"სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება - ოჯახი დარწმუნებულია, რომ ის მოკლულია" - რას ამბობს ადვოკატი დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგონაზე
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გოგონას ოჯახი აღნიშნული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, უკვე დარწმუნებულია, რომ მოზარდი მოკლულია.
რუხაძის თქმით, გარდაცვლილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები აქვს.
„ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსიაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები ბუნებრივად განვითარდა და თავისით მოკვდა პატარა გოგონა. 40-მდე დაზიანებაა ასახული ექსპერტიზის დასკვნაში, რაც ლეგიტიმურ ეჭვებს ბადებს, რომ სანამ გოგონა გარდაიცვლებოდა, წინ უსწრებდა რაღაც მძიმე ამბები, რაც შეიძლება იყოს მოძალადესთან ჭიდილი და ა.შ. მათ შორის, არის ყელზე და სახის მიდამოებში დაზიანებები, არის დეტალები, რასაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავასაჯაროებ, თუმცა, ოჯახი დარწმუნებულია და ამ ექსპერტიზის დასკვნამ კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ გოგონა მოკლულია.
სახეზე მრავლობითი დაზიანებებია, ასევე სახეზე აქვს შეშუპება, მრავლობითი ექსკორაციები, ყელზე დაზიანება, მაშინ, როცა გოგონას საკმაოდ სქელი „როლინგი“ ეცვა. ასევე დაზიანებები აქვს ზურგზე, ფეხზე და კიდურებზე. ყელზე დაზიანებები ძალიან მკაფიოა და საკმაოდ დიდი ზომისაა, ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს, რომ ამას სადმე, რამეზე წამოდებით ვერ მიიღებდა, ეს არ არის ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევებია.
ექსპერტიზას დასკვნაში გამოყენებული აქვს ტერმინი ბლაგვი, მკვრივი საგანი, თუმცა, როგორც წესი, არ აკონკრეტებს, რა შეიძლება ეს იყოს. ტერმინი - მიყენებული აქვს - არის გამოყენებული, ვინმემ მიაყენა, თუ თავისით მოხდა ეს ყველაფერი, მოქმედებით ფორმაში არ წერია - მიყენებულია, ეს ტერმინია გამოყენებული.
კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე გვაქვს კითხვები, ეს დაზიანებები რა გარემოებებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიყენებული, თავის შეშუპება რამ გამოიწვია და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც ამ დღეებში ჩამოვაყალიბებთ და პროკურატურას მივმართავთ“, - განაცხადა რუხაძემ.
12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დანიშნულია ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რაც ამ დრომდე არ დასრულებულა.
„არანაირ ვადებს არ იცავს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ეს დასკვნაც, რაც ახლა მივიღეთ, ძალიან დიდი ბრძოლისა და ბევრი მიმართვის შედეგადაა, რომელიც პროკურატურის წინაშე დავაყენეთ.
ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ეს მექანიკური ასფიქსიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოვლენები ბუნებრივად არ განვითარებულა, ეს იმდენად სპეციფიკური ტერმინია, მნიშვნელოვანია, კრიტიკული კითხვები დაისვას, რადგან ამ პირველადი ექსპერტიზის დასკვნით სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. ამიტომ, ვარაუდებს და დასკვნებს მოვერიდები, თუმცა, ოჯახს პირველივე დღიდან სჯერა, რომ ბავშვი მოკლეს“, - განაცხადა რუხაძემ.
ცნობისთვის, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი დღეს, 28 აპრილს გადაეცათ.
დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"