"ეს მომენტი გავლენას მოახდენს აბსოლუტურად ყველაზე... ვთქვი, სად და როგორი პრობლემები შეიქმნებოდა" - კვირის პალიტრა

"ეს მომენტი გავლენას მოახდენს აბსოლუტურად ყველაზე... ვთქვი, სად და როგორი პრობლემები შეიქმნებოდა"

მართალია, თბილისის მერმა წერეთლის პროსპექტის რეაბილიტაციის დაანონსებისას თბილისელებს მოუწოდა, ყველამ გავიჭირვოთ, რათა საბოლოოდ სასურველი ინფრასტრუქტურა მივიღოთო, მაგრამ ვიდეო - და ფოტოკადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. რამდენად სწორი პერიოდი შეარჩიეს ამ პროექტისთვის, რას გვპირდება და რა გამოცდილება აქვთ მსოფლიოს დიდ ქალაქებს ამ საქმეში, ამ საკითხებზე საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გვესაუბრა:

- ამის გაკეთება ზაფხულში შეიძლებოდა, როცა ქალაქი ბევრად დაცლილი იქნებოდა და უფრო გაუიოლდებოდათ მუშაობა. ყველაზე აქტიურ ფაზაში ამხელა­ პროექტის წამოწყება არასწორია. ალბათ, ჩქარობენ, რადგან სხვა ბევრი პროექტი აქვთ გეგმაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნები ახლოვდება და ეს პროექტიც შეემატება­ საარჩევნო ყულაბას. ჰგონიათ, ახლა კი არის დისკომფორტი, მაგრამ პროექტი რომ დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება. მე 7 წლის წინაც კი, როდესაც ამ პროექტზე­ მუშაობა იყო, ვივარაუდე ის, რაც ახლა აშკარაა.­ ბევრი გამოთვლა არ დამჭირვებია,­ ისე ვთქვი, სად და როგორი პრობლემები შეიქმნებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთი შეცდომა არ დამიშვია პროგნოზში.

- რა პროგნოზი გქონდათ?

- სანამ პირველი პროექტი ჩაეშვებოდა,­ ავტომობილების რაოდენობას გავანახევრებთო, თქვეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი კომფორტული იქნება, ავტომანქანებზე მოთხოვნა აღარ იქნებაო. მაშინვე ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია, არათუ გაანახევრებთ, ვერც შეამცირებთ, პირიქით, მოიმატებს-მეთქი. იმ დროისთვის მთელ პლანეტაზე ორად ორი ქალაქი იყო, სადაც­ ავტომობილების რაოდენობა შემცირდა, ისიც იმიტომ, რომ იმ ქალაქებში ომი იყო. გინდა თუ არა, მანქანების რაოდენობა მატულობს, რადგან კერძო ტრანსპორტი ყველას სჭირდება. ევროპაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ მოძრაობენ, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხს ავტომანქანები არა ჰყავს. ევროპაში ავტომობილებისთვის ყველგან პარკინგია. სახლი თუ გაქვს, ესე იგი, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილიც გაქვს. ჩვენთან კი სახლები შენდება, მაგრამ პარკინგები არა, ან თუ აქვთ, ისეთი ძვირი ღირს, ხალხი არ ყიდულობს. ქუჩებში პარკინგების რაოდენობა მცირდება, სართულებიანი პარკინგები არ კეთდება­ და ადგილი არ არის მანქანის გასაჩერებლად. იძულების გზით წავიდნენ - თუ მანქანების ადგილი არ იქნება, მათი შენახვა­ გაჭირდება, ტექდათვალიერება­ და პარკინგი კატასტროფულად გაძვირდებაო, მაგრამ რაც უფრო მეტი სიმკაცრეა, მით მეტად იზრდება ავტომობილების რაოდენობა, იმიტომ, რომ თბილისში ყველაზე მოქნილი ტრანსპორტი იყო, არის და იქნება კერძო ავტომობილი, რადგან თვითონ ჩვენი ქალაქის მოწყობაა ასეთი, არ გვაძლევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფლად გამოყენების საშუალებას. თუ ერთ უბანში ცხოვრობ და იმავე უბანში მუშაობ, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ცხოვრობ, ვთქვათ, ვარკვეთილში და სამუშაოდ გლდანში ან დიღომში უნდა წახვიდე, მაშინ ურთულესია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, რამდენიმე გადაჯდომა გიწევს. გადაჯდომის დროს ტრანსპორტი სადღაც მაინც იჭედება, რადგან ქალაქს­ არა აქვს იმის საშუალება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები ისე შეკრას ერთმანეთთან, როგორც მეტრო.

შუქნიშნებისა და გადასასვლელების თემასაც შევეხები. იყო საუბარი, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ევროპაში აღარ გამოიყენება, მიწისზედაც არასწორია, უნდა იყოს ზებრები, შუქნიშნებიო. ზებრები, შუქნიშნები კარგია, ოღონდ იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ მაშინაც მოვიყვანე მაგალითი და ახლაც შემიძლია. მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რომ ადიხარ ლეონიძის ქუჩაზე, მანდ მიწისქვეშა გადასასვლელი იყო, ზემოდან კი ზებრა გააკეთეს. შედეგად, თავისუფლების მოედანი გაჭედილია, ძალიან ბევრი ხალხი გადადის. მიწისქვეშა გადასასვლელების გაუქმება არ შეიძლება, მოედანი ყოველთვის განმუხტული უნდა იყოს. თუ ზებრებით შეკრავ ყველაფერს, შეუძლებელი იქნება ავტომობილების გაწოვა და მოხდება კოლაფსი.

მაგალითად, სანაპიროზე, პირიქით, აკლია შუქნიშნები, რომელთა მთელი პრინცი­პიც ისაა, რომ ისე დააყენო, სხვადასხვა მხრიდან მომავალი ნაკადები აკონტროლოს, რათა შეფერხება განმუხტოს. ჩვენთან ნებისმიერ უბანში შუქნიშანი რომ გამოირთვება, საცობი აღარ არის. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ამას წინათ, ორთაჭალაში შუქნიშანი იყო გამორთული და მიუხედავად იმისა, წვიმდა, საცობი არ წარმოქმნილა. ბელიაშვილზეც ახლახან შუქნიშანი გამორთული იყო და საცობი არ ყოფილა. მოკლედ, შუქნიშანი უნდა მუშაობდეს ისე, რომ ნაკადები გააკონტროლოს და მოძრაობა განიმუხტოს. ქალაქის შუქნიშნების სისტემა გამართული უნდა იყოს. ჩვენთან კი დღედაღამ ერთნაირად მუშაობენ - მიადგები შუქნიშანს, შუაღამეა და და ანთია წითელი წუთი და 27 წამი, გარშემო კი არც ერთი მანქანა არაა. "ვეფხვი და მოყმის" ძეგლთან სულ პოლიცია იდგა, გმირთა მოედანზე, "ლაგუნა ვერესთანაც", ჩვენი ინტერვიუების­ დამსახურებაა, რომ ახლა პლასტმასის ბოძკინტები დაამაგრეს, რომ იქით წასვლა აღარ შეიძლება.

ერთ ამბავსაც გეტყვით - შავი ზღვის­ ქუჩიდან აეროპორტის ტრასაზე ახვალ თუ არა, ქვეითად მოსიარულეებისთვის დგას შუქნიშანი. არადა, იქ იშვიათად თუ ვინმე გადადის. ამიტომ პიკის საათებში იქ საპატრულო ეკიპაჟი დგას და ხელს იქნევს, შუქნიშანს არ დაემორჩილოთ, წადით, წადითო. გააგრძელე კითხვა