"100%-ით კადიროველები" - ვინ არიან ჩეჩნეთის "ახალი გმირები"?
საინფორმაციო სააგენტო Кавказ.Реалии-ის ცნობით, რამზან კადიროვმა 13 დაახლოებულ პირს "ჩეჩნეთის გმირის" წოდება მიანიჭა. როგორც ცნობილია, დაჯილდოებულთა უმეტესი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურადაა ჩართული, ბევრი მათგანი კი დასავლეთის ქვეყნების სანქციებში მოხვდა. "ჩეჩნეთის გმირის" წოდება მიანიჭეს: ძმებ დელიმხანოვებს, რუსლან გერემეევს, სულთან რაშაევს, ანზორ ბისაევს, ადამ ხიზრიევს, რუსტამ აგუევს, მაგომედ ტუშაევს, რუსლან ალხანოვს, მუსა ახმატოვს, საიდი ლორსანკაევს, ტიმურ იბრიევსა და ალი მუსაევს.
დაჯილდოების შესახებ საზოგადოებისთვის 18 აპრილს ჩეჩნური მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. კადიროვმა 13 დაახლოებულ პირს, რუსეთის ფედერაციისა და ვლადიმერ პუტინის სახელობის მადლობის სიგელები და სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის - "ჩეჩნეთის გმირის" ვარსკვლავი გადასცა.
"ჩეჩნეთის გმირის" ორდენისთვის დამზადებული ვარსკვლავის დიზაინი, როგორც ცნობილია, თავად რამზან კადიროვმა 2022 წლის შემოდგომაზე შეარჩია და დაამტკიცა. 8-ქიმიან ვარსკვლავზე წერია: "ღირსეული მამაკაცი". მოგვიანებით კადიროვი თავადვე გახდა "ჩეჩნეთის გმირის" ჯილდოს მფლობელი.
ძმები დელიმხანოვები
კადიროვის 13 დაჯილდოებულ პირთა შორისაა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, 53 წლის ადამ დელიმხანოვი, რომელსაც ადრე კადიროვი მემკვიდრედაც კი მოიაზრებდა. წარსულში ის ავტომობილებით ვაჭრობდა, ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და კრემლს უჭერდა მხარს.
დელიმხანოვი დუმის წევრი 2007 წელს გახდა, თუმცა როგორც გამოცემა Кавказ.Реалии წერს, 16-წლიან დეპუტატობის პერიოდს ვერ ჩავთვლით წარმატებულად, ამ პერიოდის განმავლობაში ის მხოლოდ 19 კანონის თანაავტორია, ხოლო ტრიბუნასთან სიტყვით მხოლოდ გასულ ზაფხულს გამოვიდა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ადამ დელიმხანოვის სახელს უკავშირდება ძმებ იამადაევებისა და რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობა.
გარდა ამისა, ჩეჩენი ბლოგერის - მამიხან უმაროვის თქმით, დელიმხანოვს უკავშირდება "აზოვისა" და ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონთა მეთაურების მკვლელობის შეკვეთაც. როგორც ცნობილია, 2020 წლის ივლისში უმაროვი მოკლეს და ამ საქმესაც დეპუტატ დელიმხანოვს უკავშირებენ.
ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში რუსმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა ადამ დელიმხანოვს "ქვეყნის ყველაზე საშიში დეპუტატი" უწოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: "რუსეთის ყველაზე საშიში დეპუტატი" - რით არის ცნობილი ადამ დელიმხანოვი"
გამოცემა Кавказ.Реалии-ის ცნობით, ადამ დელიმხანოვის ძმას, 42 წლის შარიფ დელიმხანოვს, უფროსი ძმისგან განსხვავებით, არ აქვს მრავალფეროვანი ბიოგრაფია. ის ახმატ კადიროვის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2016 წლიდან კი ჩეჩნეთში რუსულ გვარდიას ხელმძღვანელობს. "ჩეჩნეთის გმირის" ჯილდოს მიღებამდე, უმცროს დელიმხანოვს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - "ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცველის" ჯილდოც.
რუსლან გერემეევი
დაჯილდოებულთა სიაშია 44 წლის რუსლან გერემეევიც, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. პოლიტიკოსის ოჯახის ადვოკატმა შეძლო, სასამართლოში გერემეევი გამოეძახებინათ, თუმცა სხდომაზე ის არ წარდგა, გამოძიებამ კი განაცხადა, რომ გერემეევის საცხოვრებელ მისამართზე კარი მათ არავინ გაუღო.
მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მას სტატუსი შეუცვალა და "მოწმედ" მოიხსენიებოდა, თუმცა გერემეევი მაინც არავის დაუკითხავს.
2022 წლის მარტში გერემეევი მარიუპოლიდან გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა. როგორც მაშინ კადიროვმა აღნიშნა, სწორედ რუსლან გერემეევს მიანდეს "ყველაზე რთული მონაკვეთი". განცხადებიდან სამ დღეში ცნობილი გახდა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სულთან რაშაევი
ჩეჩნეთში რუსული გვარდიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი სულთან რაშაევი, მეტსახელად "მებრძოლი", საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც "კადიროვის ქილერი".
