ექვსი თავდაცვის ზღუდით დაცულ ოკუპირებულ სევასტოპოლში ორმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა მაინც ააფეთქა ოთხი უზარმაზარი ნავთობრეზერვუარი...
ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დედაქალაქში-სევასტოპოლში, სადაც ასევე დისლოცირებულია რუსი ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა, 29 აპრილის დილიდან უძლიერესი ხანძარი მძვინვარებდა, რომელსაც რუსი სამხედროები ვერ აქრობდნენ სახანძრო სარკინიგზო მატარებლის დახმარებითაც კი...
რუსი ოკუპანტები თავადვე აღიარებენ, რომ სევასტოპოლის „კაზაჩია ბუხტის“ ნაპირთან განთავსებულ მოზრდილ ნავთობბაზაზე წარმატებული საჰაერო შეტევა მიიტანა ორმა კამიკაძე-დრონმა, რის შედეგადაც აალდა საწვავის ოთხი უზარმაზარი რეზერვუარი და რომელთა ჩაქრობა შეუძლებელია, სანამ იქ არსებული საწვავი მთლიანად არ გამოიწვება...
კამიკაძე-დრონებს ადრეც განუხორციელებიათ საჰაერო და საზღვაო შეტევები ოკუპირებული სევასტოპოლის სტრატეგიულ ობიექტებზე (გაიხსენეთ თუნდაც ის საზღვაო კამიკაძე-უპილოტო კატარღები,რომლებიც სევასტოპოლის საზღვაო ბაზაში ღამით შეაღწიეს, რუსულ ხომალდებს შორის დაცურავდნენ და საუკეთესო „საკბილოს“ ირჩევდნენ), მაგრამ დღეს ეს თითქმის წარმოუდგენლად მოჩანდა, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ექვსი თავდაცვის ზღუდე შექმნეს სევასტოპოლის მისადგომეთან, რომ უკრაინელების კამიკაძე-დრონებისგან დაიცვან თავი, თუმცა...
ამ მსხვილი ნავთობბაზის ნაწილის განადგურება ეტყობა მეტ-ნაკლებად იმოქმედებს ყირიმის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტების საწვავით მომარაგებაზე, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვაა-დიდი ხნის წინ დაანონსებული უკრაინის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყების წინ აღმოჩნდა, რომ თვით ყველზე დაცულ სევასტოპოლის საჰაერო სივრცეში მაინც შეაღწია ორმა კამიკაძე-დრონმა და „მსუყე“ სამიზნეებიც მონახა...
მაშინ რა მოხდდება ხვალ-ზეგ, თუკი ფართომასშტაბიან კონტრშეტევებში უკრაინელებმა მასიურად დაიწყეს ამგვარი კამიკაძე-დრონების გამოყენება და იგივე ოკუპირებული სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზას ორი კი არა, არამედ ოცი ან სულაც ორმოცი კამიკაძე-დრონი შეუტევს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან?
ბოლო პერიოდში, უკრაინის მიერ კამიკაძე-დრონების გამოყენების ხელწერა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის ტერიტორიაზე, შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინის არმიის გენშტაბი ჯერ „კბილს უსინჯავს“ კონკრეტულ მარშრუტებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების დაბალ სიმაღლეზე გადასალახავად.
ამიტომაცაა, რომ თვით მოსკოვის მისადგომებთან ჩამოვარდნილი უკრაინული კამიკაძე-დრონები მაღალი ხეების კენწერობს წამოედნენ და ისინი რუსულ საზენიტო „ბუკებსა“ თუ „ტორებს“ არათუ არ ჩამოუგდიათ, არამედ ვერც კი აღმოაჩინეს მათი ფრენა რუსეთის საჰაერო სივრცეში არანაკლებ 400 კმ-ის გადალახვის მიუხედავად...
უკრაინელების სავარაუდო ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებას დიდი ალბათობით წინ წარუძღვება კამიკაძე-დრონების დიდი რაოდენობით გაშვება, რაც უცილობლად გადატვირთავს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას - რუსი მეზენიტეები უკრაინული კამიკაძე-დრონების რაღაც რაოდენობას კი ჩამოაგდებენ, მაგრამ ბევრიც შეუმჩნეველი დარჩებათ, რომლებიც წინასწარ დაზვერვილ მნიშვნელოვან რუსულ ობიექტებს „ესტუმრებიან“, შეიძლება თავად მოსკოვშიც კი...