"ხელი მთხოვა, თუ დაქორწინებას გადავწყვეტთ, აუცილებლად შეგატყობინებთ" - როგორ ახასიათებს რუსკა ქარქაშაძე თავის საქმროს - კვირის პალიტრა

"ხელი მთხოვა, თუ დაქორწინებას გადავწყვეტთ, აუცილებლად შეგატყობინებთ" - როგორ ახასიათებს რუსკა ქარქაშაძე თავის საქმროს

რუსკა ქარქაშაძე მთელმა საქართველომ სერიალით "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, რომელიც ეთერში 2016 წელს გავიდა. სერიალში რუსკა 11 წლის მელანოს როლს ასრულებდა. მცირე ასაკის მიუხედავად, გოგონას უკვე დიდი ტრაგედია ჰქონდა გამოვლილი... ეს საინტერესო, დრამატული სერიალი მოულოდნელად შეწყდა და წელს, ასევე მოულოდნელად განახლდა.

"ხელოვნური სუნთქვის" მოყვარულები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მესამე სეზონს, სადაც რუსკას პერსონაჟი უკვე სტუდენტია, სხვა გმირებიც შეიცვალნენ, მაგრამ წარსული თითოეულ მათგანს აჩრდილივით თან სდევს...

რუსკა ქარქაშაძესთან საუბარი სწორედ "ხელოვნური სუნთქვით" დავიწყეთ.

- რუსკა, ალბათ, "ხელოვნური სუნთქვა" არის პროექტი, რომელმაც შენს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა...

- გეთანხმებით, ამ სერიალმა ჩემს კარიერაში მართლაც განსაკუთრებული როლი შეასრულა, თუმცა, მე სულ პატარა ვიყავი, როცა უკვე ვიცოდი, რა მსურდა: მსახიობობა ყოველთვის იყო ჩემი სურვილი და ალბათ, ამ ჩანაფიქრს ადრე თუ გვიან, მაინც ავისრულებდი.

- რას ნიშნავს "სულ პატარა ასაკი"?

- რას და... 5 წლის რუსკასთვის რომ გეკითხათ, თავისი ცხოვრება როგორ წარმოედგინა, ზედმიწევნით დაემთხვეოდა იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. საოცრად მიყვარს კამერები, სცენაზე დგომა... კომფორტულად ვგრძნობ თავს თეატრშიც, სერიალშიც, ფილმის გადაღებისას. არანაკლებ მიყვარს ტელევიზია - საერთოდ, ნებისმიერი გადაღება და კამერების წინ ყოფნა - თამამად ვიტყვი, რომ ამ დროს ჩემს სტიქიაში ვარ. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ჩემს ოცნებებს ფრთები თანდათან შეესხა: მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვთამაშობდი, მერე იყო სხვა საინტერესო პროექტებიც, მაგრამ "ხელოვნური სუნთქვა" მაინც განსაკუთრებულია. ეს იყო ყველაზე რთული და შრომატევადი პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობდი. "ხელოვნური სუნთქვა" ერთ-ერთი კარგი ქართული სერიალი იყო. ამიტომ, დღე და ღამეს ვასწორებდით, რომ მესამე სეზონი ისეთივე საინტერესო და კარგი გამოსულიყო, როგორიც ადრე გადავიღეთ. ალბათ, მაყურებელიც დამეთანხმება, რომ შედეგი, რომელიც მივიღეთ, ნამდვილად ღირდა შრომად და წვალებად. საკმაოდ რთული ამოცანა დავისახეთ, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ყველამ დიდი მონდომებით ვიმუშავეთ: მსახიობებმაც, რეჟისორმაც, მთელმა გადამღებმა ჯგუფმა.

- ე.ი. შედეგით ყველა კმაყოფილია...

- მთელი გადამღები ჯგუფი კმაყოფილია, რომ ამდენი წლის შემდეგ მუშაობა გავაგრძელეთ და ჩვენი მონაწილეობით საკმაოდ კარგი სერიალი შეიქმნა. მესამე სეზონი არანაკლებ რთული იყო, ვიდრე წლების წინ, როცა პირველ და მეორე სეზონს ვიღებდით. ყველა, ვისთან ერთადაც ვთამაშობ, კარგი მსახიობია და გადაღებებზე მათთან ერთად კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

- კიდევ ერთი პროექტი, რომელმაც წარმატება და პოპულარობა მოგიტანა, "ცეკვავენ ვარსკვლავებია". იქაც დიდი შრომა იყო საჭირო თუ ნიჭიერება დაგეხმარა?

