"უკრაინა ძალიან დიდ რისკზე მიდის: თუ კიევი ვერ გაიმარჯვებს, დასავლური დახმარება შემცირდება და უკრაინა იძულებული გახდება, მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს"
"თუ უკრაინა გადამწყვეტ გამარჯვებას არ მოიპოვებს, დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება შესუსტდეს, ხოლო კიევს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება მოუწევს, ომის დასრულების ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი გაყინვისათვის", - ნათქვამია ამერიკული გაზეთის - "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "უკრაინის საგაზაფხულო შეტევა, ომის პერსპექტივის საკითხში, დიდ ფსონებთანაა დაკავშირებული" (ავტორები - ჯულიან ბარნსი და ერიკ შმიტი).
როგორც ამერიკელი ჩინოვნიკები იტყობინებიან, კიევი კონტრშეტევისათვის ემზადება, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისში განახორციელებს. ამით უკრაინა ძალიან დიდ რისკზე მიდის: თუ კიევი ვერ გაიმარჯვებს, დასავლური დახმარება შემცირდება და უკრაინა იძულებული გახდება, მოლაპარაკების დაწყებაზე დათანხმდეს, რაზედაც დღეს კატეგორიული წინააღმდეგია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინას დიდი რაოდენობით საარტილერიო ქვემეხები და საბრძოლო მასალები მიაწოდეს გადამწყვეტი ბრძოლებისათვის და ახლა ოფიციალური პირები იმედს გამოხატავენ, რომ მოგროვილი იარაღი შეტევისათვის საკმარისი იქნება. დღევანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ორი თვის წინ არსებული მდგომარეობისაგან. მაშინ იარაღს უკრაინის არმია მცირე პარტიებით იღებდა და ჩინოვნიკები ღელავდნენ, ვაითუ რეზერვები საკმარისი არ იყოსო.
პენტაგონიდან "გაჟონილი" და სოციალურ ქსელებში გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ნათელს ჰფენს კიევის გეგმებს, მოსალოდნელია, რომ აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისისათვის უკვე ფრონტის წინა ხაზზე იქნება უკრაინის არმიის 12 საბრძოლო ბრიგადა, თითოეული - 4 ათასი ჯარისკაცის რაოდენობით. აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ამჟამად წრთვნიან და საბრძოლველად ამზადებენ კიდევ 9 ასეთ ბრიგადას.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ამერიკელებს ბევრს არაფერს აცნობს თავისი სამხედრო ოპერატიული გეგმების თაობაზე, მაინც შეიძლება ვარაუდების სახით იმის გამოცნობა, თუ რომელი მიმართულებით განხორციელდება უკრაინის არმიის შეტევა: დიდი ალბათობით, ეს იქნება სამხრეთით, ყირიმთან ახლოს, აზოვის ზღვის სანაპირო ხაზისაკენ.
"ამ კონტრშეტევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული", - ამბობს ალექსანდრე ვერშბოუ, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ამჟამად ნატოს მაღალჩინოსანი, - "ყველას იმედი აქვს და ოპტიმიზმს გამოხატავენ, გადაჭარბებულადაც კი, რომ უკრაინის არმია წარმატებული იქნება. ეს კონტრშეტევა განსაზღვრავს, მიაღწევენ თუ არა უკრაინელები სასურველ შედეგებს ტერიტორიების დაბრუნების საკითხში, რათა სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ მტკიცე პოზიციები ჰქონდეთ".
უკრაინელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ მათი მიზანია რუსული არმიის თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა და კრემლისათვის მასშტაბური ზიანის მიყენება, მაგრამ როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, კონტრშეტევა ძალთა ბალანსს კიევის სასარგებლოდ არსებითად ვერ შეცვლის.
უკრაინის არმია მუდმივად ბევრ პრობლემას აწყდება, მათ შორის - საბრძოლო მასალების დეფიციტს, რაც ბახმუტის ბრძოლების გაჭიანურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. გასული წლის შემოდგომიდან დაწყებული, მთელი ზამთრის განმავლობაში უკრაინელებმა უამრავი ჭურვი და სხვა მასალა დახარჯეს, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, სამაგიეროდ კი, თებერვლისათვის რეზერვები დაცარიელდა და კიევმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკლისიც განიცადა.
თუმცა, ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, დღევანდელი სიტუაციის პირობებში, როცა კიევის სამხედრო ძალები უკვე შეიარაღებულია ევროპული ტანკებით, ამერიკული ჯავშანმანქანებით და სარაკეტო დანადგარებით, როცა უკრაინელი ჯარისკაცები ნატოს ქვეყნებში იწრთვნებიან და აღიჭურვებიან, კიევს ჯერ კიდევ შეუძლია, ყველა გააკვირვოს.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ამ წელიწადში ან მომდევნო წელს უკრაინა ძალ-ღონეს მოიკრებს და გაძლიერდება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა გასულ კვირას, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, - "მე ასევე ვფიქრობ, რომ რეალისტები უნდა ვიყოთ: არ უნდა ველოდოთ იმას, რომ რაღაც მომენტში, თითქოსდა, ჯადოსნური ჯოხის აქნევით რუსეთი დაინგრევა".
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა იძულებული გახდა, სამხედრო გეგმები ნაწილობრივ მაინც გაემხილა - თუნდაც კონტრშეტევის თაობაზე (იმიტომ, რომ ჯარისკაცთა საბრძოლო სული ამაღლებულიყო და დასავლეთზე ზეწოლა მოეხდინა იარაღის მიწოდებისათვის), ამერიკელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ უკრაინა შეტევის თარიღის საკითხში ხშირად დეზინფორმაციას ავრცელებს, რათა რუსები შეცდომაში შეიყვანოს.
უკრაინის წარმატების შანსები ბევრად იქნება დამოკიდებული აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ კიევისათვის მიწოდებულ სადაზვერვო მონაცემებზეც. თუ ამერიკა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიის თავდაცვაში სუსტ ადგილებს გამოავლენენ და ამ მონაცემებს კიევს მიაწოდებენ, რომელიც მას ჯეროვნად გამოიყენებს, მაშინ წარმატებისათვის წინამძღვრები იქნება.
კონტრშეტევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ უკრაინის არმია მრავალ დანაღმულ ველს წააწყდება, რომელთა გასაწმენდად დრო არის საჭირო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს უკრაინის არმია დასავლეთის მიერ გადაცემულ ნაღმსაწინააღმდეგო სპეცტექნიკას.
და ისევ უკრაინის არმიის საარტილერიო ჭურვებითა და სხვა საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფის შესახებ: ამჟამად კიევს აქვს საკმაო მარაგი, მაგრამ რა იქნება შემდეგ, როცა შეტევის დროს იარაღის მარაგი სწრაფად შემცირდება? ამ მხრივ დასავლეთიც სიძნელეების წინაშე დგას. უკრაინამ გარკვეული კონტროლი უნდა გაუწიოს საბრძოლო მასალების ხარჯვას და ყაირათიანად სარგებლობას.
უკრაინის ქარხნებში დღე-ღამეში რამდენიმე ათას ჭურვს უშვებენ და ყველა ბახმუტში იხარჯება. ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, საბრძოლო მასალების ასეთი სწრაფი ხარჯვა კონტრშეტევის წარმატებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ქვემეხების და ნაღმმტყორცნების ფუჭი და არაზუსტი სროლები იმდენად ხშირი იყო, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა უკრაინის არმიის სარდლობა გააფრთხილა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციის მომზადების წინ საბრძოლო მასალების უმიზნოდ დახარჯვა პრობლემებს შექმნიდა. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