"პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ, ვერ გვიშველის"
პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ, ვერ გვიშველის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე უნდა ვუთხრათ - კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ოღონდ თუ გყავს მთავრობა, რომელსაც მისი გამოყენება უნდა. თუ ასეთი მთავრობა არ გყავს, არაფერს გვიშველის. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მთავარი ფოკუსი უნდა იყოს დემოკრატიულ ცვლილებაზე და შემდეგ არჩევნებზე. რა შემთხვევაშიც, უკვე კანდიდატის სტატუსი იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ დასავლეთთან რეალური დაბრუნების გზაზე, ევროკავშირის წევრობისკენ გადავდგათ ნაბიჯები. პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პირობებში კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ, ვერ გვიშველის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ რეჟიმს, რომელიც წლების განმავლობაში ახერხებდა პროევროპული მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით ანტიდასავლური საქმე ეკეთებინა, აღარ უნდა მივცეთ საშუალება, რომელიმე მოქალაქე მოატყუოს, თითქოს შესაძლებელია ანტიდასავლური ზიზღის, სიცრუის ფონზე, საზოგადოებას ატყუებდე, ამას კი ვაკეთებ, მაგრამ მაინც ევროპისკენ მინდაო. ეს ერთდროულად არ გამოდის. ჩვენ ვართ ისტორიულ მომენტში. რუსეთის მარცხს მოჰყვება თავისუფალი სამყაროს, ნატო-ს გაფართოება. ჩვენ უნდა გვყავდეს მთავრობა, რომელიც ამაზე იმუშავებს“, - განაცხადა ბოკერიამ.
მან საქართველოში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ პოლონეთი წლების განმავლობაში და ახლაც, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია ნატო-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ისარგებლებს. სანამ ჩვენ ამ პრობლემას არ გადავჭრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარიც ვერ დაგვეხმარება იმ ისტორიულ ამოცანაში, რაც გვაქვს, რომ ამ ჭაობიდან გავაღწიოთ, თავისუფალი სამყაროს წევრი გავხდეთ, ვიყოთ ნატო-ს წევრი, თავისუფალი და დაცული რუსული საფრთხისგან“, - განაცხადა ბოკერიამ.
როგორც მან განმარტა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისაუბრეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.