"ეჭვიანობა დაიწყო, მუშაობაზე თავი დამანებებინა... ერთ დღეს, მისი მეგობრების თანდასწრებით დამარტყა, ბიჭებმა ძლივს გაიყვანეს სახლიდან" - კვირის პალიტრა

"ეჭვიანობა დაიწყო, მუშაობაზე თავი დამანებებინა... ერთ დღეს, მისი მეგობრების თანდასწრებით დამარტყა, ბიჭებმა ძლივს გაიყვანეს სახლიდან"

26 წლის მარიამ ნ. იძულებული გახდა ქმარს გაშორებოდა. ახლა ბათუმში, ნაქირავებ ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ თბილისის დატოვება ქმრის გამო მოუხდა, რადგან ხშირად პოულობდა მის ადგილსამყოფელს და სულ პრობლემებს უქმნიდა.

მარიამი:

- ქმართან პრობლემების გამო მომიწია ჩემი ქალაქის დატოვება, სადაც უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს. ახლა ბათუმში ვარ, რადგან სხვა გზა არ მქონდა. გარეთ რომ გავდიოდი, ყველგან ჩემი ქმარი მხვდებოდა და იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა... ეს ჩემთვის მეორე ქორწინება იყო, ამჯერადაც რომ არ გამიმართლა, ბევრმა მე დამადანაშაულა და გამაკრიტიკა.

ბევრი გულისტკენა მქონდა ეს წლები, ბევრმა ძალიან ახლობელმა ზურგი მაქცია და არ დამიდგა გვერდით როცა მიჭირდა, მაგრამ რას ვიზამ. მთავარია გავიგე, ვინ ვინ არის...

პირველად 17 წლის გავთხოვდი, 18 წლის ასაკში უკვე დედა ვიყავი. ჩემი გოგონა უკვე 8 წლის არის. სამი წლის იყო ბავშვი, მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს რომ დავშორდით. ვერ ვიტყვი, რომ ქმარი მცემდა და ძალადობდა, მაგრამ ერთმანეთს ვერ გავუგეთ, სულ კონფლიქტები გვქონდა, არაფერს ვუთმობდით ერთმანეთს, ერთი სიტყვით, ვერ შევეწყვეთ და მშვიდობიანად დავშორდით. მე ჩემს მშობლებთან გადავედი საცხოვრებლად და ჩემმა ქმარმა რამდენიმე თვეში სხვა გოგო შეირთო ცოლად.

ახლა ვფიქრობ, რომ ეს უთანხმოებები ასაკის ბრალიც იყო, ორივე პატარები ვიყავით და არც ერთი არ ვთმობდით...

მერე ჩემს ცხოვრებაში გიორგი გამოჩნდა, ჩვენ სამსახურში გავიცანით ერთმანეთი, ერთად ვმუშაობდით. სიმართლე გითხრათ, ახალი ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ შემიყვარდა, ვხედავდი, მასაც ვუყვარდი, სიყვარულს მეფიცებოდა და ორი წლის შემდეგ, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, თუმცა ოფიციალურად ხელმოწერილები არ ვყოფილვართ.

თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, ჩემი შვილი ჩემთან წამოვიყვანე რამდენიმე თვეში. მასაც კარგად ექცეოდა, მაგრამ მერე ეჭვიანობა დაიწყო, არ ვიცი, რატომ ეჭვიანობდა ასე ძალიან, ამის საბაბი ნამდვილად არ მიმიცია. მუშაობაზე თავი დამანებებინა, მითხრა, სახლში დაჯექიო და მეც დავუჯერე.

მალე მეორე შვილზე დავრჩი ფეხმძიმედ და სამსახურიდან წამოსვლასაც იმდენად მტკივნეულად არ აღვიქვამდი.

ბოლოს უკვე, დედაჩემთან წასვლასაც კი მიკრძალავდა. იყო შემთხვევები, როცა სახლში ჩამკეტა გასაღებით და მის მოსვლამდე გარეთაც ვეღარ გავედი.

