"როდესაც სდუმან ბიოგრაფები": რატომ გააძევეს ნიკოლო მიწიშვილი საფრანგეთიდან?
„ცისფერყანწელთა“ თაყვანისმცემლებს რაღა თქმა უნდა ეცნოთ სათაურში გამოტანილი სიტყვები, რომელიც „ელენე დარიანის დღიურებიდან“ აღებული ლექსიდან ( „იქ, სადაც სდუმან პირამიდები“) არის ნასესხები. ისიც უნდა ითქვას, რომ დღესაც კამათის საგანია „ელენე დარიანი“ „ცისფერყანწელების“ მეგობარი ქალბატონის, ელენე ბაქრაძის პოეტური სახელია, თუ თავად პირველი „ყანწელის“, პაოლო იაშვილის ლიტერატურული ფსევდონიმი. ამ საკითხის კვლევა ლიტერატორებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ნ. მიწიშვილის შესახებ არსებულ კიდევ ერთ მითს დავუბრუნდეთ. "ემიგრაციაში ყოფნისას, ნიკოლო მიწიშვილმა იცოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს არ აცოცხლებდა, მაგრამ უცხოეთში მაინც ვერ გაძლო“ – რა არგუმენტებს ეყრდნობა ეს მითი?
მოდით, ჯერ ის გავარკვიოთ, რა მიზნით წავიდა საზღვარგარეთ, ასევე რატომ და როგორ დაბრუნდა ნ. მიწიშვილი უცხოეთიდან. მის ბიოგრაფიებში („ბიოგრაფიული ლექსიკონიდან“ დაწყებული და „ცისფერყანწელთა“ ცხოვრება–შემოქმედების მკვლევართა ნაშრომებით დასრულებული) ეს კითხვები, ფაქტობრივად, უპასუხოდაა დატოვებული. ყველგან ერთი, უკვე ტრაფარეტად ქცეული წინადადებაა: „1922 წელს საზღვარგარეთ გაეგზავრა. . . . 1925 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. „ გაემგზავრა–დაბრუნდა“: ვითომ ასე მარტივი იყო საბჭოთა იმპერიის საზღვრების გადალახვა? ნათქვამია: „ეშმაკი დეტალებში იმალებაო“. ნ.მიწიშვილის ბიოგრაფიაშიც სწორედ ის დეტალებია გასარკვევ–დასაზუსტებელი, რომლებმაც გამოიწვია მისი პიროვნული დაპირისპირება ლავრენტი ბერიასთან და 1937 წლის 13 ივლისს ყოფილი „ცისფერყანწელისთვის“ ტრაგიკულად დასრულდა. 1922 წლიდან ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ბრძოლას და შესაბამის სპეცოპერიციებს საბჭოთა დაზვერვასთან ერთად (ზოგჯერ დამოუკიდებლად) ქართველი ბოლშევიკებიც ახორციელებდნენ. იმ პერიოდში ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ: მამია ორახელაშვილი (1921-1925 წლებში საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ),
მამია ორახელაშვილი (1881–1937)
შალვა ელიავა (1923-27 წლებში საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ), მისი მოადგილე, ახალგაზრდა ბოლშევიკი – ლევან ღოღობერიძე და სხვ.
შალვა ელიავა (1883–1937)
ჩემი ვარაუდით, ნ.მიწიშვილის საზღვარგარეთ გამგზავრება–გაგზავნა გამიზნულად და ამ ბოლშევიკების, უპირველესად კი, ლ.ღოღობერიძის, ხელშეწყობით მოხდა. მოგვიანებით ნ.მიწიშვილი სწორედ ლ.ღოღობერიძეს უგზავნიდა ემიგრაციაში არსებული მდგომარეობის ამსახველ წერილებს, რომელთა შინაარსიც მაფიქრებინებს, რომ მათ ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. ჩემი აზრით ნ.მიწიშვილს სტამბოლსა და პარიზში გახიზნული ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა (ცხოვრების ეკონომიკური პირობები, პარტიული დაპირისპირება, პიროვნული შუღლი და ა.შ.) უნდა შეესწავლა და ანტიემიგრანტული დოკუმენტური პროზისთვის გამოეყენებინა.