გამოცემა Кавказ.Реалии-ის ცნობით, ჟურნალისტთა გამოძიება ადამ დელიმხანოვთან ერთად სწორედ რაშაევის სახელს უკავშირებს 2006 წელს ჩეჩნური რაზმის ხელმძღვანელის, მოვლადი ბაისაროვის მკვლელობის საქმეს, რომელიც ბოლო პერიოდში რამზან კადიროვის საწინააღმდეგო აზრს ღიად აფიქსირებდა.
ბაისაროვი "სპეცოპერაციის მიმდინარეობისას" მოკლეს - ამბობდნენ, თითქოს ბაისაროვმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია პოლიციასო. თუმცა თვითმხილველთა თქმით, რაზმის ყოფილი ხელმძღვანელისთვის ნასროლი 11 ტყვიიდან, 7 სწორედ რაშაევს ეკუთვნოდა.
რამზან კადიროვი "მებრძოლის" მიმართ დიდ ყურადღებასა და პატივისცემას აქამდეც გამოხატავდა. მან რაშაევს იუბილეც მიულოცა და განაცხადა, რომ ის "მამაცი მებრძოლია".
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რაშაევი, როგორც ერთ-ერთი კადიროველი, დღემდე ომშია ჩართული.
კადიროვის დაჯილდოებულთა სიაში მოხვდა ვიცე-პოლკოვნიკი ანზორ ბისაევიც, ამჟამად "ომონის" დანაყოფის ხელმძღვანელი "ანზორ მრისხანე". ის ადრე სწრაფი რეაგირების ჯგუფის მებრძოლი იყო.
"მტერს ეშინია, მეგობრები კი დიდ პატივს სცემენ - აი ეს არის ნამდვილი მებრძოლის ღირსეული თვისებები. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანზორი სწორედ ამ თვისებების მატარებელია", - განაცხადა რამზან კადიროვმა ბისაევზე საუბრისას.
გამოცემა Кавказ.Реалии-ის ცნობით, უკრაინული მხარე სწორედ ანზორ ბისაევს ადანაშაულებს არასრულწლოვნის წამებაში.
კადიროვის დაჯილდოებულთა რიცხვშია 37 წლის მოგამედ ტუშაევი, რომელიც გამოცემა Кавказ.Реалии-ის ცნობით, შესაძლოა, მონაწილეობდა ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა წამებაში.
2022 წელს უკრაინული და სხვა უცხოური მედიები წერდნენ, რომ ტუშაევი, სავარაუდოდ, გოსტრომელში შეტაკებისას დაიღუპა, მაგრამ ინფორმაცია არ დადასტურდა.
"ჩეჩნეთის გმირის" წოდება მიენიჭა ჩეჩნეთის 60 წლის შსს მინისტრს - რუსლან ალხანოვს. ის ჯერ კიდევ უფროსი კადიროვის ჯგუფში შედიოდა და თანამდებობა რამზან კადიროვის მამის სიცოცხლეში დაიკავა.
2004 წლის მაისში, გროზნოში მომხდარი აფეთქებისას, სწორედ ის ახლდა თან უფროს კადიროვს.
ტელეარხ "დოჟდის" ინფორმაციით, ალხანოვის მეუღლე სამ ვაჟთან ერთად მოსკოვში, ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს.
ევროპაში არსებული იჩკერიული მოძრაობის წარმომომადგენელი, ჯამბულატ სულეიმანოვი გამოცემა Кавказ.Реалии-ის კადიროვის გამართულ ღონისძიებასა და ჯილდოს მნიშვნელობაზე ესაუბრა:
"რამზან კადიროვის საქციელი ლოგიკას არ ემყარება. რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის "ჩეჩნეთის გმირის" წოდებას არავითარი ღირებულება არ აქვს. ჩეჩნები ამ ხალხს გმირებად არ თვლიან. შესაძლოა, ამ ჯილდოს ერთადერთი მიზანი განწყობათა დემონსტრირება და ერთმანეთის თვალში პრესტიჟის ამაღლებაა", - აღნიშნავს სულეიმანოვი.
უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევიც ჯამბულატ სულეიმანოვის აზრს ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ჩეჩნებისთვის ეს ხალხი გმირი არ არის.
"კადიროვმა მათ ვერიფიკაცია გაუკეთა, როგორც ყველაზე ახლო წრეს. ვისაც ეს ვარსკვლავი აქვს, ის 100%-ით კადიროველია. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ კადიროვი რესპუბლიკის ჯილდოებს ფედერაციის ჯილდოების პარალელურად გასცემს, ამით კი ამ ჯილდოებს განსაკუთრებულ სტატუსს სძენს", - აღნიშნა უფლებადამცველმა გამოცემასთან საუბრისას. (წყარო)