დამთავრდა, როდესაც გავიგე, რომ მე და დედას ანევრიზმა გვქონდა. მივხვდი, რომ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირდა, რადგან ჯანმრთელობის საკითხი დადგა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ლენუკას და დედამის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია თურქეთში გაუკეთეს. ზურა ყიფშიძის ერთადერთი ქალიშვილი ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ ამ დიაგნოზის ყოველთვის ეშინოდა.
- არც მინდა გავიხსენო, როგორ განიცდიდა ამ ამბავს ზურა. გიორგი არ იმჩნევდა, სულ ჩუმად იყო. თავიდან მეც გამიჭირდა, დედაჩემის ამბავი რომ გავიგე, დიდი სტრესი მივიღე. მთელი ცხოვრება სწორედ ამ დაავადების მეშინოდა. ხშირად მესმოდა, რომ ანევრიზმით გარდაიცვალა ბავშვი, დიდი, ჩემი ბევრი ნაცნობი და სულ მეშინოდა. ეტყობა, ადამიანი მართლაც იზიდავს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ძალიან დამიდგნენ მეგობრები გვერდში. მაშინდელი ერთი დღე ერთ თვედ მეჩვენებოდა. ველოდებოდით, როდის გადაგვირიცხავდნენ ფულს და როდის შევძლებდით ოპერაციის გაკეთებას. იმ დროს გავძლიერდი. პრობლემა ადამიანს მართლაც აძლიერებს. ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე, სწორედ ამ დიაგნოზით.