ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად თეთრ სახლში მიღებას დაესწრო - ჰოლივუდის ვარსკვლავი Chanel-ის კაბით (ფოტოები)
47 წლის მსახიობი და ქველმოქმედი ანჯელინა ჯოლი, 21 წლის ვაჟთან, მედოქსთან ერთად, თეთრ სახლს ეწვია. ვახშამი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გამართეს, რათა აშშ-სა და კორეის რესპუბლიკის ალიანსის 70 წლისთავი აღენიშნათ.
ვახშამზე მიწვეული იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი და მისი მეუღლე, კიმ კეონ ჰი. აშშ-მა წყვილს თბილი დახვედრა მოუწყო, გადასცეს საჩუქრებიც და საბოლოოდ, ნასიამოვნებმა სამხრეთ კორეის პირველმა პირმა მადლობის ნიშნად სიმღერაც კი შეასრულა.
საღამოს განსაკუთრებული სტუმარი ცხადია, ანჯელინა იყო.
"აზიის და ამერიკის ურთიერთობები ანჯელინას ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მასაც და მის შვილებსაც უკვე მრავალი წელია აზიასთან მჭიდრო კავშირი აქვთ.
მედოქსი სეულში იონსეის უნივერსიტეტში სწავლობდა და ანჯელინაც ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა სამხრეთ კორეაში ჰუმანიტარული მიზეზებით, ლტოლვილთა დასახმარებლად. მათთვის დიდი პატივია სახელმწიფო ვახშამზე დასწრება“, - განაცხადა ჯოლისთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა The People-თან.
გამართულ ვახშამზე მსახიობს Chanel-ის ვინტაჟური კაბა და მოსაცმელი ეცვა, რომელიც მისთვის წლების წინ შეიკერა. (წყარო)