- ყველაფერი, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. იგივე უნდა ვთქვა ამ პროექტზეც. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ყველა ტური დამქანცველი და შრომატევადი გახლდათ: ლამის დარბაზში ვცხოვრობდით და 24/7-ზე ვმუშაობდი, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია. ალბათ ნიჭიც დამეხმარა, მაგრამ რომ არ მეშრომა, არაფერი გამოვიდოდა. იყო რაღაცები, რაც დასაწყისში მიჭირდა და არ გამომდიოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოვასწორე და სასურველ შედეგსაც მივაღწიე.

- რუსკა, 20 წლის ასაკში მთელი საქართველო გიცნობს და საკმაოდ პოპულარული ხარ. როგორია შენი "წარმატების ფორმულა"?

- საერთოდ, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასეა: ყველა საქმეში, რომელსაც ვაკეთებდი, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვდებდი. თუ ადამიანი შრომისმოყვარეა და ცოტა იღბალიც უწყობს ხელს, ყველაფერს მიაღწევს - მე ასე მგონია. ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ და აუცილებლად გამოვიყენოთ. მჯერა, რომ ადამიანს მხოლოდ შრომით შეუძლია წარმატებული გახდეს, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება, დღეს თუ არა - ხვალ, ხვალ თუ არა - ზეგ, ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. მე ამ საკითხში ვერავის მრჩევლად ვერ გამოვდგები, მაგრამ თუ ადამიანი სულ შრომობს და შედეგს მაინც ვერ აღწევს, ალბათ არასწორ ადგილას მოხვდა, ალბათ თავისი ადგილი ჯერ კიდევ ვერ იპოვა. ყველა თავად უნდა მიხვდეს, რომელ სფეროში უნდა იბრძოლოს თავისი მიზნებისთვის და სად არის მისი ადგილი. ჩემი აზრით, "წარმატების ფორმულა" ასე ჟღერს: "ცოტა იღბალი, ბევრი შრომა და მონდომება" - სხვაგვარად არაფერი გამოვა.

- არის ასეთი იაპონური გამოთქმა - "შვიდჯერ დაეცი? - რვაჯერ ადექი". ალბათ, ამის გარეშეც არაფერი გამოვა...

- რასაკვირველია. ყოფილა შემთხვევა, როცა ბევრი მიშრომია, მაგრამ რაღაც მაინც არ გამომსვლია, მიუხედავად მარცხისა, ყველაფერს თავიდან, უფრო მეტი მონდომებით ვიწყებ. არ მიყვარს, როცა ხელს ჩაიქნევენ. მეც მყავს მეგობრები, რომლებსაც საქმეზე ხელის ჩაქნევა ახასიათებთ. როცა მეუბნებიან, არაფერი გამომდის და ხომ არ შევეშვა, თავი ხომ არ დავანებოო? სულ ვეუბნები, რომ არ შეიძლება გაჩერდე, არ შეიძლება შენი მომავალი მხოლოდ ბედისწერას მიანდო და არაფერი გააკეთო. სულ ვცდილობ, პატარა საქმეშიც კი დიდი შრომა ჩავდო და ყველაფერი ხარისხიანად გავაკეთო - ალბათ, სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო. ხშირად მეკითხებიან, როგორ ვასწრებ ყველაფერს სწავლის პარალელურად?.. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი დრო სწორად გავანაწილო, რომ ლექციებს არ ჩამოვრჩე.

- როგორც ვიცი, თეატრალურ უნივერსიტეტში არ ჩააბარე. რატომ?

- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ. არ ვიცი, თავიდანვე გადავწყვიტე, რომ თეატრალურში არ ჩამებარებინა. სკოლა რომ დავამთავრე, ჟურნალისტიკა მაინტერესებდა და ამ ფაკულტეტზე მოვხვდი, თუმცა, ორი წლის შემდეგ ფაკულტეტი გამოვიცვალე და ახლა ჩემი საქმიანობისგან სრულიად განსხვავებულ რამეს ვსწავლობ: "საჯარო მმართველობა და პოლიტიკა" - ეს იქნება ჩემი სპეციალობა. უნდა გამოგიტყდეთ, ამ არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ნებისმიერ პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გიწყობენ ხელს ოჯახი და ახლობლები. შენს შემთხვევაშიც ასეა?