ლევან ღოღობერიძე (1898–1937)
საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ნ.მიწიშვილმა მართლაც დაბეჭდა რამდენიმე პროზაული ნაწარმოები, უფრო დოკუმეტური ჩანახატი ქართული ემიგრაციის ცხოვრების შესახებ („კამათელი და სახარება“, „ალექსანდრია“, „ეპოპეია“ და სხვ.). მკითხველმა კარგად, რომ წარმოიდგინოს აქ ერთ, მცირე ამონარიდს გაგაცნობთ 1929 წელს „სახელგამის“ მიერ გამოცემული, ძალზე პრეტენზიული სათაურის მქონე წიგნიდან „ეპოპეია“ („ქართული ქრონიკა რევოლიუციის დროიდან“)“: „ქართული საკონსულო, სადაც ბინადრობს ელჩი გვარჯალაძე და კონსული გოგოლაშვილი . . . . მეორე სართულზე ინტერპარტიული კომიტეტი იკრიბება . . . მუდამ აღშფოთებული, როგორც ავარდნილი ქაფი – ლელი ჯაფარიძე . . . ნიკო – სთქვა ჯუღელმა, მე რომ არ ვიცოდე, რომ შენ ბოლშევიკი არა ხარ – ვიფიქრებდი, რომ მართლა გაგაბოლშევიკეს“. ეს საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც სტამბოლში ყოფნისას ნ.მიწიშვილმა მცირე მოხსენება წაიკითხა (როგორც თავად წერს, კითხვა–პასუხი უფრო იყო, ვიდრე - მოხსენებაო) საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. თურქეთიდან საფრანგეთში გამგზავრების შემდეგ ნ.მიწიშვილმა ლ.ღოღობერიძეს ანტიემიგრანტული და „საბჭოური კურსის“ ჟურნალის გამოცემაში დახმარება სთხოვა. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს 1923 წლის 28 მაისს პარიზიდან ლევან ღოღობერიძესთვის გაგზავნილი წერილიდან (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.):. „ლევან, გუშინ შენი დის მეშვეობით ვრცელი წერილი გამოგიგზავნე . . . . ამ წერილის მოწერა არ მსურდა, მაგრამ ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ აუცილებელი იყო. გთხოვ, ნურავის ეტყვი ამ წერილის შესახებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რაშია საქმე: განვიზრახე, აქ გამოვცე ქართულენოვანი ჟურნალი. ამის თაობაზე, მგონი, მოგწერე კიდეც. ამ საქმის ორგანიზების საკითხებზე უკვე მესამე თვეა ვმუშაობ და თითქმის უკვე დავასრულე.. . სია უკვე გადავგზავნე საქართველოში ამხ. კანდელაკთან, რომელსაც ასევე გავუგზავნე განცხადება ამ ჟურნალის ტფილისში გაგზავნისთვის უფლების მოსაცემად. ჟურნალს პირადად მე გამოვცემ და რედაქტირებასაც თვითონვე ვიკისრებ. იქნება 32-გვერდიანი და ყოველთვიურად 1000-ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა. სწორედ ამასთან დაკავშირებით მიწევს შენი შეწუხება. . . . . ამიტომ მჭირდება შენი დახმარება და მეგობრული ხელშეწყობა.
