"ჩვენი გმირი ბიჭების, ჩვენი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში ჰააგის შემდეგ" - როგორ ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას? - კვირის პალიტრა

"ჩვენი გმირი ბიჭების, ჩვენი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში ჰააგის შემდეგ" - როგორ ეხმაურება ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია.

"ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს, ჩვენი გმირი ბიჭების, ჩვენი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში ჰააგის შემდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთი არის დამნაშავე, რომ 2008 წელს მან განახორციელა საქართველოს ანექსია, ოკუპაცია, რომ ის აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას.

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტ სააკაშვილმა, სახელმწიფომ, გმირმა ბიჭებმა გიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებამდე ქართველი ხალხი დადგეს ერთად და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრემლიდან მართული ხელისუფლება გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (II) (განცხადება №38263/08) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა სამართლიანი კომპენსაციის საკითხი (მუხლი 41). საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს კონვენციის სხვადასხვა დარღვევას 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"