"ქვეყანაში სამართლიანობა აღდგენილია! აღარავინ დაისჯება უსამართლოდ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის!" - რას წერს "ფოტოგრაფების საქმეზე" ნათია გედენიძე?
საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. "ფოტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი მონაწილე, ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, სამართლიანობას მიაღწიეს:
"ჩვენ ეს შევძელით! იმიტომ რომ: სიმართლე, რომელიც თავის მხრივ მწარეცაა, თავს ვერ დამალავს და ვერ მოექცევა ჩარჩოებში! სიმართლეს ჰყავს თავისი მიმდევრები, ვისაც სწამს და სჯერა!
ჩვენს გარშემო არის ხალხის დიდი არმია, ვინც გვიცნობს და სწამს ჩვენი შესაძლებლობების და არიან ისეთებიც, ვისაც ჩვენ არც ვიცნობთ და თავისი სურვილით გვიჭერენ მხარს! ცალკე სათქმელია ადვოკატის როლი. აქ უკვე დავკონკრეტდები, რომ იყვნენ ისეთებიც, ვინც საქმის წასაკითხად სოლიდურ ანაზღაურებას ითხოვდა და აღმოჩნდა, რომ უანგარო გულშემატკივრობას და პროფესიონალიზმს ასეთი შედეგებით აერთიანებს Amiran Giguashvili.
მისი სწორად წარმართული პროცესებია ის, რა შედეგიც დადგა. ოთხივეს სახელით მადლობა მას.
და ბოლოს! ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მანკიერი რეჟიმი საბოლოოდ დასრულებულია, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგენილია! აღარავინ დაისჯება უსამართლოდ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის!
Irakli Gedenidze Giorgi Abdaladze Zurab Kurtsikidze გილოცავთ გამარჯვების დროშის ფრიალს!
ნათია- თქვენი ,,დამხმარე" და მეგობარი", - წერს ნათია გედენიძე.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე შვიდი წლის წინანდელი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები - გიორგი აბდალაძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები და ზურაბ ქურციკიძე გაამართლა. საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაჰკითხეს მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს.