" მთავარია არა მხოლოდ "ნაცმოძრაობის“, არამედ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" განეიტრალება"
"ნაცმოძრაობა“ უკვე უმძიმეს დღეშია, მათ შორის რეიტინგების კუთხითაც, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, თუმცა აუცილებელია მათთან ერთად „კოლექტიური ნაცმოძრაობაც“ განეიტრალდეს.
"იშლება ეს პოლიტიკური პარტია და პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. თუმცა აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი, მნიშვნელობა არ აქვს მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაცმოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად იქნება „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის მათ შორის „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე მთავარია არა „ნაცმოძრაობის“ როგორც პოლიტიკური პარტიის, განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთკენ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევაც მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ინტერპრესნიუსი"