"ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, როგორ უსწორდებოდნენ იქ ე.წ. ზვიადისტებს, როგორი წნეხი და ძალადობა იყო მათზე, რამდენი ქალი გამწარდა და გაუბედურდა!" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, როგორ უსწორდებოდნენ იქ ე.წ. ზვიადისტებს, როგორი წნეხი და ძალადობა იყო მათზე, რამდენი ქალი გამწარდა და გაუბედურდა!"

"ცისია ბ. - 1992 წლის 2 ოქტომბერს, მშობლების თვალწინ გააუპატიურეს, შემდეგ კი დახვრიტეს საკუთარ სახლში, დედ-მამასთან და სამ სტუმართან ერთად"

ანა მ., 19 წლის - 1992 წლის 12 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში, მამის თვალწინ ცამეტმა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ, ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს;

გოროზია ლავრენტი - გაგრის რაიონის მკვიდრი - წამებით მოკლეს მეუღლესთან ერთად, ბოლოს ორივეს თავი მოჰკვეთეს.

1993 წლის ნოემბერში, სოხუმთან ახლოს, სოფელ ოდიშში, ჯერ დახვრიტეს და მერე მის სახლში შეფარებულ მეზობლებთან ერთად დაწვეს ბერძენი მერი ანასტასიადი, იმის გამო, რომ ქართველებს დაეხმარა" - ეს შემზარავი ამბები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მასალებიდან არის ამოღებული, სადაც ათასობით ამგვარი ტრაგედიაა აღწერილი! ოკუპანტებმა აფხაზეთში წამებით მოკლეს და დახვრიტეს 4 321 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 268!

რატომ ვერ ვახერხებთ ქართველები, მთელ მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ბუჩამდე და ირპენამდე იყო გაგრა, სოხუმი და ახალდაბა, რომ რუსულმა შენაერთებმა ააოხრეს და მიწასთან გაასწორეს ქართული ქალაქები და სოფლები, რომ იქ ქართველები დღესაც ვერ ბრუნდებიან? - ამის თაობაზე უფლებადამცველ სოფო ხორგუანს ვესაუბრეთ:

- ალბათ, ეს ადამიანის ბუნებაა: როდესაც მძიმე ტრაგედიას გამოივლის, ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობს. მეც დევნილი ვარ და ვიცი, რომ აფხაზეთში ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა: უამრავი ადამიანი გახდა წამების და ძალადობის მსხვერპლი და მათ ყველაზე მეტად უჭირთ ამაზე ლაპარაკი. უჭირს იმ ხალხსაც, ვინც ამ საშინელებას გამოასწრო, რადგან ეს დიდი განსაცდელი მათმა ახლობელმა, ნაცნობმა ან ნათესავმა გამოიარა... მაგალითად, მე აფხაზეთში მეზობლები დავკარგე, ხოლო ჩემს კლასელს თვალწინ მამა მოუკლეს! ცხადია, როცა შენს ახლობელ ადამიანს ამხელა ტრაგედია დაატყდება, ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის. ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ აფხაზეთი არ გამეხსენებინა ან დამვიწყებოდა, რომ მეც დევნილი ვარ. ამ ადამიანების ვინაობას კი ვერ დავასახელებ... ვერავის ეტყვი, რომ ეს საზარელი ამბები გაიხსენოს, თუ თავად არ მოისურვებს...

- ამბობენ, რომ ზოგიერთი აფხაზი პირიქით, ეხმარებოდა და მალავდა ქართველებს. ამ საშინელებებს ვინ სჩადიოდა?

- კრიმინალები, კრიმინალს კი, ეროვნება არა აქვს. ეს იყო რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ საშინელებებს კრიმინალური დაჯგუფებები სჩადიოდნენ. სულ ერთია, ვინ იყვნენ ისინი - რუსები, დაქირავებული ყაზახები თუ ჩრდილო-კავკასიელები - როგორც გითხარით, კრიმინალს ეროვნება არა აქვს! ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას - ქართველები მშობლიური ადგილებიდან ეთნიკური ნიშნით გამოაძევეს, მაგრამ თითოეული ეს დანაშაული გამოსაძიებელია - სხვაგვარად, ქართველები და აფხაზები გვერდიგვერდ ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ახლა ვხვდები, რატომ აგროვებენ უკრაინელები სათითაო ფაქტს, რომ ყველამ აგოს პასუხი იმ საზარელი დანაშაულების გამო, რასაც რუსული ქვედანაყოფები მათ მიწაზე სჩადიან. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერც ერთი ხელისუფლების დროს ვერ შევძელით: ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის და ვერც "ქართული ოცნების" დროს. ეს მასალები პროკურატურაში დევს, მაგრამ სად, რომელ თაროზეა შემოდებული, დღესაც არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი, რომ იმ წლებში ძალიან დიდი მასალა შეგროვდა და პროკურატურაში ტომები დევს, სადაც ომის დანაშაულებია აღწერილი.

- თუ უკრაინელებმა შეძლეს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით?

