"კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ განაჩენია მათთვის, ვისაც ფული არა აქვს!"
დიმიტრი ცინცაძის ფონდის "ანგელოზები"
"კიბო განაჩენი არ არის, მაგრამ განაჩენია მათთვის, ვისაც ფული არა აქვს!"
"ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქები გაუჩნდა და მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მას ლეიკემია აქვს და ძვირად ღირებული მედიკამენტის - იმუნოგლობულინის გადასხმის გარეშე დიდხანს ვერ იცოცხლებს. გიორგის სრულყოფილი გამოკვლევა და საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება..." - "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისთვის" მსგავსი ისტორიები ჩვეულებრივი მოვლენაა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"თითოეული პატარას ისტორია, თითოეული ზარი, რომელსაც ვუსმენთ, ჩვენს გულზე გადის! უმძიმესია, როცა დედა გირეკავს და გთხოვს: ჩემს შვილს გულის გადანერგვა სჭირდება და ხომ დაგვეხმარებითო?.. შენ კი იძულებული ხარ უთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს ვეხმარებით. სულ გვინდოდა, ყველა ბავშვს 0-დან 18 წლამდე, ჩვენი იმედი ჰქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვდის. ამიტომ, მხოლოდ ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით..."
"ამ წლებში 500-მდე ბავშვს დავეხმარეთ და მათ შორის 337 სრულად განიკურნა! მართალია, 200-ზე მეტი ბავშვი დაგვეღუპა, მაგრამ გადარჩენილთა არსებობა დიდ სტიმულს გვაძლევს. წარმოიდგინეთ, ამ 337 ბავშვს გადარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა ფული, რომ ემკურნალა..."
"დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს აქცია მოვაწყვეთ და ის დაგვპირდა, გადანერგვას სახელმწიფო დააფინანსებსო. მან ეს პირობა შეასრულა და დღეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვას სახელმწიფო აფინანსებს. თბილისში მცხოვრებ ბავშვებს ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვთ, რადგან მათ სახელმწიფოც აფინანსებს და მერიაც, მაგრამ საქართველოში სხვა ქალაქები და სოფლებიც ხომ არის? იქ მცხოვრებ პატარებსაც მიხედვა სჭირდებათ!.."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე