"ჩასაძირად განწირული ქართული ძეგლების გადატანაც შეიძლებოდა... თურქების ბევრი მეჩეთი მოექცა და მოექცევა წყლის ქვეშ"
3-ჯერ ვიმოგზაურე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში და ძალიან ცნობილი და ბევრისთვის უცნობი ძეგლებიც მოვინახულე. თითოეულ მოგზაურობას სხვადასხვა ემოცია ახლდა, სხვადასხვა თავგადასავალი და მხოლოდ ერთი ჰქონდა საერთო - ტკივილი და შეცნობილ-შეუცნობელი სიყვარული იმის, რაც ის-ის იყო გაიცანი და ხვდებოდი, რომ მთელი ცხოვრება გიყვარდა, მას შემდეგ, რაც მისი არსებობის შესახებ გაიგე. მოგზაურობის ამბები ჩემს ბლოგებში მაქვს მოთხრობილი, დღეს კი, როგორც ბევრი თქვენგანისთვის, ჩემთვისაც მძიმეა იმ კადრების ყურება, თვალსა და ხელს შუა, ნელ-ნელა როგორ შთანთქავს წყალი იუსუფელს, სადაც ვათევდით ხოლმე ღამეებს, ულამაზეს ადგილებს, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს, რომლებმაც ოდესღაც აღმაფრთოვანა და სამუდამოდ აღმებეჭდა თვალსა და გულში.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქცეული ტაო-კლარჯეთიდან ჩემი მეგობარი, დაუღალავი მოგზაური და თავისი საქმის პროფესიონალი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი ჩამოვიდა. ტრადიციულად, მაშინვე გამომიგზავნა იუსუფელისა და ოშკის ფოტოვიდეომასალა. ოშკის დღევანდელ მდგომარეობაზე მომდევნო სტატიაში გიამბობთ, ახლა კი იუსუფელის უახლესი ამბების მოყოლას ვთხოვ გიორგის, რა ვითარება დახვდა იუსუფელში, როგორ შეხვდა იქაური მოსახლეობა მათი ძველი ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიების ჩაძირვას, იოლად შეეგუენ თუ ამ ამბებს წინ პროტესტი უძღვოდა?
გიორგი დვალაშვილი:
- დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი, რაც ჭოროხის აუზში და, თუნდაც, ჭოროხის კონკრეტულ ხეობაში ხდება, საქართველოს მე-20 საუკუნის ბოლოს არსებული ხელისუფლების მხარდაჭერით გაკეთდა. როდესაც საქართველომ თურქეთის სახელმწიფოს მისცა უფლება, აეგო მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურები, მას შემდეგ თურქეთს მიეცა ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ დროს აეშენებია თავის ტერიტორიაზე, თავის ქვეყანაში კაშხლები. ჭოროხი არის სასაზღვრო მდინარე და რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ნებართვა, თურქეთი თვითნებურად ვერაფერს ააშენებდა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს მშენებლობები დღეს კანონიერია. იგეგმებოდა 27 ჰიდროელექტროსადგურის აგება და დღეისთვის თითქმის ნახევარია აშენებული.
- ანუ ყველაფერი 1990-იან წლებში დაიგეგმა?
- დიახ, ლაპარაკია შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კიდევ ვიმეორებ, სხვა შემთხვევაში, საერთაშორისო კანონმდებლობით, თურქეთს სულ მცირე ტერიტორიის დატბორვის უფლებაც კი არ ექნებოდა. სწორედ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ნებართვამ აუნთო მწვანე შუქი თურქეთის რესპუბლიკას მდინარე ჭოროხზე კაშხლების ასაშენებლად, ამიტომ თურქეთს უკანონო არაფერი გაუკეთებია!
- სხვათა შორის, 2009 წელს, ახალციხელი პედაგოგების ჯგუფთან ერთად პირველად რომ ვიმოგზაურე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ართვინელმა მასპინძლებმა ბორჩხის ახლად აშენებული კაშხალი დაგვათვალიერებინეს. მახსოვს, 80 მეტრზე ჩავედით წყლის სიღრმეში და იქაური ლაზები დამტვრეული, მაგრამ ლაზურ კილოშერეული ტკბილი ქართულით გვიყვებოდნენ კაშხლის ამბებს.
