რას გულისხმობს ტაქსების რეფორმა და რა სიახლეები ამოქმედდება 1-ელი ივლისიდან? - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს ტაქსების რეფორმა და რა სიახლეები ამოქმედდება 1-ელი ივლისიდან?

26 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას აცნობა იმ სიახლის შესახებ, რაც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. მისი განცხადებით, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს, ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

"ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ AAკატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ. აქტიურად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და უწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წლის მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერების დარიგება დაიწყება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთაც ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ და ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.

"იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს "სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მოქალაქეები დანიშნულების ადგილას მისვლას უფრო სწრაფად შეძლებენ.

უკვე ცნობილია ქუჩების ჩამონათვალა, სადაც 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსი შეძლებს მოძრაობას. თბილისის მერიას უკვე შედგენილი აქვს ეს სია, რომელიც ასე გამოიყურება: თამარ მეფის გამზირი; რუსთაველის გამზირი; პეკინის გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; მოსკოვის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ქეთევან დედოფლის გამზირი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი; ჯავახეთის ქუჩა; ვიქტორ კუპრაძის ქუჩა; სესილია თაყაიშვილის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; გრიგოლ ორბელიანის მოედანი; ანა კალანდაძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა; მირიან მეფის ქუჩა; პეტრე იბერის ქუჩა. ტაქსის მოძრაობა ვერ მოხდება საავტობუსო ზოლში მაგალითად ვაკეში და გლდანში, იქ სადაც ავტობუსი მოძრაობს საწინააღმდეგო მიმართულებით.

ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია: ილია ჭავჭავაძის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი, მერაბ კოსტავა ქუჩის ნაწილი, ილია ვეკუასა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩები.

ისიც ცნობილია, რომ პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევიდა ძალაში და ამოქმედდა განახლებული ვებგვერდიც, ტახი.ტბილისი.gov.ge. სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა არის შესაძლებელი.

„20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტახი.ტბილისი.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე- რეზიდენტი მევლუდ მელაძე მიესალმება ამ სიახლეს, თუმცა მასში კორექტირების შეტანას ურჩევს თბილისის მერიას.

მევლუდ მელაძე:

"ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაში არის მსგავსი რამ, როცა ავტობუსის ზოლს იყენებენ ტაქსები. ადრეც ვამბობდი კარგი იქნება ავტობუსების ზოლებს ტაქსები თუ გამოიყენებენ-მეთქი, მიველსამები ამ სიახლეს, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, ვფიქრობ მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოს ტაქსის მძღოლებმა ეს ზოლი, თუკი მათ მგზავრი გადაყავთ. მხოლოდ მაშინ უნდა შეეძლოს ავტობუსის ზოლში შესვლა, რომ არ მოხდეს ავტობუსების მოძრაობის შენელება და ქაოსი. როცა მგზავრთან ერთად არის ტაქსი ჩვეულებრივ მოძრაობს, ხოლო როცა ცარიელი იქნება, შეიძლება ნელა იმოძრაოს, კლინტს დაელოდოს, ან გამოძახებას, დალოდებისთვის გამოიყენოს ეს ზოლი და ძალიან შენელებურად იმოძრაოს და ამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეანელოს.

- მაგრამ რთული არ იქნება იმის კონტროლი არის თუ არა მგზავრი ტაქსიში?

- ამერიკაში მაგისტრალებიც კი არის ისე მოწყობილი, კონკრეტული ზოლია გამოყოფილი და იმით სარგებლობა შეუძლიათ ტაქსებს, თუ ავტომობილში ორი ან მეტი პირი ზის, კონტროლი რა თქმა უნდა სჭირდება, რადგან ვიღაცეები თაღლითობენ და ზოგიერთებს მანეკენიც კი უზით მანქანაში იმისთვის, რომ ეს ზოლი გამოიყენონ, მაგრამ ამისთვის არის პოლიცია, თუ ვინმე ითაღლითებს უნდა დააჯარიმოს და ამა დარღვევაზე ჯარიმა უნდა იყოს ძალიან დიდი რომ ამ დარღვევის სურვილი არ გაუჩნდეს მძღოლს. ან რამდენიმეს რომ დააჯარიმებენ, მერე აბსოლუტურად ყველა მოერიდება თაღლითობას. ეს სქემა მართლა კარგად მუშაობს სხვა ქვეყნებში და ამიტომ ვამბობდი აქამდეც ავტობუსების ზოლში კარგია თუ ტაქსები იმოძრავებენ მეთქი. ასევე ვფიქრობ ამ ზოლით საგრებლობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იმ ავტობუსებს, რომლებიც ემსახურებიან საჯარო და კერძო სკოლებს და ბავშვები გადაჰყავთ სკოლებში. ამ ავტობუსებისთვისაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბასლაინებში გადაადგილება, იმიტომ რომ რეალურად ისინი ასრულებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას და ეს რაოდენობა მოაკლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

- ისიც ითქვა, რომ ამ პროვილეგიით სარგებლობა შეეძლებათ იმათ, რომელსაც ყავთ ახალი მანქანები, 10 წლამდე ასაკის, ითქვა, რომ სტიკერები ექნებათ მათ, მაგრამ ამის გარჩევა ადვილი იქნება?

