ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავზე რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორების თავზე... ტყვიამფრქვევები განათავსეს - კვირის პალიტრა

ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავზე რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური რეაქტორების თავზე... ტყვიამფრქვევები განათავსეს

26 აპრილს 37 წელი შესრულდა ჩერნობილის ბირთვული ავარიიდან, რომელიც 1986 წელს მოხდა და მსოფლიოს ტექნოგენურ კატასტროფებში პირველ ადგილს იკავებდა, სანამ ის იაპონური ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა სერიოზულმა ავარიამ არ გადაფარა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური სამი ათეული წლის განმავლობაში დაკონსერვებული გახლავთ და მის სიახლოვეს ოფიციალურად მხოლოდ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებს უშვებდნენ, თუმცა 2022 წლის 24 თებერვალს ჩერნობილს დაუპატიჟებლად რუსი „ტურისტების“ მთელი ჯგრო „ეწვია“ , თანაც ტაქსების ნაცვლად... ტანკებით და გარკვეული ხანი ოკუპირებული ჰქონდათ ეს რაიონი, სანამ მოსკოვმა უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან უკან არ დაიხია.

სამაგიეროდ, დღემდეა ოკუპირებული უკრაინის კიდევ ერთი უზარმაზარი და ევროპაში უმსხვილესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგური, თავისი ექვსი ატომური ენერგობლოკით, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ევროპისთვის და ახლო აღმოსავლეთისთვისაც, რადგან დაზიანებული ატომური რეაქტორიდან ამოტყორცნილ მაღალრადიოაქტიურ ნივთიერებებს ქარი საით წაიღებს, არავინ უწყის - რადიაცია საზღვრებს არ ცნობს...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსულ საოკუპაციო ძალებს არა ერთხელ აქვთ გახსნილი საარტილერიო ცეცხლი, მათ შორის - „გრადებიდან“, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული უკრაინის არმიის დანაყოფებისთვის, შესაბამისად, უკრაინელების საპასუხო დარტყმების შედეგად, ასევე არა ერთხელ აფეთქებულა უშუალოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრი...

ყოველივე ეს, ისევე, როგორც რუსი ოკუპანტების მიერ უშუალოდ ატომური რეაქტორების შენობაში შეყვანილი და იქ გადამალული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, ზრდის სახიფათო ინციდენტების ალბათობას, რასაც მძლავრი აფეთქებები შეიძლება მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, უშუალოდ ატომური რეაქტორების უსაფრთხოებას დაემუქრება...

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ მიაღწია იმას, რომ რუს ოკუპანტებს დაეტოვებინათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რაც, ასევე, გამორიცხავდა უკრაინელების საპასუხო ცეცხლს ამ მიმართულებით.

პირიქით, როგორც აღმოჩნდა, რუსი ოკუპანტების სარდლობა უფრო აძლიერებს დაპყრობილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მილიტარიზაციას და, არც მეტი და არც ნაკლები, ატომური რეაქტორების შენობების სახურავებზე... ტყვიამფქვევებიან საცეცხლე წერტილებს აწყობს...

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა თავისი სამხედრო დაზვერვის მორიგი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსი ატომური ენერგობლოკიდან სამის სახურავზე რუსმა ოკუპანტებმა ქვიშის ტომრებიანი, ტყვიამფრქვევიანი საცეცხლე პოზიციები მოაწყვეს, რაც კოსმოსიდანაც კი მოჩანს!

ამის დამადასტურებლად წარმოდგენილია Maxar Company-ის მიერ 2023 წლის 25 მარტს გადაღებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ენერგობლოკების თანამგზავრული ფოტოსურათები.

2-zap-1682583172.png
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტოს ანალიზი, რომელზეც კარგად მოჩანს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-2, მე-3 და მე-5 ატომური ენერგობლოკების სახურავებზე რუსმა ოკუპანტებმა საცეცხლე პოზიციები მოიწყვეს...

თანამგზავრულ ფოტოებზე კარგად მოჩანს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 6 ატომური ენერგობლოკიდან სამზე, მე-2-ის, მე-3-ის და მე-5-ის სახურავებზე მოწყობილია ქვიშისტომრიანი საცეცხლე პოზიციები, რომლებზეც, სავარაუდოდ, დაყენებულია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ავტომატური ყუმბარსატყორცნები და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ასევე, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

და ეს ყველაფერი... 1 000 მეგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორების თავზე!

გასაგებია, რომ რუსი ოკუპანტები უკვე ძალზე ნერვიულობენ უკრაინელების მხრიდან დაანონსებული ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების შესაძლო დაწყების გამო და აძლიერებენ უკვე დაპყრობილი ტერიტორიებისა და ობიექტების თავდაცვას, მაგრამ ატომური რეაქტორების თავზე საცეცხლე წერტილების მოწყობა, საიდანაც გახსნილმა ცეცხლმა შეიძლება საპასუხო დარტყმა გამოიწვიოს, მართლაც უკვე არ ჯდება არავითარ საზღვრებში - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ატომური ენერგობლოკების შენობები ერთმანეთისგან მხოლოდ 90 მ-ითაა დაშორებული და ერთის სერიოზულმა დაზიანებამ, შეიძლება სხვებსაც გაუჩინოს პრობლემები.

გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, სპეციალურ სამარხში ინახება 174 ბეტონის კონტეინერი, თითოეულ მათგანში კი განთავსებულია გამოყენებული ბირთვული საწვავის 24 მოწყობილობა, რომლებიც მაღალი რადიოაქტიურობით გამოირჩევიან და მათი ჰერმეტიზაციის დარღვევა არანაკლებ საშიშია, ვიდრე - თავად ატომური რეაქტორის ავარია...