- ბორჩხის კაშხლის გარდა იქ კიდევ ბევრი კაშხალი აშენდა – ართვინის, დემირელის, უკვე იუსუფელის და ა.შ. რაც შეეხება იუსუფელის კაშხალს, ჯერ კიდევ 11 წლის წინ პირადად მე და საქართველოში, ალბათ, ბევრმა ადამიანმა იცოდა, ამ კაშხალს რომ ააშენებდნენ, ასევე, ვიცოდით მისი მასშტაბი და დატბორილი ტერიტორიის საზღვრები. ამ წყალსაცავის სარკის ზედაპირის სიმაღლე ზღვის დონიდან არის 711 მეტრი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხეობებში, სადაც 711-მეტრიანი ნიშნული გაივლიდა, იქამდე ავიდოდა წყალი. შესაბამისად, 711 მეტრის სიმაღლეზე მოექცა არა მარტო ქალაქი იუსუფელი, არამედ - ძალიან ბევრი ისტორიული სოფელიც, ძალიან ძველი, გამორჩეული ქართული ოდა სახლებით, თაღოვანი ხიდებით და ა.შ.
ფაქტობრივად, ძალიან დიდი ტერიტორია დაიტბორა, რადგან აშენება 275 მეტრის სიმაღლის კაშხლის, რომელიც მსოფლიოში რიგით მეხუთე იქნება, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. აქ შედის მდინარე ჭოროხის ხეობა, მისი შენაკადების ხეობები, როგორიცაა, მაგალითად, პარხალი, ოლთისის წყალი, თორთუმის წყლის ხეობა, შესაბამისად, შენაკადების ხეობების ქვედა ნაწილიც მოექცა წყალში.
- ჩვენთვის, ქართველებისთვის, ტაო-კლარჯეთის თემა ძალიან მტკივნეულია, შესაბამისად, უპირველესად ჩვენი ულამაზესი ისტორიული ძეგლების ბედი გვაღელვებს. კონკრეტულად მაინც რომელ ისტორიულ ძეგლებს დაფარავს წყალი?
- ისტორიული ახალთას ტერიტორიაზე დაიფარება ახალთას ბაზილიკა, ასევე, ღვთისმშობლის სახელობის ჭალის ეკლესია, სადაც ლამაზი ფრესკები იყო შემორჩენილი... უფრო ზუსტად კი, ჩვენი საუბრის პერიოდში ახალთას ბაზილიკა უკვე დაფარულია წყლით, ხოლო ჭალის ეკლესია ახლა იფარება.
კაშხლის ნიშნულის მიხედვით ცნობილია, რომ წყალში მოექცევა კავკასიძეების ციხეც და მისი გამორჩეული ბაზილიკური ტაძარიც. შესაძლოა, კავკასიძეები, რომელიც შემაღლებულ ადგილზეა, 1-2 თვის ან 10 დღის განმავლობაში დავინახოთ ხოლმე, როდესაც წყლის დონე დაიკლებს.
- ლაპარაკია, რომ შეიძლება დაზიანდეს ულამაზესი და საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ოთხთას სამონასტრო კომპლექსი. მართლა არის ამის საშიშროება?
- ცოტა ძნელია იმის თქმა, რომ ამ წყალსაცავმა შეიძლება რომელიმე ძეგლი დააზიანოს, რატომ, იცით? შეიძლება სხვა დარგში არ ვიყო კომპეტენტური, მაგრამ ამ დარგის სპეციალისტი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა: იუსუფელის წყალსაცავი სადაც სრულდება, იქიდან ოთხთამდე რჩება ზუსტად 5 კილომეტრი და 500 მეტრი, შესაბამისად, რამდენიმე წლის განმავლობაში იმ არეალში ტენიანობის გაზრდა, ნალექის მომატება არ მოხდება.
