"მიზანშეუწონელია, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები ჩართოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში" - რას წერს გიორგი ანწუხელიძის ქვრივი?
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქვრივი მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ დაანონსებული აქციის პლაკატზე მისი შვილის ფოტოს გამოყენებას.
"15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა მისი სიცოცხლე.
გიორგი ანწუხელიძე ჩემთვის არ არის მხოლოდ ოჯახის წევრი, ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი მაგალითები ქმნიან ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ იმ საკითხებზე გამოვთქვა აზრი, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო მიზნებს, ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება.
ვცდილობ ჩემი პოზიციებით ისეთი შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს. მიმაჩნია, რომ მითუმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში. არ ვფიქრობ სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში . დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა მოსაზრებებისგან მათი დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე.გთხოვთ გაითვალისწინოთ ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს, ეს საჯარო თხოვნა მიაღწევს ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების, ზედმეტი განხილვების გარეშე".