- ალბათ, იმის გამო, რომ ჩვენ ერთგვარი ინფანტილიზმი გვახასიათებს. სამი ათეული წლის წინ აფხაზეთში მოხდა ომი, რომელსაც თან ახლდა არა ერთი ომის დანაშაული: მკვლელობა, წამება, გაუპატიურება და ა.შ... ომის დაწყების პირველივე კვირებიდან უკრაინის პროკურატურამ მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო იმ დანაშაულებზე, რომელიც იქ რუსულმა ჯარმა ჩაიდინა. ისინი საგანგებო ტრიბუნალის შექმნას აპირებენ, სადაც ომის დანაშაულის გამო ყველა დაისჯება. ჩვენ ეს რესურსი გვქონდა, მაგრამ არ გავაკეთეთ. ახლა უეცრად გამახსენდა აგვისტოს ომი, როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი. მაშინ საგანგებო ჯგუფი შევქმენით, რომლის წევრებს დავავალე, ჩამოიარეთ სამაჩაბლოდან დევნილები და ყველაფერი მოაყოლეთ, რაც იქ ხდებოდა-მეთქი. შემდეგ ეს ინფორმაცია ძალიან გამოგვადგა. მარტო მასალების გამოქვეყნება საქმეს ვერ შველის: მთავარია, თითოეული ფაქტი გამოიძიონ და მტკიცებულებები წარმოადგინონ.

- ამბობენ, რომ დანაშაულს ქართველებიც სჩადიოდნენ, ეს სიმართლეა?

- კრიმინალი შეიძლება ქართველიც იყოს და აფხაზიც. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც არ იცის, როგორ უსწორდებოდნენ იქ ე.წ. ზვიადისტებს, როგორი წნეხი და ძალადობა იყო მათზე, რამდენი ქალი გამწარდა და გაუბედურდა! ადამიანები გაქრნენ, ოჯახები დაინგრა და განადგურდა. სწორედ ამიტომაა საჭირო, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ტრიბუნალის წინაშე წარდგება ყველა, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, ვინც უდანაშაულო ქალები, ბავშვები, მოხუცები არ დაინდო! ძალიან მინდა, ეს ტრიბუნალი მარიუპოლში ჩატარდეს და დამნაშავეებმა უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიებზე ისევე აგონ პასუხი, როგორც იმაზე, რაც აფხაზეთში ჩაიდინეს. სხვაგვარად, რომც შევრიგდეთ, ეს შერიგება ფასადური იქნება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამ ფაქტების გამოძიება და ომის დამნაშავეების პოვნა უფრო გართულდება, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ: როცა რუსეთი დამარცხდება და ამ ფორმით აღარ იარსებებს, გაცილებით მეტი ინფორმაციის მოძიებას შევძლებთ! სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი მავანთა პოლიტიკურ ნებას ემორჩილება: როცა პოლიტიკოსებს აინტერესებდათ, ძალიან დიდი მასალა მოიძიეს, ასე რომ, მთავარი სურვილი და მონდომებაა.

- ქალბატონო სოფო, ამ შემზარავ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა ხომ არ შეეხება?

- იურისტებმა ვიცით, რომ წამებაზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, მაგრამ როცა ეს ფაქტები ცხელი და ახალი იყო, ყველაფერი მაშინ უნდა გაერკვიათ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი ხდება. ამიტომ როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სასამართლო სასამართლოს ჰგავდეს, პროკურატურა - პროკურატურას და ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არ იყოს დამოკიდებული. სახელმწიფო იმიტომ გვაქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს. პოლიტიკოსებს თავიანთი მიზნები აქვთ, მაგრამ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მათ ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

- იმედი გაქვთ, რომ აფხაზები და ქართველები მაინც შერიგდებიან?

- მარტო იმედი არა - მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გამთლიანდება და ერთ დღეს მართლაც შევრიგდებით. თუ მე, რომელიც ჩემი სახლიდან გამომაგდეს და დევნილად მაქციეს, მზად ვარ, შერიგებაზე წავიდე, მაშინ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა მათაც უნდა შეძლონ, ოღონდ, დანაშაული ვინც ჩაიდინა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენი შერიგება არ გამოვა, თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ. ამის გარეშე ერთმანეთთან საუბარსაც ვერ შევძლებთ. სამოქალაქო თანხმობა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე სიმართლეს აღიარებს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ ვის უნდა აპატიოს და მხოლოდ ასე შეიძლება შერიგებაზე ლაპარაკი... ხვალ რომ დავბრუნდეთ და გვერდიგვერდ ვიცხოვროთ, ის ტკივილი ხომ არ გამქრალა და სად ან როდის ამოხეთქავს, არავინ იცის! ამიტომაა საჭირო სიმართლის აღიარება ორივე მხრის მიერ. რაც მთავარია, აფხაზებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათთვის ჩვენთან, ერთ სახელმწიფოში ცხოვრება უკეთესია - მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილად იქცნენ. ამ ყველაფრის თავი და თავი კი ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვითარება და ევროპის ნაწილად ქცევაა.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)