ნ.მიწიშვილი პარიზში
რადგან ბევრს და შეიძლება, შენც გაგიჩნდეს ეჭვი ჩემს მიზნებსა და შესაძლებლობებში, ამიტომ გატყობინებ ყველაფერს, რომ მშვიდად იყო და არ იფიქრო, რომ მე გავხდი „ანდანტეს ლაქია და მსოფლიო ბურჟუაზიის მუქთახორა“… კონსტანტინოპოლში ყოფნისას საუბარი მქონდა ამხანაგ მგალობლიშვილსა და მოდებაძესთან, რომლებიც გაეცნენ რა ჟურნალის იდეასა და მთელ ჩემს განზრახვებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, სიამოვნებით დამთანხმდნენ დახმარებაზე საქართველოში გამოცემის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა ევროპაში არ არის არც მგალობლიშვილი, არც მოდებაძე და არ მაქვს საშუალება, რომელიმეს მივმართო. . . . ახლა კი, რაც შეეხება შინაარსს. ჟურნალი მხატვრულია, ხელოვნებაში მემარცხენე მიმართულებისა და როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ – „საბჭოთა პლატფორმაზე დგას“. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა ნ. მიწიშვილის შესაძლებლობებში ბოლშევიკებს ეჭვი მართლაც ეპარებოდათ და ამიტომ მას არ დაეხმარნენ ამ ჟურნალის გამოცემაში. 1924 წლის ივნისში პარიზში იმყოფებოდ ალიოშა სვანიძე (სტალინის პირველი ცოლის, ეკატერინე სვანიძის ძმა, რომელიც ერთი პერიოდი სტალინის დიდი ნდობით სარგებლობდა, თუმცა ბოლოს მაინც დახვრიტა, როგორც „ჯაშუში“), რომელიც შეხვდა გ. ვეშაპელს და გაზეთის გამოცემის დაფინანსება საკითხი მოუგვარა. სხვა ვერსიით უკვე საბჭოეთისკენ მომზირალ, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთ ყოფილ ლიდერს, გ. ვეშაპელს, ბუდუ მდივანი შეხვდა და პროსაბჭოური გაზეთის დაფინანსების პრობლემა გადაუწყვიტა. როგორც ვხედავთ ბოლშევიკებმა დააფინანსეს უფრო გამოცდილი და ცნობილი პოლიტიკოსი გ. ვეშაპელი, რომელმაც 1924 წლის 5 ნოემბერს პარიზში დააარსა პროსაბჭოთა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა 1924-26 წწ. ბერლინსა და პარიზში), რომლის ფურცლებიდანაც გ. ვეშაპელი და ნ. მიწიშვილი ემიგრანტებს ბოლშევიკურ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ და თან აქტიურ საბჭოთა პროპაგანდას ეწეოდნენ.
ალიოშა სვანიძე
საინტერესოა, რომ ეს გაზეთი თავისუფლად იყიდებოდა საბჭოთა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბოლშევიკებმა ნ. მიწიშვილს, მისთვის უფრო შესაფერისი საქმე გამოუნახეს: ის გაზეთის წამყვანი თანამშრომელი გახდა. გაზეთის პირველივე ნომერში მოთავსებულია ნ. მიწიშვილის ვრცელი სტატია, საიდანაც მცირე ამონარიდიც კი კარგად გვიჩვენებს ავტორის „დიდ პატრიოტიზმს“ ( სტილი დაცულია – ბ.ა.) : „ საბჭოთა ფედერაციაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკა .. . . ჩვენ მიგვაჩნია თანამედროვე ეპოქის უდიდეს პოლიტიკურ მიღწევათ და ამ მხრივ – საბჭოთა საქართველოს მთავრობა . . . ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველ მთავრობად.“ აქ სადმე ჩანს ნ. მიწიშვილის შიში, რომ „საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს არ აცოცხლებს?“ , თუმცა კვლავ „სდუმან ბიოგრაფები“. . . . ლ. ღოღობერიძისთვის 1923 წლის 28 მაისს გაგზავნილი წერილიდან ჩანს ნ. მიწიშვილის მეგობრული ურთიერთობები სხვა ქართველ ბოლშევიკებთანაც: (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.):. „თუ საჭირო იქნება, იქ ბესოს (ჩემი აზრით იგულისხმება ბესარიონ ლომინაძე – მაშინ 26 წლის, თუმცა უკვე საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცკ-ის მდივანი. თავი მოიკლა 1935 წელს – ბ.ა.) დახმარება – ყველაფერი მოუყევი და სთხოვე, დაგეხმაროს.
