წითელ მოედანზე 9 მაისის სამხედრო აღლუმში "მონაწილეობას" უკრაინული კამიკაძე-დრონებიც აპირებენ?
9 მაისი ყოველთვის განსაკუთრებულ დღეს წარმოადგენდა კრემლის ბინადართათვის და რუსეთის თითქმის მთელი მოსახლეობისთვის.
ამიტომაც ამ დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმი მათთვის ურყევ ტრადიციას წარმოადგენს და ვერ უშვებენ, რომ არსებობდეს რაიმე ისეთი მიზეზი, რომ 9 მაისს კრემლის წინ სატანკო კოლონებმა საზეიმოდ არ ჩაიარონ, ხოლო წითელ მოედანს დაბალ სიმაღლეზე ასევე წითელვარსკვლავიანმა ბომბდამშენებმა და გამანადგურებლებმა არ გადაუფრინონ...
მაგრამ რეალობას სერიოზული კორექტირება შეაქვს რუსეთის ამ უმთავრეს ტრადიციაში - 9 მაისს წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით...
ჯერ იყო და, გასულ, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან სამიოდე თვის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, 9 მაისის დილას გააუქმეს სამხედრო აღლუმის საავიაციო ნაწილი, რომლის ფარგლებშიც წითელი მოედნის თავზე 77 ერთეულ (მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 77 წელთან დაკავშირებით) წითელვარსკვლავიან საბრძოლო თვითმფრინავსა და შვეულმფრენს უნდა გადაეფრინა.
მიზეზად უამინდობა დასახელდა, თუმცა მოსკოვის თავზე ჩვეულებრივი საფრენი ამინდი იდგა - დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ პუტინის რეჟიმს უკრაინელების საპასუხო დივერსიული მოქმედებების შეეშინდათ - თავად წარმოიდგინეთ კრემლის წინ, ტრიბუნაზე მდგომი პუტინის წინ, 270-ტონიანი სტრატეგიული ბომბდამშენის - "თეთრი გედის" ან "მფრინავი ალიგატორის" იძულებითი "დაშვება" მას შემდეგ, რაც მოსკოვის რომელიმე მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან გაშვებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის საზენიტო რაკეტა მოხვდებოდა ძრავაში...
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს, რუსეთის საოკუპაციო არმია სულაც არ იმარჯვებს, პირიქით, თავდაცვითი ზღუდეების აგებაზეა გადასული (მათ შორის - თავად რუსეთის საზღვრისპირა ქალაქებთანაც კი) და უკრაინისგან ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებას დღე-დღეზე ელოდება.
შესაბამისად, რუსეთის გენერალიტეტი და სადაზვერვო სტრუქტურები არათუ არ გამორიცხავენ, არამედ - დარწმუნებულები არიან, რომ 9 მაისის სამხედრო აღლუმები უკრაინელი დივერსანტების მთავარი სამიზნეები გახდება, რის გამოც ამ დღეს სამხედრო აღლუმების ჩატარება უკვე გააუქმეს, როგორც ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და სევასტოპოლში, ისე - უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ქალაქებში: ბელგოროდში, კურსკში, ბრიანსკში...
რჩება მთავარი - მოსკოვი, წითელი მოედანი და უკრაინის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ დღეს ახლოს არ მიუახლოვდნენ წითელ მოედანს და იქ განთავსებულ რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკას, მათსავე უსაფრთხოებისთვის...
შეიძლება ეს აღქმული იყოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიური შეტევის მაგალითად, მაგრამ ამასთანავე, უკრაინელი სამხედრო მზვერავები აქვეყნებენ 9 მაისს წითელ მოედანზე გასამართ სამხედრო აღლუმის მთელ გეგმას, მასში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობის, განთავსებისა და ჩავლის დეტალებით.
განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც გათვალისწინებულია წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმ ოპერატორებისთვის, რომლებსაც უცხო უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ევალებათ, რომ მან პუტინის ტრიბუნამდე ვერ მიაღწიოს...
გამოდის, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ წინასწარ მოიპოვა 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გასამართი სამხედრო აღლუმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, რაც მათ გაუადვილებს შესაბამისი სპეციალური მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებას...
ასევე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლება 9 მაისამდე ორი კვირით ადრე აპირებს წითელი მოედნის სრულ ჩაკეტვას, რის გამოც არც 1 მაისის ტრადიციული აღლუმი გაიმართება.
წითელმა მოედანმა "საერთაშორისო აეროპორტის" სტატუსი მაშინ შეიძინა, როდესაც იქ 18 წლის გერმანელი მატიას რუსტი თავისი "სესნით" 1987 წლის 28 მაისს დაეშვა. შეძლებენ თუ არა უკრაინული კამიკაძე-დრონები რუსტის დაშვების გამეორებას, ამის შესახებ მალე შევიტყობთ.
ისე კი, ბოლო დღეებში მოსკოვის სიახლოვეს, ტყეებში, ჩამოვარდნილი რამდენიმე უკრაინული კამიკაძე-დრონი აღმოაჩინეს, რომლებმაც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან მოსკოვის მისადგომებამდე 400 კმ-ზე მეტი, რუსეთის საჰაერო თავდაცვისგან შეუმჩნევლად გაიფრინეს და მხოლოდ იმიტომ ჩამოვარდნენ, რომ დაბალ სიმაღლეზე ფრენისას ან მაღალი ხეების კენწეროებს წამოედნენ ან საწვავი გაუთავდათ - უცილობლად უკრაინელები კბილს უსინჯავენ მოსკოვის მისადგომებს და 9 მაისს წითელ მოედანზე უკრაინული კამიკაძე-დრონის შესაძლო ხმაურიანი "დაშვება" არცთუ ისე შეუძლებლად მოჩანს...