საქართველოს სასარგებლოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებულ 129 მლნ ევროს რუსეთი, რა თქმა უნდა, არ გადაგვიხდის, მაგრამ ეს კრემლის მორიგი სერიოზული მარცხია... - კვირის პალიტრა

საქართველოს სასარგებლოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაწესებულ 129 მლნ ევროს რუსეთი, რა თქმა უნდა, არ გადაგვიხდის, მაგრამ ეს კრემლის მორიგი სერიოზული მარცხია...

აგვისტოს ომის გამოძახილი 15 წლის შემდეგ დაგვეწია - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კომპენსაციის სახით, 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა!

ვინ არის ისეთი სტრასტბურგის სასამართლო, რომ თვით პუტინის რუსეთი დაადანაშაულოს და დაავალდებულოს იმაში, რაც თავის დროზე, თვით გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ თუ სხვა გავლენიანმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასტბურგში 1998 წლის 1-ლი ნოემბრიდან ფუნქციონირებს, სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1953 წლის 3 სექტემბრიდან, როდესაც ძალაში შევიდა ადამიანის უფლებების დაცვისა და ძირითადი თავისუფლების ევროპული კონვენცია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2009 წელს შეცვალა საჩივრების მიღების წესი, ის ექვს კატეგორიად ჩამოაყალიბა, რითაც გამორიცხა დროის დაკარგვა ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებაზე, სამაგიეროდ, დააჩქარა ისეთი რეზონანსული საქმეების განხილვა, რომლებიც ერების გადარჩენასა და გენოციდის დონის დანაშაულებს ეხება...

რუსეთთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამოქმედდა 1998 წლის 5 მაისიდან და მას შემდეგ, 2022 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციას მომჩივნების (რომელთა დიდ ნაწილს თავად რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ) სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 2,02 მლრდ ევრო, საიდანაც რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 74 მლნ ევრო გადაიხადა, უფრო მეტიც, 2022 წლის 15 მარტიდან რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწვეტილების შესრულებაზე...

რა სახის და რა რაოდენობის კომპენსაცია დაუწესა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი აგრესიული ქმედებებისთვის?

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში წერია:

"მოპასუხე სახელმწიფომ - რუსეთმა, მომჩივან საქართველოს მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 50-მა მსხვერპლმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში“ სამოქალაქო პირების მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად და მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება ამ მკვლელობებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, სულ მცირე 166-მა მსხვერპლმა განიცადა, რომლებიც 2008 წლის 10-27 აგვისტოს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იყვნენ დაკავებულები.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 640 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა ქართველი ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე 16-მა მსხვერპლმა 2008 წლის 8-27 აგვისტოს ცხინვალში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 115 000 000 ევრო, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა სულ მცირე 23 000-მა ადამიანმა, ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, რომელიც ქართველებს "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაში უშლის ხელს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 8 240 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა მინიმუმ 412 მსხვერპლმა იმის გამო, რომ მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების შესახებ“.

გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო, საქართველოს, კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში უნდა გადაუხადოს 129 მლნ ევრო!

ამასთან, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოს წევრი აღარაა და რომ მოპასუხე მთავრობის წარმომადგენლობა არ ეთანამშრომლა, არ წარმოადგენს დაბრკოლებას საკითხი განეხილათ და ასეთი დადგენილება გამოეტანათ.

ველოდოთ თუ არა დღევანდელი რუსეთისგან, რომელსაც უკრაინის სრულ დასაპყრობად იმ მასშტაბის ომი აქვს გაჩაღებული, როგორიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, დანაშაულის აღიარება 15 წლის წინ პატარა საქართველოში ტანკებით შემოჭრისა და საქართველოს მოქალაქეების (ეროვნების განურჩევლად) წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შებღალვისთვის?

მიამიტი არავინაა, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება, ისევე, როგორც რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, დღეს ამას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც სასაცილოდ აიგდებს...

მაგრამ ეს დღეს...

ხვალ კი, თუკი უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიის სახის ჩამოშლა დაიწყო უკრაინის განმათავისუფლებლების წარმატებული ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების შედეგად, რასაც აუცილებლად მოჰყვება პუტინის რეჟიმის „ბარბაცი“ მთელი რუსეთის ფარგლებში, შეიძლება ვიხილოთ 1917 წლის მაგვარი კადრები, როდესაც პირველი მსოფლიო ომის ფრონტებიდან მასიურად დეზერტირებული, ჩამოძონძილი და მშიერი რუსი ჯარისკაცები შაშხანებს ერთ ყუა პურში ცვლიდნენ, მათ შორის, მაშინდელი ტიფლისის ერევნის მოედანზეც...

აი, მაშინ კი შესაძლებელი გახდება ამ და კიდევ სხვა კომპენსაციების მიღება დაშლის პირას მყოფი რუსეთისგან, მაგრამ მანამდე, შეიძლება ძალიან დიდი სისხლი დაიღვაროს არამარტო ევროპაში, მსოფლიოს მასშტაბითაც, რადგან უკრაინასთან ომის ჭაობში ჩაძირულ რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი საშინელების გაკეთება შეუძლია მთლიანად პლანეტა დედამიწისთვის. ტყუილად როდი აცხადებენ კრემლიდან - თუკი არ იქნება რუსეთი, დაე, აღარ იყოს არაფერი...