გემებისა და პოეტების შესახებ... და, ხუცესების მიერ ცეცხლში დამწვარი "ვეფხისტყაოსანი" - კვირის პალიტრა

გემებისა და პოეტების შესახებ... და, ხუცესების მიერ ცეცხლში დამწვარი "ვეფხისტყაოსანი"

მსოფლიოში უსწრაფესად განვითარებული ტექნოლოგიები და მასზე დამატებული ქართველი უიდეო და უსაქმური პოლიტიკოსების ე. წ დაძაბულობა სულ უფრო მეტად მაფიქრებინებს, რომ დღეს ინფორმაციაზე დიდი ვირუსი აღარ არსებობს, ვირუსი, რომელიც ყოველდღიურად წამლავს ჩვენს სულებს და არ ემსახურება წინსვლას. ამიტომ ამ კვირაშიც შევეშვები პოლიტიკურ პროცესებს და შეგახსენებთ, რომ აპრილი წიგნის თვეა. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დავწერ წიგნებზე სხვა დროს. ამჯერად, მწერალ დავით ჩიხლაძის წიგნიდან, რომელიც საჩუქრად მივიღე, არცთუ შორეული ისტორიის ამბებს ვეცნობი და ისეთი დეტალები ამოვიკითხე, რომლებიც ჩემი წინაპრებისგანაც არ მსმენია.

1770 წლის აპრილის ბოლო იყო, ერეკლე მეფემ ასპინძის რაიონი თურქ დამპყრობთაგან გამოიხსნა და შოთა რუსთაველის მშობლიური მხარე საქართველოს საზღვრებში დააბრუნა.

პარადოქსულია ანდა, შესაძლოა, სრულიად კანონზომიერიც, რომ უზარმაზარი დამსახურებების მიუხედავად, ერეკლე მეფის მოღვაწეობა მუდამ მძაფრ წინააღმდეგობრივ ასპექტებში განიხილება რუსულ პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირის გამო, თუმცა ფაქტია, რომ მის გარეშე საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას კი არა, შოთა რუსთაველის სახელის სათანადო მოვლა-პატრონობასაც ვერ მოახერხებდა. თურქეთის მხარეს დარჩენილი მკვიდრი მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად გამოუვალი იყო, რომ რუსთაველის ხსენების იმედადღა იყვნენ, მას მოუხმობდნენ, მაგრამ უკვე - თურქულად.

ამ ამბებიდან მოგვიანებით, გაგანია საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის დროს, უდიდეს ქართველ მგოსანს პირველი იუბილე გადაუხადეს. სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს მწერალი შოთა რუსთაველის სახელის მთელ მსოფლიოში გავარდნას.

„უკვდავი ქმნილება - „ვეფხისტყაოსანი“, მიუხედავად იმისა, რომ ბნელეთის მოციქულები - ფეოდალ-ხუცესები საუკუნეთა განმავლობაში დევნიდნენ მას და ცეცხლშიც კი წვავდნენ, ლახავს საუკუნეთა წყებას, ხდება ხალხის ნამდვილი კუთვნილება“ - მაშინ ასე დაწერილა.

1934 წელს, სწორედ გაზაფხულზე, ერთ-ერთი დადგენილების საფუძველზე გადაწყვეტილა თბილისში შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმა. ამ დროისათვის საქართველოში უკვე მოღვაწეობდა ნიუ-იორკიდან ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ვენერა ბარამიძე-ურუშაძე, რომელსაც ინგლისურ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ პირველი პოეტური თარგმანი ეკუთვნის.

რაც შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნას, სტალინი მაინცდამაინც კმაყოფილი არ ყოფილა კონსტანტინე ბალმონტისეული და სხვათა თარგმანებით. შალვა ნუცუბიძის ნათარგმნი კი მოეწონა, პირადად გაუკეთებია რედაქტირება და თვითონაც რამდენიმე სტროფი უთარგმნია.

1938 წელს გამოსცეს ლიტერატურული ლოტო - "ვეფხისტყაოსანი", რომელიც შესანიშნავ გასართობს წარმოადგენდა - ამოსაღები ციფრების ნაცვლად, მუყაოს პატარა ფირფიტებზე პოემის რომელიმე სტრიქონი ეწერა, ხოლო მოთამაშეთა ბარათებზე კი სტრიქონთა გაგრძელებები იყო მოცემული. ამგვარად უნდა შეევსოთ მოთამაშეებს ლოტოს მთლიანი დაფა თუ ცალკეული ხაზი...

1937 წელს გამართული 750 წლის იუბილე, ეტყობა, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ზუსტად 29 წლის შემდეგ, 1966 წელს, საქართველოს მთავრობამ ვეღარ მოითმინა და ზეიმის განმეორება მოინდომა - ვითომდა, 50 წელი გასულიყო, 800 წლისთავის იუბილე მოაწყვეს...

1968 წელს ექსპლუატაციაში გაუშვეს თბომავალი „შოთა რუსთაველი“, რომელიც თავიდან ბათუმი-ოდესის მარშრუტით ტურისტულ კრუიზებს ასრულებდა შავ ზღვაზე, შემდეგ კი - ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეებიც დაიპყრო. ამ ულამაზეს გემზე განთავსებული იყო შვიდი ბარი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო იყო წარმოდგენილი. ინტერიერები ქართული სტილის ორნამენტებითა და ნახატებით იყო გაფორმებული. სულ ხუთი ასეთი გემი ააგეს საბჭოთა კავშირში და ყველა მათგანი პოეტების სახელს ატარებდა.

პირველი ექსპლუატაციაში „ივან ფრანკო“ შევიდა, 1964 წელს. 1965 წელს მას „ალექსანდრე პუშკინი“ მოჰყვა, მომდევნო, 1966 წელს „ტარას შევჩენკო“ გავიდა ზღვაში, შემდეგი კი - „შოთა რუსთაველი“ იყო, რომელიც 1968 წელს შავი ზღვის რეგიონისთვის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ააგეს, საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის სამინისტროს დაკვეთით. ეს სერია 1971 წელს თბომავალმა „მიხეილ ლერმონტოვმა“ დააბოლოვა.

1990 წლის ნოემბერში გემს ხანძარი გაუჩნდა და ძლივს მოხერხდა, რომ საწვავის ავზებიც არ აალებულიყო. 2002 წელს, როგორც იქნა, დასრულდა რემონტი, გემს მოდერნიზაცია ჩაუტარდა, სახელიც გადაარქვეს “Assedo” უწოდეს („ოდესა“ უკუღმა წაკითხვით), მაგრამ მან არსებობის გაგრძელება აღარ ისურვა, საბოლოო განსასვენებლად ინდოეთის ნაპირები აირჩია, პორტ ალანგის ნაპირებზე, ჯართის სასაფლაოზე გადაიტანეს და ნაწილებად დაშალეს.

სიმბოლოები მრავლისმეტყველია და ისიც ნიშანდობლივია, რომ სტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირის საყვარელი მომღერლისა და კინომსახიობის სახელობის გემი - „ლუბოვ ორლოვაც“ ოკეანეში დაიკარგა, მიუხედავად არა ერთი მცდელობისა და იმ ფაქტისა, რომ მოგვიანებით საბოლოო სიგნალი ირლანდიის ნაპირებიდან მიიღეს, მისი ადგილსამყოფელი მაინც ვერავინ დაადგინა.