"ამდენი წელი გავიდა და ეს ჭრილობები ვერ შუშდება" - რა დეტალებს იხსენებს "ფოტოგრაფების საქმეზე" ნათია გედენიძე? - კვირის პალიტრა

"ამდენი წელი გავიდა და ეს ჭრილობები ვერ შუშდება" - რა დეტალებს იხსენებს "ფოტოგრაფების საქმეზე" ნათია გედენიძე?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „ფოტოგრაფების საქმეზე“ საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. როგორც ირკვევა, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში, როცა ისეთ მუხლზე, რითაც მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, მორალური ზიანი დაკმაყოფილდა.

ამ გადაწყვეტილებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმე საბოლოოდ დასრულებულია და პროკურატურამ ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს, ირაკლი გედენიძესა და ნათია გედენიძეს მორალური ზიანისთვის თანხა უნდა გადაუხადოს.

შეგახსენებთ, ცნობილი ფოტოგრაფები სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის ივლისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. არცერთი რეპორტიორი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა მოგვიანებით, გლდანის ციხეში მათ აღიარებით ჩვენებები იძულებით მიაცემინეს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს ციხიდან. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმის გამოძიება ისევ თავიდან დაიწყო და დაადგინა, რომ რეპორტიორების დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს გადაღებული ფოტოები გახდა. მაშინ სასტიკად ნაცემი მოქალაქეების ფოტოები ყველა საერთაშორისო მედიაში გავრცელდა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია და ფოტოგრაფებზე მათ ამ ფორმით იძიეს შური.

მოგვიანებით ისინი დაზარალებულად სცნეს და 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე დამნაშავედ სცნო კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მათ პატიმრობა მიესაჯა.

სისხლის სამართლის საქმეში სრულად გამართლების შემდეგ დაზარალებულმა ფოტოგრაფებმა სასამართლოში იჩივლეს და ამჯერად მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. 28 აპრილს სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, ბუნებრივია ამ შედეგით გახარებულები არიან დღეს დაზარალებული ფოტოგრაფები, ირაკლი და ნათია გედენიძეები, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე, რომლებაც მართლაც უამრავი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ თავიანთი სიმართლე ბოლომდე მიეყვანათ და მთელ საზოგადოებას გაეგო, რომ ისინი შეთითხნილი ბრალდებებით ისხდნენ ციხეში.

ნათია გედენიძე:

- საქალაქო სასამართლოში ჩვენ გვქონდა შეტანილი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ საქართველოს პროკურატურას წინა რეჟიმის დანაშაულებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები წინა პროკურატურის ჩადენილი ქმედებებისთვის. აქვე განვმარტავ, რომ 2016 წელს პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შემდეგ დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა, საქალაქო სასამართლომ ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი მორალური ზიანი იყოს ანაზღაურებული. მნიშვნელობა არ აქვს ციფრებს, აქ მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში, არ არსებობდა არანაირი მსგავსი მექანიზმი, შაბლონი, „ქეისი“ და მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა, მითუმეტეს, ასეთი მუხლით, რაც ჩვენს მიმართ იყო წარდგენილი.

ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი იზეიმებდა და ეს დღეც დადგა, ჩვენ ეს შევძელით იმიტომ რომ სიმართლე, რომელიც თავის მხრივ მწარეცაა, თავს ვერ დამალავს და ვერ მოექცევა ჩარჩოებში! სიმართლეს ჰყავს თავისი მიმდევრები, ვისაც სწამს და სჯერა. ჩვენს გარშემო არის ხალხის დიდი არმია, ვინც გვიცნობს და სწამს ჩვენი შესაძლებლობების და არიან ისეთებიც, ვისაც ჩვენ არც ვიცნობთ და თავისი სურვილით გვიჭერენ მხარს! ცალკე სათქმელია ამ საქმეში ადვოკატის როლი. ჩვენს ადვოკატს, ამირან გიგუაშვილის უსაზღვროთ ვემადლიერებით, რომელმაც სრულიად უანგაროდ მოკიდა ხელი ჩვენს საქმეს. მისთვისაც პრეცედენტული საქმე იყო. იმასაც გეტყვით, როცა ხელში გვეჭირა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი და გადავწყვიტეთ მორალური ზიანისთვისაც შეგვეტანა საჩივარი, გვჭირდებოდა ადვოკატი, იურისტის დახმარება, რომ სამართლებრივად გამართული ყოფილიყო სარჩელი, ჩვენ სასწაულ თანხებს გვთხოვდნენ ადვოკატები, ისეთ დიდ თანხებს რომ წარმოუდგენელი იყო. ამიტომ შეუძლებელია არ დავაფასოთ ამირან გიგუაშვილის უანგარობა, მისი ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი ერთდროულად, მან არ დაზოგა თავისი თავი, თავისი ძვირფასი დრო ჩვენს სასარგებლოდ და ფეხდაფეხ მოყვა პროცესებს, მისი სწორად დალაგებული, იურიდიულად გამართული მსვლელობა არის წინაპირობა იმის, რომ სასამართლომ სწორად იმსჯელა კონკრეტულ საკითხზე და ეს შედეგი დადგა.

ამირან გიგუაშვილს მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ყველას სახელით ამ ბრძოლისთვის. მან ეს შედეგი ჩვენთან ერთად იზეიმა, მართლა რთული ყოფილა მოგებულ საქმეზეც მოძებნო იურისტი, რომელიც შენთან ერთად ივლის ახალი სამართლებრივი დავისთვის. ამიტომ ჩვენგან ყველასგან დიდი მადლობა მას. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მანკიერი რეჟიმი საბოლოოდ დასრულებულია, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგენილია! აღარავინ დაისჯება უსამართლოდ პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის!

