"დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა" - რას ამბობს მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი?
რენატა ბეგიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მეუღლის, შალვა იაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
ამასთან, როგორც გვაზავა აღნიშნავს, რენატა ბეგიაშვილმა კონფლიქტის დღეს, შალვა იაშვილს კისერზე დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია და ახრჩობდა.
ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილზე ნეიტრალური პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მომხდარ დეტალებზე საუბრობენ.
"ვინმე ამბობს, რომ შალვა იაშვილმა დაარტყა ბეგიაშვილს? პირიქით, ოთხივე ადამიანი ამბობს, რომ რენატა ბეგიაშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას შალვა იაშვილს… რენატა ბეგიაშვილმა შალვა იაშვილს დეკორაციული ჯაჭვი შემოხვია კისერზე, ახრჩობდა, შალვა იაშვილმა შეძლო და მოიშორა რენატა ბეგიაშვილი“, - განაცხადა სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.
ადვოკატის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებულია დანა დაზიანებულ მდგომარეობაში, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა.
გვაზავას განმარტებით, რომ არა იქ მყოფი ოთხი ადამიანი, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა. გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა თავად რენატა ბეგიაშვილს. მისივე თქმით, შალვა იაშვილი მოძალადე არ არის.
ცნობისთვის, პროკურატურამ მეუღლის - რენატა ბეგიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შალვა იაშვილს ბრალდება წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, 22 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იაშვილმა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რა დროსაც სახეზე მას მიაყენა დაზიანებები.
შალვა იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
"ინტერპრესნიუსი"