"თუ ეს ასე მოხდება, უკრაინელი "ქორების" მოქმედება პრეზიდენტ ზელენსკისათვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა" - კვირის პალიტრა

"თუ ეს ასე მოხდება, უკრაინელი "ქორების" მოქმედება პრეზიდენტ ზელენსკისათვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა"

ბრიტანული ჟურნალის "სფექთეითორის" (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "შეძლებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი "ქორების" შეკავებას?" (ავტორი - მარკ გალეოთი), რომელშიც გაანალიზებული უკრაინის სამხედრო დაზვერვის - თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობა და გადმოცემულია მისი ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის პოლიტიკური პორტრეტი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას მისი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად და ქვეყნის გადასარჩენად. ასევე უეჭველია, რომ ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად, ეს მხარდაჭერა, იმავდროულად, შეზღუდულია, შეიძლება ითქვას, პირობითიც კი და ომის ესკალაციის თავიდან აცილების სურვილით არის ნაკარნახევი. ეს თვალსაჩინოდ წარმოჩინდა ამას წინათ ვაშინგტონის მიერ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსთან - კირილ ბუდანოვთან მიმართებით.

ამ კვირაში "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებული მასალის თანახმად, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით კირილ ბუდანოვს თავისი თანამშრომლებისთვის უბრძანებია "მოემზადებინათ მასობრივი დარტყმები" რუსეთის შიგნით არსებულ სამიზნეებზე, მოსკოვის ჩათვლით და ამისათვის გამოეყენებინათ "ყველაფერი, რაც სამხედრო დაზვერვას გააჩნდა". ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც სტატიაშია მოხსენიებული, იყო რუსეთის შავი ზღვის ნავსადგურის ნოვოროსიისკის დაბომბვა უპილოტო საფრენი აპარატებით. კიდევ ერთ ვერსიას წარმოადგენდა რუსეთის სასაზღვრო ქალაქებში პოლიციის უბნებზე დივერსიული თავდასხმების მომზადება და განხორციელება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, კირილ ბუდანოვი ვაშინგტონის თხოვნას "დარტყმების მიყენების გადადებაზე დათანხმდა". ანუ იგულისხმება, რომ მთელი ამ კამპანიის იდეა უარყოფილი იქნა. ზოგიერთების ვარაუდით, ამ საკითხში უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც მოუწია ჩარევა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელები შეშფოთებას გამოხატავდნენ ზოგადად უკრაინის სპეცსამსახურების ამბიციების გამო, კონკრეტულად კი გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვის მოქმედებასთან დაკავშირებით. ასაკის გათვალისწინეით - იგი 37 წლისაა - კირილ ბუდანოვი სრულიად ახალგაზრდა მამაკაცია, როგორც უკრაინის უმაღლესი სარდლობის, ასევე მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურების სტანდარტით, თუმცა მან უკვე დაიმსახურა ენერგიული და მიზანმიმართული, მცოდნე ოფიცრის რეპუტაცია. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ რუსეთთან ომში მოლოდინს გადაჭაარბა - როგორც ფრონტზე, ბრძოლის ველზე დაზვერვის საკითხში, ასევე, სავარაუდოდ, მტრის ზურგში მოწყობილი რეიდებისა და ჩატარებული ოპერაციების სახით.

კირილ ბუდანოვი რეგულარულად ფიგურირებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი უკურნებელი სენით არის დაავადებული და ომი სულ მალე დასრულდება, ყირიმსაც ამ ზაფხულის ბოლომდე დაიბრუნებენ. რასაკვირველია, ასეთი განცხადებები, შესაძლოა, ნაწილობრივ წინასწარგანზრახულია და ფსიქოლოგიური ომის ელემენტს წარმოადგენს - იგი ცდილობს, კრემლზე და რუსულ ელიტაზე გავლენა მოახდინოს და ისინი "კალაპოტიდან ამოაგდოს", იმავდროულად კი უკრაინის მოკავშირეები გაამხნევოს. კიდევ ერთი მომენტი: კირილ ბუდანოვს აშკარად მოსწონს იყოს წინააღმდეგობრივი და არაერთმნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფიგურა.

კირილ ბუდანოვის ენთუზიაზმს ხშირად საკმაო სიფრთხილით უყურებენ. ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მასზე საუბრისას და დადებითად შეფასებისას გარკვეული პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა: "მაგრამ ზოგჯერ, დროდადრო ისე ჩანს, რომ ის უფრო მეტად არის დაინტერესებული რუსეთის წინააღმდეგ [ხმაურიანი] მოქმედებით და რაღაც ზიანის მიყენებით, ვიდრე ომში გამარჯვებით". ასევე ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის აზრით, ბუდანოვთან დაკავშირებით პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ იგი "ძალზე ამბიციური პიროვნებაა. ის ძალიან სწრაფად წავიდა შორს და არ ფიქრობს იმაზე, რომ უკვე საჭიროა, გაჩერდეს, დროებით მაინც. იგი გრძნობს, რომ ომის დასრულების შემდეგ მის წინაშე ფართო მოქმედების შესაძლებლობები გაჩნდება".

როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე ამ საკითხთან მიმართებით, ნათელია, რომ დასავლეთი, ან უკიდურეს შემთხვევაში, აშშ - მთელი ძალისხმევით ცდილობს, რომ უკრაინელები ისეთი მოქმედებისაგან შეაკავოს, რომლებსაც ომის ესკალაციის გამოწვევა შეუძლიათ და უკრაინისთვის წარმატებული არ იქნება. სწორედ ამიტომაც დასავლეთი არ აწვდის კიევს ისეთ იარაღს, რომელიც მსგავსი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

ანალოგიურად შეიძლება ითქვას, შარშან აგვისტოში მომხდარი რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის - დარია დუგინას მკვლელობის შესახებაც, რომელიც, მართალია, ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუ თავდასხმა მართლაც უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, მაგრამ ვაშინგტონი მაინც მკაცრი გაფრთხილებით გამოვიდა მსგავსი ფაქტების სამომავლოდ აღკვეთის შესახებ. ამის მიუხედავად, თავდასხმები გრძელდებოდა - დრონებით შეტევები რუსეთის სიღრმეში (რომელიც ომის დროს კანონიერად მიიჩნევა და ამას მოსკოვიც და ვაშინგტონიც მეტ-ნაკლებად შეეგუეს), მაგრამ ასე ვერ ვიტყვით ზოგიერთ იმ მკვლელობაზე, რომელიც ბოლო დროს რუსეთში განხორციელდა, მაგალითად, ბლოგერ-ნაციონალისტის ვლადლენ ტატარსკის სიკვდილი სანქტ-პეტერბურგში, შენიღბული ბომბის აფეთქების შედეგად. ბევრის აზრით, ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

კირილ ბუდანოვი აქტიური მომხრეა იმისა, რომ უკრაინის ტერიტორია და საზღვრები 1991 წლის მდგომარეობით აღდგეს, ყირიმის ჩათვლით და იგი ამ მხრივ, ბუნებრივია, მარტო არ არის, მაგრამ ეს კიდევ არაფერი: იგი წარმოადგენს პატარა, მაგრამ საკმაოდ ხმაურიან ჯგუფსაც, რომელსაც ძალიან სურს რუსეთის ფედერაციის დაშლა და დემონტაჟი თუ არა, მისთვის ძირის გამოთხრა და სამუდამოდ დასუსტება მაინც. ასეთ სიტუაციაში ხშირად ხდება საჭირო ვოლოდიმირ ზელენსკის ჩარევა, ვაშინგტონის მხარდაჭერით, რომ უკრაინელი "ქორები" როგორმე "დაამშვიდონ" და შეაკავონ.

კირილ ბუდანოვი იდგა 2021 წელს განოხრციელებული "ვაგნერგეიტის" სპეცოპერაციის უკან, რომლის მიხედვით, განზრახული იყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები იმ თვითმფრინავში შეეტყუებინათ, თითქოსდა ვენესუელაში გასამგზავრებლად, ყალბი დოკუმენტებით, რომელსაც შემდეგ კიევში დასვამდნენ და ყველას დააპატიმრებდნენ. მოგვიანებით კირილ ბუდანოვი გეგმავდა, როგორც მალიში (აფრიკის სახელმწიფოში) მოქმედ "ვაგნერის" ქვედანაყოფებზე თავდასხმას, აგრეთვე სირიაშიც.

ახლახანს გენერალ-მაიორი ბუდანოვი მოუწოდებდა მოლდოვის მთავრობას, რომ შეტევა განეხორციელებინა პრორუსული ანკლავის - დნესტრისპირეთის წინააღმდეგ. ყოველ ჩამოთვლილ შემთხვევაში ვოლოდიმირ ზელენსკი ერეოდა ხოლმე, რათა დროულად მომხდარიყო დაგეგმილი ოპერაციების დაბლოკვა, რომელიც არამარტო მოსკოვის, არამედ რიგი დასავლური მთავრობის შეშფოთებას გამოიწვევდა.

როგორც ნათქვამია, "გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა". იგივე უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, "ჩვენ ყველა ერთი და იმავე დანიშნულების პუნქტისაკენ მივდივართ, მაგრამ სხვადასხვა გზებით". და მაინც, იმდენად, რამდენადაც კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, საჭიროა ომის ენდშპილის (დასასრულის) რაღაც სახით ფორმულირება, რომელიც განსხვავებული იქნება რუსეთის სრული კაპიტულაციისაგან. და თუ ეს ასე მოხდება, უკრაინელი "ქორების" მოქმედება პრეზიდენტ ზელენსკისათვის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