"გამოვიჩინოთ წინდახედულობა და მოვლენები ცივი გონებით გავაანალიზოთ...ყოველთვის გვიჭირდა ბალანსის დაცვა, ლავირება..."
„ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან - საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა. სტოლტენბერგის თქმით, ქართველ პრემიერთან რუსეთის აგრესიულ ომზე და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ საქართველო გააორმაგებს შიდარეფორმებზე ძალისხმევას და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს. ამასთან, აღნიშნა ისიც, რომ ქართველებმა ნათლად წარმოაჩინეს თავიანთი სურვილი, ჰქონდეთ დემოკრატიული, წარმატებული და ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული ქვეყანა. შესაბამისად, დაგვაიმედა კიდეც, რომ შეგვიძლია ნატოს იმედი გვქონდეს. რას უნდა ნიშნავდეს პრემიერი ღარიბაშვილის გააქტიურება დასავლეთის მიმართულებით და რაზე მიგვანიშნებს ნატოს მაღალჩინოსნის ოპტიმისტური განცხადებები, ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:
- რთულია, ცალსახად პოზიტიურ მოლოდინზე ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში მშვიდობა ძალიან მყიფეა. რუსეთი ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს ებრძვის და მის განადგურებას ცდილობს. ამ სირთულის ფონზე, კარგი ის არის, რომ ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციები ერთმანეთს უახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული გზავნილები ასეთ განცდას ტოვებს. საქართველოსთვის ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობა. ძალიან კარგია, რომ ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებისგან ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიმართ ტოქსიკური შინაარსის განცხადებები აღარ ისმის. ეს ნამდვილად არის იმედის მომცემი.
- როგორ გგონიათ, რა შეიძლება მომხდარიყო პოლიტიკურ კულუარებში ისეთი, რამაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იძულებული გახადა, ტოქსიკური შინაარსის განცხადებები პოზიტიური გზავნილებით შეეცვალა?
- რთულია ამაზე საუბარი, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის შედგა საჭირო დიალოგი. მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, ვინ ვის დაელაპარაკა მკაცრად, მთავარია, რომ კომუნიკაცია იყო, რომელსაც რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა მოჰყვა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკაში ნამდვილად იკითხებოდა, რომ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით მათ მიმართ კითხვები ჰქონდათ. მოგვწონდა თუ არა ეს, სამართლიანი იყო თუ უსამართლო, კითხვებიც იყო და კრიტიკაც, რაც იმას მეტყველებდა, რომ საჭირო იყო კომუნიკაცია, ურთიერთობების დალაგება და კონსტრუქციული გარემოს შექმნა თანამშრომლობისთვის.
- „ქართული ოცნების“ რიტორიკის შეცვლასა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხებში რაიმე თანხვედრას თუ ხედავთ?
- მე ისევ არ ვიცი, რა მოხდა კულუარებში, მაგრამ რაც გარედან გამოჩნდა, ეს არ იყო კარგი. კარგი ის იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსტრუქციული რეაქცია ჰქონოდა. ეთანხმებოდა ამერიკელების ასეთ გადაწყვეტილებას თუ არა, დიპლომატიური სტანდარტები უნდა დაეცვა. ჯობდა, უბრალოდ, ეთქვათ, რომ საკითხში გარკვევა იყო საჭირო. ნამდვილი აბსურდი იყო იმის მტკიცება, რომ ჩვენი სასამართლო ანგელოზებითაა დაკომპლექტებული. რიტორიკის გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო ახლა, როდესაც ასეთი ტურბულენტური გარემოა შექმნილი ჩვენს რეგიონში.
- რაც შეეხება ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინის გვერდით დგას დღეს და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. სხვათა შორის, მან თავადვე აღნიშნა, რომ გასულ კვირას კიევში იყო ჩასული. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოახლოებულია დრო, როდესაც უკრაინა კონტრშეტევაზე უნდა გადავიდეს?
- ეს უმთავრესად ბრძოლის ველზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ჩვენ კი ძალიან გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს კონტრშეტევაზე, მაგრამ ეს არ არის ადვილი, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ჩვენთვის ახლა მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და მოვლენები ცივი გონებით გავაანალიზოთ. ისეთი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ეროვნული ინტერესები დავაზიანოთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის გვიჭირდა ბალანსის დაცვა, ლავირება, პროცესების ცივი გონებით გაანალიზება.
(სპეციალურად საიტისთის)
ხათუნა ბახტურიძე