ბესსარიონ ლომინაძე (1897–1935)
თუ საჭირო იქნება განცხადება ცკ-ს სახელზე – მომწერე და, ყოველი შემთხვევისთვის, გამოგიგზავნი.ნებართვის შესახებ შეგიძლიათ მაცნობოთ ბერლინის წარმომადგენელთა მეშვეობით….გუშინ წინ 26 მაისი იყო და აქაურ ქართველებს ქონდათ კრება და ლაპარაკი კაფე „ვოლტერში“. ვიყავი მეც. პარიზში ასამდე თუ მეტი არა – ქართველია. ეხლა გერმანიიდან მორბის სტუდენტობა. შიათ. ილაპარაკეს და დაიშალნენ. .. . . .მოუთმენლად ველოდები შენს წერილს. მომწერე ვრცლად, როგორც ადრე, მაგრამ გთხოვ – დაწერე უფრო გარკვევით, მის წასაკითხად სპეციალურად გამადიდებელი შუშა შევიძინე. თუ ისე გასუქდი, რომ ბოლშევიკს აღარ გავხარ, გამომიგზავნე სურათი, თორემ შეაშინებ ხალხს. შამამითვალე – რამფერ მიიღე ჩემი პირველი წერილი. ვინ მოგცა და სად. შენი ნიკოლოზ მიწიშვილი“.(ციტატის დასასრული). წერილის ბოლო ნაწილი აშკარად ფამილიარულია და ადრესატთან ნ. მიწიშვილის ახლო მეგობრობას ადასტურებს.
ერთი საინტერესო ნიუანსიც: ნ. მიწიშვილი, ლ. ღოღობერიძე და ბ. ლომინაძე თითქმის ერთი ასაკისანი იყვნენ და ჩემი ვარაუდით, ქუთაისში გატარებული ყმაწვილკაცობის წლები და მეგობრობა აკავშირებდათ. ლ. ღოღობერიძისთვის გაგზავნილ ერთ–ერთ წერილში ნ. მიწიშვილი წერს ( ავტორის სტილი დაცულია – ბ.ა.): „. .. მგონი, ორახელაშვილი (1926-1929 წლებში კომუნისტური პარტიის ამიერკვაკასიის კომიტეტის პირველი მდივანი. „ჯაშუშობის“ ბრალდებით დახვრიტეს 1937 წლის 12 ნოემბერს – ბ.ა.) ყველაზე ჭკვიანი კომუნისტია კავკასიაში. მისი მოხსენება ტფილისის ორგანიზაციისადმი – ბრწყინვალეა. მისი სტატიები (ზოგიერთი მოწინავე) – ხელმოუწერლადაა: მე ვიცი მისი ხელწერა – ძალიან საინტერესოა“. საქართველოს შსს არქივში ინახება ნ. მიწიშვილის კიდევ რამდენიმე წერილი ლ. ღოღობერიძისთვის და ლ. აღნიაშვილსთვის გაგზავნილი. მათი დაპატიმრების შემდეგ ეს მიმოწერა ლ. ბერიას ხელში აღმოჩნდა და ტრაგიკული როლი ითამაშა სამივე „ჯაშუშისა და კონტრევოლუციონერისთვის“ საქმის „შეკერვაში“ და მათი „დანაშაულებრივი კავშირების დადგენაში“. როგორც დავინახეთ ნ. მიწიშვილის საზღვარგარეთ გამგზავრება ოდნავადაც არ ჰგავდა ბოლშევიკებისგან თავის დაღწევას. პირიქით: უცხოეთში „ცისფერყანწელი“ პოეტი საბჭოთა კავშირის სადიდებელ აგიტაციას ეწეოდა და მხარში ამოუდგა „თანამებრძოლს“ – გ. ვეშაპელს. თუმცა კვლავ „სდუმან ბიოგრაფები“. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რატომ და როგორ დაბრუნდა ნ. მიწიშვილი საბჭოთა საქართველოში. ყველაფერი პარიზში, 1925 წლის 9 აგვისტოს დაიწყო. უფრო სწორედ მაშინ დასრულდა გაბოლშევიკებული „ყანწელის“ პროპაგანსისტული მისია. აი როგორ აღწერს მომხდარს, თავად უშუალო მონაწილე ნ. მიწიშვილი (სტილი უცვლელია – ბ.