იმის იმედი მქონდა, რომ შვილის დაბადება შეცვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. ხშირად გვქონდა დაძაბული სიტუაციები და ჩემს უფროს შვილს ამისთვის რომ არ ეყურებინა, ისევ დედაჩემთან გავუშვი. ბავშვი ძალიან განიცდიდა უჩემობას, სულ მთხოვდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი...

მერე, მეორე შვილთან ერთად ჩემს მშობლებთან წავედი, არ მინდოდა, ბავშვს ენერვიულა და ვიფიქრე, გიორგიც უფრო გააანალიზებდა ყველაფერს. უკან რომ დავბრუნდი, უფრო აგრესიული დამხვდა, ამას ისიც დაემატა, რომ დალევა დაიწყო. ხშირად სვამდა, ბავშვის ტირილს ვერ იტანდა და ყოველდღე გაუსაძლისი ხდებოდა მასთან ურთიერთობა. რამდენჯერმე ფიზიკურადაც შემეხო, ამაზე მეც გავგიჟდი და მეც ვურტყი. მეორე დღეს ბოდიშები მიხადა, არ ვიცი, რა დამემართაო. დამპირდა, რომ არ დალევდა, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ისევ დალია და ისევ განმეორდა ჩხუბი.

ერთ დღეს, მისი მეგობრების თანდასწრებით დამარტყა, ბიჭებმა ძლივს გაიყვანეს სახლიდან. ამ ყველაფერს ჩემი შვილიც უყურებდა. მივხვდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო და გაგიჟებულმა პოლიცია გამოვიძახე. მაშინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს ერთი თვით. მას მერე თვითონ შინ არ მოდიოდა და როგორც კი ორდერს ვადა გაუვიდა, მაშინვე მოვიდა.

ისევ შევრიგდით, ახლა იმას მსაყვედურობდა, რომ გავიმეტე და პოლიცია გამოვიძახე.

- მშობლებთან დაბრუნება არ გიცდიათ?

- ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე დავბრუნდი სახლში, მაგრამ ისევ შევურიგდი და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. ამის გამო, სიმართლე გითხრათ, ჩემებიც გაბრაზებულები იყვნენ. მივხვდი, სახლში დაბრუნებაც არ მინდოდა, რადგან რამდენჯერმე სკანდალი იქაც მოაწყო და სახლშიც მოგვივარდა. არ მინდოდა ჩემს ძმასთან ჩხუბი მოსვლოდა. სახლში ჩემი ძმა ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად. იქ უკვე აღარ იყო იმის ადგილიც, რომ ჩვენ სამი ადამიანი დავმატებოდით მათ.

ამიტომ ბინა ვიქირავეთ, დედაჩემი ჩემთან წამოვიდა, რომ ბავშვის მოვლაში დამხმარებოდა. მე სამსახურში გავედი, სოციალური დახმარებაც გავაკეთე და ბინის ქირის გადახდაში ჩემი ძმაც მეხმარებოდა. მეგონა, ასე სიმშვიდეს დავიბრუნებდი, მაგრამ გიორგიმ ნაქირავებშიც მომაგნო. ისევ შერიგებას მთხოვდა, მე კატეგორიულ უარზე ვიყავი და ისე ვიჩხუბეთ.

პატრულის გამოძახება ისევ დამჭირდა.

ამჯერად დააკავეს.

ჩვენებაც მივეცი და ყველაფერი ვთქვი, მაგრამ საქმე სასამართლომდე რომ მივიდა, იძულებული გავხდი, ჩვენება შემეცვალა და მისი დასჯა უკვე აღარ მოვითხოვე. სულ მითვლიდნენ მისი ნათესავები, რომ ეს არ გამეკეთებინა, რომ ჩემი შვილი გაიზრდებოდა და მამამისის დაჭერას აღარ მაპატიებდა. მის ადვოკატს შევხვდი და იმანაც დამარწმუნა, არ ამხილო და მე გაძლევ პირობას, რომ შენ არასოდეს გაგეკარებაო.

ესეც გავაკეთე...

