"მისი ცოლად შერთვის მიზნით, დადეშქელიანმა რჯული შეიცვალა და ისლამი მიიღო" - ვინ იყო ულამაზესი ამინათი
"ოთარს ულამაზესი ამინათი ისე შეუყვარდა, რომ მასზე დასაქორწინებლად რჯული შეიცვალა და ისლამი მიიღო. გაიგო თუ არა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ოთარ დადეშქელიანის საქციელის შესახებ, ძალიან გაბრაზდა და მის წინააღმდეგ რუსული ადმინისტრაცია ჩაერთო..." - საქართველოს ისტორიის მკვლევარი გოჩა ჭელიძე დადეშქელიანის შესახებ გვიამბობს:
- ისეთ არეალში, როგორიც სვანეთია, თავმოყრილია უამრავი ეკლესია-მონასტერი და უძვირფასესი საეკლესიო განძი. როდესაც მეფის რუსეთის მოხელეები 1830-იან წლებში სვანეთში პირველად ამოვიდნენ, თვალებს არ უჯერებდნენ, იმდენი სიწმინდე დახვდათ. ასეთი რამ ვერც კი წარმოედგინათ.
1850-იან წლებში, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დროს, ბეჩოს ყოჩი, ახალგაზრდა ოთარ დადეშქელიანი სანქტ-პეტერბურგში გამოიძახეს. ოთარი გაემგზავრა და ღამის გასათევად ბალყარეთში, ბაქსანის ხეობაში გაჩერდა. აქ მან ნახა მირზაკულ ურუსბიევის ულამაზესი ასული ამინათი, რომელიც ისე შეუყვარდა, რომ სანქტ-პეტერბურგში წასვლა გადადო. დარჩა ბაქსანის ხეობაში, რათა ამინათი ცოლად მოეყვანა. ოთარს ამინათი ისე შეუყვარდა, რომ მასზე დასაქორწინებლად რჯული შეიცვალა და ისლამი მიიღო. გაიგო თუ არა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა ოთარ დადეშქელიანის საქციელის შესახებ, ძალიან გაბრაზდა და მის წინააღმდეგ რუსული ადმინისტრაცია ჩაერთო. თავადი ოთარ დადეშქელიანი ქრისტიანად დაიბადა და მოინათლა. რუსეთის მთავრობა, რომელიც კავკასიაში პოლიტიკას ატარებდა, რომელსაც ოფიციალურად „მართლმადიდებლობის აღდგენა“ უწოდეს, ამ ამბავს ვერ შეეგუებოდა. ისინი მღვდლებს მასობრივად აგზავნიდნენ სვანეთში ქრისტიანობის საქადაგებლად, მართლმადიდებელი მრევლის გაზრდის მიზნით. და ამ ფონზე რუსეთის იმპერიისთვის შეუძლებელი იყო მუსლიმი პრინცის მოთმენა რეგიონში, სადაც, მისი აზრით, მართლმადიდებლობის პოზიცია ისედაც მყიფე იყო.
1857 წლის ზაფხულში შეიქმნა სპეციალური კომისია სვანური პრობლემების გასაანალიზებლად, გენერალ ვასილი ბებუთოვის თავმჯდომარეობით. კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ მმართველობის თვალსაზრისით მოუხერხებელია სამთავრო სვანეთის მცირე საკუთრებად დაყოფა და შეუძლებელია რეგიონის რომელიმე ნაწილის მინიჭება მუსლიმ უფლისწულზე, პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზეზების გამო. ამიტომ მას თავადის წოდება ჩამოერთვა, ასევე, ოთარს სვანეთში ცხოვრება აეკრძალა და ბრძანება გაიცა, რომ ოთარი და მისი შთამომავლები ოთაროვებად მოეხსენიებინათ. ამაყი ოთარი არ დაემორჩილა რუსეთის იმპერატორის ბრძანებას, მიატოვა თავისი მამულები და სვანეთის რთულად მისადგომ სოფელ მაზერში დასახლდა, საიდანაც მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, იმპერატორის ბრძანება მისი გასახლების შესახებ შეუსრულებელი დარჩა. საბოლოოდ, მეფის რუსეთის მიერ ოთარს ჩამოერთვა ყველა წოდება და საკუთარი გვარიც კი და ამიერიდან ოთაროვებად მოიხსენიეს.
სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე უნდა საუბრობდეს გეოგრაფი და ნატურალისტი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი-კორესპონდენტი, გეოგრაფიულ კვლევებში გამორჩეული მომსახურებისთვის დედოფალ ვიქტორიას ოქროს მედლით დაჯილდოებული გუსტავ რადე, რომელიც აღნიშნავს, რომ ნათესაურ კავშირს ამყარებდნენ სვანეთის და ჩრდილო-კავკასიაში მცხოვრები ხალხების ყველა ფენის წარმომადგენლები. რადე აღნიშნავს, რომ ოთარ დადეშქელიანის მეუღლეს სვანეთში ბალყარელი მოახლეებიც გამოჰყვნენ, რომლებმაც ოჯახები შექმნეს. შედეგად, 1860-იან წლებში ბეჩოში 12 ნახევრად ბალყარული ოჯახი ცხოვრობდა.
დადეშქელიანების ციხე-სიმაგრე ააფეთქეს და გაძარცვეს 1924 წელს, კომუნისტების მიერ სვანეთის აჯანყების ჩახშობისთანავე.
(სპეციალურად საიტისთვის)