"კობა ამბობდა, მიშას გარეშე ამას არავინ იზამდა, ყველა ბრძანებას მიშა გასცემსო" - კვირის პალიტრა

"კობა ამბობდა, მიშას გარეშე ამას არავინ იზამდა, ყველა ბრძანებას მიშა გასცემსო"

ინტერვიუ მომზადებულია 2021 წელს

"სანდრას არასდროს უცდია ჩვენთან ურთიერთობის გარკვევა, არც კობას გარდაცვალების შემდეგ მოსულა სამძიმარზე"

კობა დავითაშვილის მეუღლე ინგა ბიწაძე ამბობს, რომ კობამ ბოლოს ყველას აპატია, მიშას გარდა.

- კობა ამბობდა, რომ სააკაშვილს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქვეყნის წინაშე და არ ეპატიებოდა... ჩემი ქმარი მოითხოვდა სამართლიანობას და ჩვენ ამ დღეს დიდხანს ველოდით. სამართალმა პური ჭამა! მაგრამ ახლა ქვეყანაში ერთდროულად სააკაშვილი და პანდემიაა და რომელი უფრო დიდი უბედურებაა, ვეღარ გავიგე.

- მოითხოვთ მის დასჯას? - ის უკვე დასჯილია! მიშასთვის ძნელია ციხეში ყოფნა და დარწმუნებული ვარ, არ ეგონა, ამდენ ხანს თუ იქნებოდა იქ. მას თავი ისევ პრეზიდენტი ჰგონია და ვერ გაიგო, რომ პატიმარია. ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და მაინც ამდენ ხალხს უშვებენ მასთან, ყველანაირად შეუწყვეს ხელი, მაგრამ ეს არ ჰყოფნით... სააკაშვილის დროს რასაც კადრულობდნენ, ის ახლა არავის მოუვა თავში. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ ჰქონდა და ახლა მამა აბრამის ბატკნებად მოაქვთ თავი. თურმე სხვისი სიცოცხლე არაფრად ღირს და სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

სააკაშვილს რომ ვუყურებ, ადამიანურად მეცოდება, მაგრამ თუ კანონი არ აღსრულდა, ძლიერი ქვეყანა ვერ აშენდება. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინვე რომ დაეჭირათ და გაესამართლებინათ, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა. ახლა დიდი დროა გასული, ლამის ერთი თაობა შეიცვალა და ისე მიჰყავთ საქმე, უკვე მისი დასჯაც აღარ გინდა, ოღონდ დაგვანებოს თავი, წავიდეს აქედან და მისი სახელის ხსენებაც არ იყოს. ქვეყანა არია, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ამბობდნენ, მიშას სულ ასანთი უჭირავს ხელში და მზად არის, ქვეყანას ცეცხლი წაუკიდოსო. ახლაც ასეა. მაგრამ მაინც ახერხებენ, ისეთი ვითარება შექმნან, თითქოს სააკაშვილს ციხეში აწამებენ და საშინელ დღეში ამყოფებენ...

ჩემი ქმრის მკვლელობის მცდელობა 2006 წელს მოაწყვეს. კობას მკვლელობა შეკვეთილი იყო და ამისთვის გიორგი კურტაევი დაიქირავეს, მაგრამ მაშინ კურტაევმა ეს ვერ მოახერხა.

მანამდე, 2003 წელს, კობას აჭარაში სცემა ასლანის რეჟიმმა. "ვარდების რევოლუციამდე" 40 დღე სახლში იწვა და ძალიან ცუდად იყო, მარჯვენა მხარე გაშეშებული ჰქონდა. 22 ნოემბერს ადგა ფეხზე და მოხდა კიდეც "ვარდების რევოლუცია".

მეორედ 2004 წელს ისევ აჭარაში სცემეს, ტვინის შერყევა ჰქონდა და რამდენიმე დღე იწვა. არადა, დედისერთა ბიჭი ისე გაიზარდა, არავისთან უჩხუბია. კანონმორჩილი ადამიანი გახლდათ და, ბედის ირონიით, ასეთ ცემა-ტყეპაში მოუწია ცხოვრებამ...

2006 წელს მკვლელობა რომ არ გამოუვიდათ, გაუვრცელეს ფარული ჩანაწერები (ე.წ. ნავერტილე) და ეს ტელევიზიებით გაშუქდა, მაშიIნ კობა პარლამენტის წევრი იყო და არ ჰქონდათ ფარული მიყურადების უფლება, მაგრამ ფიზიკურად რომ ვერ გაუსწორდნენ, ამ ჩანაწერებით დარტყმა მიაყენეს. რაც მთავარია, სააკაშვილმა ეს პირდაპირ ეთერში აღიარა: ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, კობა დავითაშვილი ვერ მოვკალით, მაგრამ მაინც პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო... ამ სიტყვებიდან მალევე გაავრცელეს ის ფარული ჩანაწერები...

2004 წელს აჭარაში გადაუჭრეს მანქანის სამუხრუჭე სისტემები და მაშინაც შემთხვევით გადარჩა... ახლა გავიგე, იმავე წელს თბილისში ბაზრის დახურვის მცდელობისას სპეცრაზმმა მომიტინგეები რომ დაარბია, მაშინ კობაც უცემიათ.

2007 წლის 7 ნოემბრის ამბავი ხომ ყველამ იცის, როგორ სასტიკად მოექცნენ... კობას მუდმივად უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ, მერე იგნორირების ტაქტიკაზე გადავიდნენ, თითქოს არც იმჩნევდნენ მის გამოსვლებსა და პროტესტს... კობას კანონი არასოდეს დაურღვევია, მუდმივად მახეს უგებდნენ, მაგრამ მაინც მოახერხა და მახეში არ გაება, თორემ რა დაუშლიდათ, დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ ციხეში. მერე კობას ავტორიტეტის განადგურება უნდოდათ...

- საზოგადოებამ მოისმინა თქვენი შვილის ემოციური განცხადება, კობა შვილებთან საუბრობდა ამ საკითხებზე?

- არა, რა უნდა ეთქვა შვილებისთვის, მისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემა იყო... ახლა ატყდა ამბავი თორნიკეს განცხადებაზე, არადა, რა თქვა ასეთი? ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაო. არც მე ვითხოვ შურისძიებას, ვითხოვ, გასამართლდეს კანონით და დაინახოს ხალხმა, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.

- როგორ გახდა სააკაშვილი თქვენი შვილის ნათლია? - 1997 წელს მიშა ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო და მაშინ წლის ადამიანად დასახელდა. კობამ სად გაიცნო, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დამეგობრდნენ. 1999 წელს დაიბადა თორნიკე და 2 თვის იყო, კობამ მიშას რომ მოანათვლინა. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, მიშამ თავისი სახე გამოაჩინა. მანამდე ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ბავშვი დიდუბის ეკლესიაში მოვნათლეთ. მთელი ნათლობის პროცესში თორნიკე სააკაშვილს ეჭირა ხელში, მეორე ნათლიაც გვყავს - ნონა წოწორია (წლების მანძილზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოსამართლე იყო. - ავტ.) ნონას ხელში არ გაჩერდა, ტიროდა და სულ მიშას ეჭირა. ბავშვს ხმა არ ამოუღია, ისე ჩუმად ჩატარდა ყველაფერი.

- სააკაშვილი ნახულობდა ნათლულს? - ხშირად ვერ ნახულობდა, მაგრამ როცა შეხვდებოდა, თბილად ექცეოდა. ორჯერ წაიყვანა კობამ მასთან ბავშვი. ბოლოს 2004 წელს ნახა, თორნიკე მაშინ 5 წლის იყო. კობას მანქანის მუხრუჭების გადაჭრის ამბავი უკვე მომხდარი იყო და იმ დღეს თავისი პირით უთხრა მიშამ ლევან ვარშალომიძეს, აღარ გადაუჭრათ მანქანის მუხრუჭები, კობა თავისი ქვეყნის პატრიოტიაო. თავისი პირით უთხრა, ნუღარ მოკლავთო...

სამაჩაბლოს ომის პირველი ინციდენტი რომ დაიწყო, მიშამ კობას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. კობა შორ გზაზე მიდიოდა და უკან დაბრუნდა, ოპოზიციაში ვარ და მაინც მე მეძახის ეს კაციო. კობას ეკითხებოდა ჭკუას, მაგრამ მერე ბევრი ჭკუის დამრიგებელი გამოუჩნდა... მიუხედავად ყველაფრისა, კობა სულ ამბობდა, მე მიშასთან პირადული არაფერი მაქვს, მაგრამ ქვეყანას და ადამიანებს რა უქნაო...

კობას საქმეში ოფიციალურად ზურაბ ადეიშვილი ცნეს დამნაშავედ, მაგრამ კობა ამბობდა, მიშას გარეშე ამას არავინ იზამდა, ყველა ბრძანებას მიშა გასცემსო. ნიკა გვარამიას უთქვამს, კობამ შეურაცხყოფა მიაყენა მიშას ოჯახსო... არასოდეს კობას მიშას ოჯახისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ყველა მისი განცხადება საჯაროა და რატომ ამბობენ ამას? ისეთ დიდ პატივს სცემდა სანდრას, რომ უნდოდა, ჩვენი მეოთხე შვილი სანდრას მოენათლა. არ შეიძლება ცოლ-ქმარმა მონათლოს ჩვენი შვილები-მეთქი და გადავაფიქრებინე...

- სანდრას თუ უცდია ოდესმე თქვენთან ურთიერთობის გარკვევა? - არ უცდია, ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ... არც კობას გარდაცვალების შემდეგ მოსულა სამძიმარზე. სანდრა ნამყოფია ჩვენს ოჯახში, კარგი ურთიერთობა გვქონდა. მიშას ნიკოლოზი რომ შეეძინა, მაშინ კობა ოპოზიციაში იყო და იმდენად გაუხარდა, რომ ტელევიზიით მიულოცა...

რა უფლება მაქვს სხვა დაზარალებულების მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ მე მინდა ქვეყანაში სიმშვიდე იყოს და ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. გააგრძელეთ კითხვა