რაც შეეხება პარხალს, ის იმდენად შორს არის ამ წყალსაცავიდან, რომ მასზე კონკრეტული კაშხალი ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ეს, დაახლოებით, ისე იქნება, ენგურის წყალსაცავს რომ დააბრალო უშგულში კოშკების დანგრევა. იუსუფელის წყალსაცავის აშენებას კი არ ვამართლებ, მაგრამ იქ იმდენი აღმავალი და დაღმავალი დინებაა, ამ კუთხით რომ მივუდგეთ, შავი ზღვის აუზში აღარც ერთი ძეგლი აღარ უნდა არსებობდეს. ისედაც, თავად ოთხთას მონასტერი წყალსაცავის დონიდან 600 მეტრით მაღლაა, ამიტომ არ აქვს საფუძველი იმის თქმას, რომ ეს კაშხალი ოთხთას დააზიანებს.
- იუსუფელის და მის მიმდებარედ დატბორილი სოფლების მოსახლეობის განწყობაზე რას გვეტყვი?
- ამ თემაზე მოსახლეობასთან წლების წინაც მისაუბრია და ახლაც გავესაუბრე. მათი დიდი ნაწილი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო დასაქმებული და არა - აგრარულ სექტორში ანუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არ ირჩენდა თავს, კმაყოფილიც კი არის. მათთვის განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან უკეთეს სახლებში შესახლდნენ ან შესახლდებიან და ბევრად უკეთეს პირობებში მოუხდებათ მუშაობა.
იმავეს ვერ ვიტყვი აგრარულ სექტორში დასაქმებულებზე, რომლებსაც მოჰყავდათ ბრინჯი, ზეთისხილი, სხვადასხვა სავარგული ჰქონდათ და, ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ, ამიტომაც ისინი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ კაშხლის აშენებას და ახლაც დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ საპროტესტო გამოსვლები მაინც პოლიტიკურ ხასიათს უფრო ატარებდა და მათ პოლიტიკოსები ხელმძღვანელობდნენ.
მართალია, იოლი მაინც არ იყო საკუთარი კერის მიტოვება, თუმცა მოსახლეობამ ისეთი დიდი კომპენსაცია მიიღო, ნაწილი ამითაც კმაყოფილი დარჩა. ერთსაც გეტყვით, მარტო ჩვენ არ გვაღელვებს ჩვენი ჩაძირული ძეგლების ბედი. თურქების ბევრი მეჩეთი მოექცა და მოექცევა წყლის ქვეშ, ასევე, წყალი დაჰფარავს მათ უძველეს სახლებსაც. ახალი მეჩეთები კი ააშენეს, მაგრამ ხალხის ნაწილი მაინც უკმაყოფილოა.
სხვათა შორის, აქვე ვიტყვი, რომ ჩასაძირად განწირული ქართული ძეგლების გადატანაც შეიძლებოდა და, შესაბამისად - მათი გადარჩენა, ასეთი პრეცედენტები არსებობს და თურქეთშიც მოხდა - მაგალითად, აკლდამები გადაიტანეს. ამაზე 10-11 წლის წინ უნდა გვეფიქრა, მაშინ, როდესაც იუსუფელის კაშხლის პროექტი გადაწყდა. მაშინ ხმამაღლაც ვთქვი ეს ვერსია და რამდენიმე ადამიანს სასაცილოდ არ ეყო, - საიდან მოიტანე, რომ კავკასიძეების ციხე და ეკლესია დაიტბორებაო...
საქართველოს მაშინ უნდა ეფიქრა ამ ისტორიულ ძეგლებზე, ახლა საუბარს აზრიც აღარ აქვს. სამაგიეროდ, ეს კაშხალი წაადგება თურქეთის ეკონომიკას, რომელსაც არც გაზი აქვს, არც ნავთობი და კაშხლის წყალობით ყოველწლიურად მილიარდობით მოგებას ნახავს.
(სპეციალურად საიტისთვის)