"ხელი მომკიდეს და ძალით, როგორც იტყვიან, "ჩამტენეს" მანქანაში - როგორ მითვალთვალებდნენ სპეცსამსახურები" - კვირის პალიტრა

"ხელი მომკიდეს და ძალით, როგორც იტყვიან, "ჩამტენეს" მანქანაში - როგორ მითვალთვალებდნენ სპეცსამსახურები"

გთავაზობთ ამონარიდს გია ხუხაშვილის წიგნიდან "კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო", რომელიც წინა ხელისუფლების დროს სპეცსამსხურისა და გია ხუხაშვილის დამეგობრებას შეეხება.

9 ნოემბერი

შინიდან გამოვედი და ჩემი მანქანისკენ გავემართე. იმ დროს ბინას ვქირაობდით ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში. მანქანა იქვე, ბენზინგასამართ სადგურთან, სადგომზე მეყენა. როგორც კი მანქანას მივუახლოვდი, თავზე დამადგა შავ კოსტიუმებში გამოწყობილი ორი ბრგე ახალგაზრდა. გამომიწოდეს უწყება, მითხრეს, რომ გენერალურ პროკურატურაში ვიყავი დაბარებული დაკითხვაზე. უწყება ჩავიბარე და ვუთხარი, რომ თვითონ მივიდოდი, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. მცირე შელაპარაკების შემდეგ, ხელი მომკიდეს და ძალით, როგორც იტყვიან, "ჩამტენეს" მანქანაში.

მივედით პროკურატურაში. შემიყვანეს ერთ-ერთ კაბინეტში და დამსვეს. ცოტა ხანში შემოვიდა, როგორც შემდგომში გაირკვა, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი და საქმის კურსში ჩამაყენა, რომ მე მოწმის სახით უნდა დავეკითხე "სახელმწიფო გადატრიალების" მომზადებასთან" დაკავშირებით.

მოვითხოვე ადვოკატთან დაკავშირება, რომელიც იმ მომენტისთვის არ მყავდა. მომცეს დარეკვის საშუალება. დავურეკე მეგობარს და ვთხოვე, მოეძებნათ ჩემთვის სანდო ადვოკატი. როგორც შემდგომში გაირკვა, მან თავის მხრივ მიმართა ეკა ბესელიას და რაღაც პერიოდის შემდეგ მოვიდა ახალგაზრდა კაცი ეკას საადვოკატო ბიუროდან.

ეს იყო ძალიან უცნაური დაკითხვის პროცესი - განყენებული კითხვებით და უსასრულო პაუზებით სავსე. საკუთრივ საქმესთან დაკავშირებული ჩვენების ტექსტი სულ რაღაც ორ-სამ გვერდს თუ შეადგენდა და ძირითადად იმას შეეხებოდა, თუ სად და როგორ გავიცანი ბადრი, რაზე ვსაუბრობდით. აქ დასამალი არაფერი იყო, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი მათ უჩემოდაც კარგად იცოდნენ და მეც, როგორც "კანონმორჩილმა მოქალაქემ", ყველა კითხვაზე სათანადო პასუხი გავეცი.

გამომძიებელი დროდადრო საკმაოდ დიდი ხნით გადიოდა. როცა ბრუნდებოდა, ისევ მიწყებდა საუბარს აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. მაგალითად, მითხრა, რომ ლტოლვილია აფხაზეთიდან, რომ მე ჭკვიანი კაცი ვარ და აინტერესებს ჩემი აზრი იმაზე, თუ როგორ, რა წესით შეიძლება გადავწყვიტოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა და ა.შ.

სრულიად ცხადი ხდება, რომ დაკითხვას აბსოლუტურად ფორმალური ხასიათი აქვს და, უბრალოდ, დროს წელავენ, რადგან ელოდებიან ჩემს მომავალ ბედთან დაკავშირებით ვიღაც მესამე პირის გადაწყვეტილებას, რომელიც გარედან ადევნებს თვალს ამ პროცესს. უკვე კარგად მოსაღამოებული იყო, რომ საკმაოდ თავაზიანად გამომაცილეს, პროკურატურის ჭიშკართან შეკრებილი ჟურნალისტების დასანახად ჩამომართვეს ხელი და გამოვედი...

მოკლე კომენტარებით შემოვიფარგლე. ყველას მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის და სახლში წავედი.

10 ნოემბერი

დილით, ქავთარაძის ქუჩაზე, საყოფაცხოვრებო ბაზრობაზე სანტექნიკური წვრილმანების საყიდლად წავედი. მანქანა იქვე, შესასვლელთან გავაჩერე. რომ გამოვედი, ჩემი მანქანის ირგვლივ უცნაური ხალხმრავლობა შევნიშნე - სამი მანქანის გარემოცვაში აღმოვჩნდი. ჩავჯექი მანქანაში, დავიძარი და აქ დაიწყო, რაც დაიწყო... ერთი წინ ჩამიდგა, ერთი - გვერდით, ერთი - უკან და საკმაოდ ახლოს. აგრესიულად ამედევნენ. მე სახლისკენ გავემართე, თან გზიდან მეუღლეს დავურეკე, ავუხსენი საქმის ვითარება. ვუთხარი, რომ, თუ სახლამდე ვერ მივაღწიე, ე.ი. დამაპატიმრეს.

