"ლიზა ისეთი შეცვლილია, რომ მივხვდი, ეს მას სჭირდებოდა... თორემ რომელ დედას სიამოვნებს შვილის შორს ყოფნა" - მაია ჯაბუა აშშ-ში მყოფ ქალიშვილსა და ჭორებზე
"მზიურის" თაობის მომღერლებიდან მაია ჯაბუა ერთ-ერთია, რომელიც მედიასთან იშვიათად ჩნდება. ამჯერად ლელა წურწუმიასთან გადაცემაში მასზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, ასევე შვილზე, რომელიც ახლა ამერიკაში ცხოვრობს.
მომღერალი სამჯერ იყო დაოჯახებული. სამი ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. სწორედ უკანასკნელი ქორწინება, უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან აღმოჩნდა ყველაზე მყარი და მშვიდი მომღერლის ცხოვრებაში.
მაია ჯაბუა:
- ჭორიც არსებობს, ტყუილიც და ცილისწამებაც, რომელიც ყველაზე მძიმეა. არ მოვყვები ამაზე ისტორიას, ეს იყო ჭორი, ტყუილი და ცილისწამება ერთად, ძალიან მძიმე იყო ამისი გადახარშვა. როგორც ყოველთვის ჩემი თავის ფსიქოთერაპევტი მე ვარ და დავძლიე. ეს პირად ცხოვრებას ეხებოდა. ჩემს თავში რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ, ვიღებ რაღაც პაუზას, არ ვიღებ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ვაანალიზებ ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო. პატარა დრო გჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ეს გადახარშო, გადააგდო და გააგრძელო ცხოვრება.
აფექტური არ ვარ და არც გაბრაზებული ადამიანი. იმ წუთას მწყინს, ვბრაზდები, მაგრამ ამ ბრაზს იქვე ვკლავ. არ მინდა ვიყო გაბრაზებული და დამძიმებული ადამიანი. ამას წინათ ჩემს თავს ვკითხე, მაია გძულს ვინმე? - აღმოვაჩინე, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს და ჩემ თავს ვუთხარი, ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ. კომპლექსები არ მაწუხებს. ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ უკომპლექსო ადამიანი ვარ, ის რაც არ მსიამოვნებს არ არის ჩემს ცხოვრებაში. მე გამიმართლა და ბავშვობიდან ბევრს ვმოგზაურობდი. არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ სამყარო ნახო და ჩამოყალიბდე. უფრო უკეთესი გახდები, დაინახავ შენი ქვეყნის ნაკლს და პლუსს, უფრო მეტად მშრომელი გახდები.
ახლა გზები გაიხსნა. ახალგაზრდებს სწყურიათ, რომ სამყარო, ქვეყნიერება ნახოთ, ვფიქრობ, ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. ჩემთვის არ არის სიტყვა ემიგრანტი მისაღები. ჩემი შვილი იმიტომ წავიდა, რომ ისწავლოს თავისი პროფესიით და გაიზარდა. ლიზა არის ისეთი გაზრდილი და შეცვლილი, რომ მივხვდი, ეს მას სჭირდებოდა. რომელ დედას სიამოვნებს შვილის შორს ყოფნა...