"ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია - ის ოდნავ გაციებულია" - რას აცხადებს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ძალიან კარგ“ მდგომარეობაშია.
„ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. ჩვენ რეგულარულ კონტაქტზე ვართ. ის ოდნავ გაციებულია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს.
„კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს უსაფუძვლო პრეტენზიებს პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ხვალ პრეზიდენტი ატომური ელექტროსადგურის გახსნას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება. ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ გახდის საკამათოს იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი მხარს უჭერს თავის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს", - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამშაბათს პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა. სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეუძლოდ გახდომის მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა და ის ჰოსპიტალიზებულია.
IPN