ა.): „ ამჟამად პარიზში ცხოვრობს ორმოციოდე ქართველი საბჭოთა მოქალაქე, რომელნიც იდეურად შემოკრებელნი არიან გახეთ „ახალი საქართველოს“ გარშემო, რამდენადაც ისინი იზიარებენ ამ გაზეთის მიერ თავის დროზე წამოყენებულ ლოზუნგებს. რასაკვირველია, არც ერთი კომუნიასატი მათ შორის არ არის, ამ ხალხმა ყოფილ სოციალდემოკრატ მუშების ინიციატივით მოისურვა დაეარსებინა პარიზში საკუთარი საზოგადოება, აეღოთ ბინა, სადაც შეეძლებოდათ შეკრება და თავის მოყრა, გაეხსნათ ბიბლიოთეკა, შრომის ბიურო და სხვ. ამ მიზნით 9 აგვისტოს დაინიშნა საზოგადო კრება თეატრ „ოდეონის“ მოედანთან, ოდეონის კომისარიატის წინ. ხალხი თანდათან იკრიბებოდა, მოსული იყო უკვე 15-16 კაცამდე, მათ შორის რამდენიმე ქალი. უეცრად დარბაზში მემოვარდა 35-40 კაცისაგან შემდგარი ბრბო, რომელთაც ყვირილით „დაიშალეთ, დაიშალეთ“ დაუწყეს ცემა ჯოხებით და სკამებით კრებაზე მოსულ ხალხს. შეიქმნა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც გადატანილ იქნა მოედანზე და გათავდა მხოლოდ პოლიციის მოგვიანებით ჩარევით“. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, თუ რა მოხდა: ქართული ემიგრაციის პროსაბჭოთა ჯგუფი პპარიზში კაფე „ვოლტერში“ აპირებდა „საბჭოთა კოლონიის“ დამფუძნებელი კრების ჩატარებას, რისი საშუალებაც პატრიოტულად განწყობილმა ქართველმა ემიგრანტებმა არ მისცეს. „საბჭოთა კოლონიის“ აქტიური მოღვაწე ნ. მიწიშვილი შემდეგ აგრძელებს (სტილი უცვლელია – ბ.ა.): „მე ამ ამბის გათავების შემდეგ შევედი კომისარიატში, რომ გამომეცხადებინა პროტესტი და მეთხოვა პროტექცია. როგორი იყო ჩემი გაკვირვება, როცა პოლიციის კომისარმა საკმაოდ გარკვევით წარმოთქვა სიტყვა „მიწიშვილი“ და გადახედა მის კაბინეტში მდგომ ერთ ქართველს. - დიახ, ესაა, - უპასუხა უკანასკნელმა. ეს ვაჟბატონი, როგორც შემდეგ გადმომცეს, ყოფილა ფრანგული „სიურტე-ჟენერალის“ თანამშრომელი და გავლენიანი პირი ფრანგულ პოლიციაში. მან დაწვრილებით ჩაუთვალა კომისარს ჩემი ბიოგრაფია და ისიც კი დაუმატა, რომ მე ორჯერ ვარ გადასახლებული საფრანგეთიდან ამა და ამ რიცხვებში, რომ მე ვარ „კომუნისტი“, „ბოლშევიკი“ და ქვეყნის დამქცევი. საქმე გათავდა იმით, რომ თავდამსხმელებთან ერთად მეც შემიპყრეს და მეორე დღეს იძულებული ვიყავი დამეტოვებინა საფრანგეთი“ (ციტატის დასასრული). ასე, რომ საფრანგეთიდან ნ. მიწიშვილი საკუთარი ნებით კი არ დაბრუნდა, არამედ ქვეყნიდან გააძევეს, როგორც ბოლშევიკ–აგიტატორი! საბჭოთა საქართველოში კი მას გაწეული შრომა დაუფასეს და მალევე „იდეოლოგიური ფრონტის“ წინა ხაზზე მიავლინეს: სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს! ნ. მიწიშვილის „ ბოლშევიკური თავგადასავალი“ საიდუმლო არავისთვისაა: ქართველი ბოლშევიკების უმთავრესმა გაზეთმა „კომუნისტმა“ თითქმის ასი წლის წინ – 1925 წლის 5 სექტემბერს – დაბეჭდა მისი „გმირობის ისტორია“. თუმცა რა: კვლავ „სდუმან ბიოგრაფები“, სიმართლეს კვლავ მალავენ და „საბჭოთა გველეშაპთან მებრძოლ პოეტზე“ მითებს თხზავენ.
(მეთორმეტე ნაწილის დასასრული)