- მართლაც, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანებს შენი სჯერათ, გეხმარებიან და მხარში გიდგანან. მეც, თუ რაიმე გამიკეთებია, წვლილი ყველაფერში ჩემმა ოჯახმაც შეიტანა. დედა, მამა, დედმამიშვილები - ისინი ჩემი პირველი მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. ვიცი, არსებობენ მშობლები, რომლებიც შვილებს ზღუდავენ და პიროვნული განვითარების საშუალებას არ აძლევენ. მიხარია, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა.

- ზოგიერთ ქალს არჩევანის გაკეთება უწევს: ან ოჯახი, ან კარიერა. თუ მეუღლე ასეთი არჩევანის წინაშე დაგაყენებს, როგორ მოიქცევი?

- მე უკვე მყავს საქმრო, რომელმაც გაცნობის დღიდანვე იცოდა ჩემი ინტერესები, პროფესია და ყველაფერი, რაც ჩემთვის ძვირფასია. როცა ადამიანს კარგად იცნობ და როცა გიყვარს ისეთი, როგორიცაა, მასთან პრობლემები ნაკლებად გექმნება. ამიტომ, მე მგონია, რომ ამ პრობლემის წინაშე არასდროს დავდგები. ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, რომელსაც ყველა ჩემი წარმატება ახარებს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ არჩევანის წინაშე არ დამაყენებს. მგონი, საყვარელი ადამიანი ხელს კი არ უნდა გიშლიდეს, უნდა გაბედნიერებდეს და მისი წყალობით, შემართება უნდა გემატებოდეს. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ერთმანეთი კარგად გაიცნოს და მერე გადადგას ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორიც ოჯახის შექმნაა. ვიცი, არსებობენ გოგონები, რომლებსაც მოსწონთ, როცა საქმრო ან შეყვარებული გამუდმებით აკონტროლებთ და ამოწმებენ, მაგრამ მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები, მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია.

- შენი რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა, რომელმაც ხელი საზღვარგარეთ გთხოვა. ოჯახის შექმნას არ აპირებთ?

- რას ვაპირებთ, ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა... ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთი ინებებს, მაგრამ თუ დაქორწინებას გადავწყვეტთ, ჟურნალისტებს აუცილებლად შევატყობინებთ. ჯერჯერობით კი მან ხელი მთხოვა: რომში, უახლოეს მეგობრებთან ერთად, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავ ვახშამზე. 7 აპრილს ვარ დაბადებული, ეს ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო და წლევანდელი დაბადების დღე ყველაზე ბედნიერი გახლდათ ჩემთვის.

- დაბოლოს, გოგონები ხშირად იცავენ მკაცრ დიეტას, რათა ფორმაში ჩადგნენ და წონაში დაიკლონ. როგორ ახერხებ სასურველი წონის შენარჩუნებას?

- არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავით ან ფორმებით ყოველთვის კმაყოფილია. მეც მაქვს ისეთი მომენტები, როცა ჩემი თავი მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ ან პირიქით, ცუდ განწყობაზე ვარ და არაფერი მომწონს. ამიტომ სულ ვცდილობ, ჩემს სხეულს მოვუსმინო, არ მოვდუნდე, ჯანსაღად ვიკვებო... როცა გადატვირთული გრაფიკი მაქვს, სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. მიმაჩნია, რომ მკაცრი დიეტა ადამიანის ორგანიზმს ძალიან აზიანებს. ზოგჯერ ჩვენს თავს მოდუნების საშუალებაც უნდა მივცეთ, რადგან მუდმივ სტრესსა და დაძაბულობაში ყოფნა ყველაფერს ვნებს. ამიტომ ზოგჯერ მეც ვაძლევ თავს უფლებას, რომ გემრიელად მივირთვა, ოღონდ მერე, რაღაც პერიოდის განმავლობაში ვცდილობ, მეტისმეტად კალორიულ საკვებზე უარი ვთქვა. ჩემი აზრით, მკაცრი დიეტის დროს ორგანიზმი დიდი სტრესის ქვეშ არის და ეს უკვე არასწორია, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი, დაბალანსებული კვებაა. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობაც, ძალიან კარგი შედეგი მოაქვს იოგას, მოკლედ, ბევრი გზა არსებობს, რომელიც ფორმის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება და ამავდროულად, ჩვენს ორგანიზმზეც დადებითად იმოქმედებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"