ასე, უარესის მოლოდინში, გავიარე გზა ყიფშიძის ქუჩამდე. მანქანა გავაჩერე. ჩემი თანამგზავრები ირგვლივ შემომეწყვნენ - ერთი მანქანა ჩემ უკან გაჩერდა, მეორე - ჩვენი სახლის წინ მდებარე სკვერთან და ერთიც - კორპუსის გვერდით ნაწილში.

მელანო გარეთ მელოდებოდა. არც უცდიათ მოახლოება. სახლში ასულმა ვერ მოვისვენე. გადავწყვიტე, იქვე, ჩვენი სახლის წინ მაღაზიაში ჩავსულიყავი და მეცადა მათთან კომუნიკაცია, მეკითხა, რას ნიშნავდა და რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი.

მაღაზიაში ორი მათგანი შემომყვა. ერთ-ერთთან მივედი და ვკითხე, რა მიზნით დამყვებოდნენ და რა უნდოდათ. მიპასუხა, რომ მეშლებოდა და სინამდვილეში თავის საქმეზე იყო შემოსული.

სახლში ავედი და დავუკავშირდი პატრულს. ვუთხარი, რომ გაურკვეველი პირები მითვალთვალებენ და თავს საფრთხის ქვეშ ვგრძნობ. ვთხოვე, მოეხდინათ მათი იდენტიფიცირება და გაერკვიათ, რაში იყო საქმე. პატრული მოვიდა, დამამშვიდა, რომ ჩემს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრებოდა. დავურეკე პროკურატურის გამომძიებელს, რომელთანაც დაკითხვაზე ვიყავი. ვკითხე, რა ხდებოდა. მან მიპასუხა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება.

ასე დაიწყო ჩემი ორთვიანი არაფორმალური შინაპატიმრობისა თუ იძულებითი ესკორტირების ფათერაკებით და, ამასთან, კომიკური ეპიზოდებით აღსავსე ისტორია...

სისტემური ტრაგიკომედია

... ჩვენი სახლის წინ სკვერი, რომელიც უბნის ერთ-ერთი თვალსაჩინო "ბირჟა" იყო, ერთბაშად მოსუფთავდა და დაცარიელდა. არავის არ უნდოდა უნებლიეთ სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩენილიყო.

პარალელურად ვცდილობდი, გამერკვია, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი.მივმართე ჩემს ერთ-ერთ ახლობელს, დეპუტატს, რომელსაც, ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელობასთან. ვთხოვე, გაერკვია, რა პრეტენზიები ჰქონდათ ჩემთან, რომ ასეთ მასშტაბურ ოპერაციას ატარებდნენ.

ორი დღის შემდეგ დამირეკა და მხიარული ხმით მკითხა, სად ვიყავი. ვუპასუხე, რომ - სახლში.

მითხრა, რომ ყველაფერი გაარკვია და, თუ შევძლებდი, მასთან მივსულიყავი.

ძალიან არ მინდოდა სახლიდან გასვლა. მეორე მხრივ, მაინტერესებდა, რას მეტყოდა. ისიც კი ვიფიქრე, შესაძლოა, ყველაფერი გაირკვა და ეს კოშმარიც დასრულდა-მეთქი, და ფანჯრიდან გადავიხედე... არა, ჯერ კიდევ ადგილზე არიან... მერე ვიფიქრე, რომ კი დგანან, მაგრამ რადგან "იმ კაცთან" მივდივარ გასარკვევად, ალბათ, არ გამომყვებიან-მეთქი... შენც არ მომიკვდე... დაეწყვნენ და გამომყვნენ.

ძალიან მხიარულად შემხვდა. საერთოდ, კარგი ადამიანია და, როდესაც რაიმე პრობლემას გადაუწყვეტს ვინმეს, ეს ეამაყება და ძალიან კმაყოფილია.

მეუბნება, რომ ესაუბრა გენერალური პროკურორის მოადგილეს და მან დაუდასტურა, რომ ჩემ მიმართ პრეტენზიები მოხსნილია და ყველაფერი კარგად არის.

ვუთხარი, რომ ამის შესახებ ვიცოდი და პრობლემა სულ სხვა რამე იყო. გავახედე ეზოს გარეთ და დავანახვე ჩემი "ესკორტი...

აქ უკვე ის შეცბა და სევდიანად ჩაილაპარაკა, რომ ახლა მასაც დაიბარებდნენ... გააგრძელე კითხვა