ძალიან ძნელია, როცა ორი ბავშვით ქუჩაში მარტო რჩები და ბინის ქირით დაწყებული, უამრავი პრობლემა გაქვს. ერთმანეთს ვენაცვლებოდით მე და დედაჩემი, მე რომ სახლში მოვიდოდი, მაშინ დედაჩემი მიდიოდა და ის მუშაობდა, ბოლოს დედამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა და ორი წელია უკვე, რაც იტალიაში მუშაობს. უნდა, რომ დამეხმაროს და ბინა ვიყიდო, რომ მე და ჩემს შვილებს თავშესაფარი გვქონდეს.

მორიგი კონფლიქტები რომ აგვეცილებინა, დედამ წასვლამდე ბათუმში წამომიყვანა, ჯერ ბინა ვიქირავეთ, შემდეგ 15-წლიანი იპოთეკური სესხი გამოვიტანე და ბინა ვიყიდე. მე და ჩემი შვილები ახლა მარტო ვცხოვრობთ, ამ ქალაქში ცხოვრობენ ჩემი დეიდა და დეიდაშვილები, ისინიც ძალიან მიდგანან გვერდით. ასე უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ მაინც შინაგანი ღელვა მაქვს. ძალიან ვნერვიულობ, რომ აქაც არ მოგვაგნოს. სულ დაძაბული ვარ. თან მაინც უცხო გარემოში ვარ, მაგრამ ჩემები ყველანაირად გვერდში მიდგანან, როგორც ფინანსურად, ისე - ფიზიკურადაც მეხმარებიან. სხვების ხელის შემყურე არ მინდა ვიყო და ამიტომ, მეც ვმუშაობ.

- ქმრის ოჯახი თუ ნახულობს ბავშვს?

- არა, მათთან არ მაქვს კონტაქტი, ჩემმა ქმარმა იმდენი გააკეთა, რომ ყველა დამაშორა. იმათმა ის არ მაპატიეს, რომ პოლიცია გამოვიძახე. ბავშვი ისე გაიზარდა, ოჯახის არც ერთ წევრს არ ჰქონია მისი ნახვის სურვილი. არა უშავს, მთავარია, ჩემი შვილები ჩემთან ერთად არიან.

შრომა არ მეზარება, მაგრამ მაინც ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის. ჩემი შვილები მასულდგმულებენ. ახლა ვხვდები, ეს ნაბიჯი აქამდე უნდა გადამედგა და ამხელა ტკივილი და ფიზიკურად შეხება არ უნდა მომეთმინა. არადა, ყოველი ჩხუბის მერე ვამბობდი, ცოტა ხანს კიდევ დავაკვირდები, იქნებ, გამოსწორდეს-მეთქი.

სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ ისეთი შეურაცხყოფები მომაყენა, ძალიან გავცივდი და მივხვდი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო. როცა საქმე ასეთ მდგომარეობამდე მიდის, გინდა თუ არ გინდა, საბოლოდ, მაინც ინგრევა ასეთი ოჯახები. იმასაც ვფიქრობ, ჯობდა, მეორედ არ შემექმნა ოჯახი, ალბათ ის პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ მისი ამოცნობა შემძლებოდა. არადა, ქორწინებამდე სულ სხვანაირი იყო და მერე აუტანელი გახდა მასთან ცხოვრება.

- თქვენს პირველ მეუღლეს თუ აქვს შვილთან ურთიერთობა?

- პერიოდულად ნახულობს ბავშვს. მას კიდევ ჰყავს ორი შვილი. ბავშვს მამა ძალიან უყვარს და ურთიერთობას არ ვუშლი. ტელეფონზე ურეკავს, ხშირად არა, მაგრამ ნახულობს. ალიმენტსაც უხდის, ჩვენ ურთიერთობაც ნორმალური გვაქვს, რადგან დიდი სკანდალებით არ დავშორებივართ ერთმანეთს. მას თავისი ოჯახი ჰყავს და იქ ცხოვრობს.

(სპეციალურად საიტისთვის)