- ამის ადმინისტრირებაც ცოტა რთული იქნება, თუმცა მთლიანად გაუკონტროლებელი გახდებოდა თუკი ყველა ტაქსი შევიდოდა ამ ზოლში, ამიტომ კარგია, რომ მხოლოდ ა კატეგორიის თეთრ ტაქსებზე ვრცელდება. რთული იქნება ასაკის ამბავი, მაგრამ ესეც გაიფილტრება. საერთო ჯამში კარგი გადაწყვეტილებაა ავტობუსების ზოლში ტაქსები რომ ივლიან.

- საპირისპირო ზოლში, სადაც მოძრაობს ავტობუსები იქ არ გაივლიან ტაქსები, ეს მისაღებია?

- ეს ის პრობლემაა, რაზეც ადრე ვსაუბრობდი. თავიდავე ვამბობდი ადრე თუ გვიან მოგვიწევდა იმ აზრამდე მისვლა, რომ ტაქსებს ბასლაინების გამოყენება მოუწევდათ. დრო გვაჩვენებს კიდევ ვინ გაივლის ამ ზოლში, ამიტომ ვამბობდი, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა ურთულესი იქნებოდა. შემხვედრზე გავლა გამორიცხულია, რომ მოუწიოს, რომელია შემხვედრი და რომელი არა, შეიძლება ამისთვის სპეციალური ბროშურებიც კი დაგვჭირდეს. ტაქსის მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია სპეციალური ტრეინინგი და არ იცის შემხვედრია თუ არა ზოლი, შეიძლება რომ დაინახავს ბასლაინს პირდაპირ შევიდეს ბასლაინში და აღმოჩნდეს შემხვედრ ზოლში. მაგრამ მერე ყველა ისწავლის, ამიტომ თავიდან უნდა იყოს იმ ადგილებში მკაფიო საგზაო მონიშვნები, რომ მძღოლს შემხვედრზე გავლა არ მოუწიოს, მკაფიო მონიშვნები ამას ნამდვილად უშველის, დანარჩენ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება ტაქსის მძღოლისთვის. ბასლაინს იყენებს პრიორიტეტად, ოდნავ შეაფერხებს ალბათ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა თუ დააკორექტირებენ და ცარიელი ტაქსებს არ შეუშვებენ იმ ზოლში, კარგი იქნება. ცარიელი ტაქსის მძღოლი ეძებს კლიენტს, დღესაც ძირითადად ამ საცობების მაპროვიცირებელნი არიან ტაქსები, რადგან მიდიან ნელა, ელოდებიან შეკვეთას, იყურებიან შეტყობინებაში, ეძებენ მგზავრებს და აფერხებენ მოძრაობას, მითუმეტეს როცა ბასლაინია და გვერდით აქცევა არ შეგიძლია ერთ-ერთი შემაფერხებელია ასეთ დროს ტაქსები. იმ ზოლში როცა გადავა მგზავრთან ერთად ეს არ შეაფერხებს მოძრაობას. რადგან ორიენტირებულია იმაზე. რომ მგზავრი სწრაფად მიიყვანოს დანიშნულების ადგილას, საცობებსაც ცოტა გაანეიტრალებს ეს გადაწყვეტილება. მაინც ვფიქრობ ოდნავ უნდა დაკორექტირდეს და ცარიელი არ უნდა შევიდეს ზოლში, თუ ნახავს პატრული დააჯარიმებს და მერე მოერიდება ჯარიმას.

- ახლაც ხომ არიან პროვილეგირებული ადამიანები, კანონის მიუხედავად მაინც რომ შედიან ავტობუსის ზოლში, ამაზე რას იტყვით?

- ყველაზე ცუდი ეს არის ეს პრივილეგირებული კატეგორია. არ უნდა იყვნენ პრივილეგირებულები, მაგრამ სამწუხაროდ არიან. ამიტომ ძალიან გამაღიზიანებელია ყველასთვის, როცა ის არღვევს წესებს და მიდის ბასლაინზე. ეს ის თემაა, რომელზეც შემიძლია სულ ვიდავო. პირადად მე არაერთხელ გამიჩერებია ასე და მითქვამს მისთვის ამით შეურაცხყოფას გვაყენებთ ყველას- მეთქი. ასე მასიურად რომ იყენებენ ეს პროვილეგირებულები ეს არის დაუშვებელი. თან ისეთ მანქანაში რომ ზიან, რომ არც ჯარიმა მოსდით. ამას ყველამ უნდა შეუტიოს, როგორც კი ნახავს ასეთ დამრღვევს, უნდა მისცეს შენიშვნა.

- მერე რას გპასუხობენ?

- ჩემთან უჭირთ პასუხის გაცემა და ბანალური პასუხები აქვთ, ამბობენ, ბავშვი მყავს ცუდად და მეჩქარება,ან დედა მყავს ცუდადო, რას ეტყვი? მაგრამ ცოტა სასაცილოა როცა ასეთ რამეს ამბობს და თან მოძრაობს ისეთი ავტომობილით, რომელსაც კამერებიც არ აჯარიმებს. შასაცილოა, მაგრამ ვეუბნები კარგი ამ შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ეს არ გაიმეორო მომავალში, სირცხვილია როცა ასე სარგებლობთ- მეთქი. ყველა თავჩაღუნული მიდის ასეთი საუბრის შემდეგ. არ მქონია შემთხვევა რომ შემკამათებოდა, მაგრამ ფაქტია მასობრივად ხდება ეს დარღევვა და ეს მართლა სირცხვილია.

(სპეციალურად საიტისთვის)