- ნათია ალბათ ადვილი არ იყო ამდენწლიანი ბრძოლა, რას გაიხსენებ?

- 12 წლის წინანდელი საბედნიეროდ დასრულდა იმ სიმართლით, რაც თავიდანვე ნათელი იყო. საბედნიეროდ, ახალმა გამოძიებამ გამოავლინა როგორც ახალი გარემოებები, ასევე დამნაშავეები. ჩვენი ძველი განაჩენი გაბათილდა და დაზარალებულად გვცნეს, მერე გამამართლებელი განაჩენი დადგა. თუმცა ამდენი წელი გავიდა და ეს ჭრილობები ვერ შუშდება ვერანაირად, როცა იბრძვი სიმართლის და მიდის გამოძიება, ახალი გამოძიება საჭიროებს იმას, რომ ისევ დეტალურად გაიხსენო ის ყველაფერი რაც გაიარე და ამ დეტალს მოყოლებული ტკივილი. ტკივილი, რომელსაც გახსენება არ უნდა, უბრალოდ ამის აღდგენაა საჭირო, რომ გამოძიებას დაეხმარო სიმართლე დაინახოს. რომ გაგვამართლეს, მაშინ სასამართლოზე განგვიმარტეს რომ შეგვეძლო მორალური ზიანის მოთხოვნა. ამ პერიოდში თუნდაც სასამართლოსთვის დაგვჭირდა ისევ იმ ყველაფრის თავიდან გამეორება, მოყოლა, რაც ჩვენ გადავიტანეთ მაშინ. ჩვენ გავმართლდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოების მხრიდან ვხვდებოდით ისეთებსაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ გამართლების მიუხედავად ჩვენს სიმართლეში მაინც ეჭვი ეპარებოდათ, ადამიანების გარკვეულ ფენას და გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად მაინც ბოლომდე ვერ ჩამოვირეცხეთ ეს. რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის და ამ გზით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი უდანაშაულობა.

მაგალითსაც მოგიყვებით: ირაკლის (გედენიძე) ჰქონდა ასეთი შემთხვევა. მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მას უწევს სხვადასხვა სასამართლო პროცესების გაშუქება და ის ცნობილი მსჯავრდებულის ( იგულისხმება მიხეილ სააკაშვილი ავტ.) პროცესზეც მოუწია კადრების გადაღება და როცა თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ამ დროს მოუწია არაერთი დამამცირებელი რეპლიკის მოსმენა, რომ ეს ის ჯაშუშია, ეს არის ის, არადა მერე ირაკლის გადაღებულ ფოტოებს ისევ თავადვე იყენებდნენ სოციალურ ქსელშიც. ბედის ირონიაა.

- მიხეილ სააკაშვილის პროცესებს გულისხმობთ ალბათ, ვისგან მოდიოდა ეს რეპლიკები?

- დიახ ამ პროცესზეა საუბარი და ეს მოდიოდა მისი მხარდამჭერებისგან, რომლებიც ისხდნენ მის სასამართლო პროცესებზე და ცხადია უკმაყოფილო იყვნენ მათი კუმირის მდგომარეობით. ბედის ირონიაა, ირაკლი ისევ იღებდა იმას, რაც სასამართლო პროცესზე ხდებოდა, როგორც მაშინ, 26 მაისს იღებდა, რომელიც არ აპატიეს და როცა დოკუმენტურად სწორად გადაღებული მისი ფოტოები მოხვდა მსოფლიოს წამყვან მედიაში, ეს იყო მიზეზი ირაკლის და ჩვენი დაპატიმრების.

ამ ფოტოებისთვის ჩვენ ყველანი დაგვსაჯეს და ამით თითი დაუქნიეს სრულიად მედიას, რომ ეს იყო ყველასთვის დიდი გაკვეთილი. ჩვენ ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ. ახლა სასამართლოსაც არ ჰქონდა პრეცედენტი, რომ სახელმწიფოს გაეღო კონკრეტული ანაზღაურება მორალური ზიანისთვის, ასეთი მუხლით არავინ გამართლებულა და არ დასრულებულა საქმე ასეთი გადაწყვეტილებით. სასამართლომ პროკურატურა დაავალდებულა და პრაქტიკულად დღევანდელი პროკურატურა იხდის ძველი დროის რეჟიმის ქმედებებისთვის "ვალებს".

მოსამართლემ ბოლოს განგვიმარტა, რომ მისთვისაც იყო საინტერესო ეს საქმე და თან გამოწვევა, რადგან არ ჰქონდათ პრეცედენტი. ვერანაირი თანხა ვერ დაფარავს იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ სასამართლოს მოთხოვნით ექსპერტიზა ჩავიტარეთ და ექსპერტიზამ კვლავ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეცნობიერიდან ეს ტრავმა არ წაშლილა და ისევ ისეთი სიმძიმით ვატარებთ ამ ტრავმას.

ფაქტია, ჩვენ ამ ტრავმიდან ვერ განვთავისუფლდით, მაგრამ ეს შედეგი არის იმედის მომცემი ჩვენთვის, რომ საბოლოოდ, სახელმწიფო ყველანაირად შეეცადა მაქსიმალურად მომხდარიყო ჩვენი რეაბილიტაცია და არ დაგვიკარგა სიმართლე. გვიხარია, რომ ასეთი პრეცედენტი შეიქმნა და ამ მდგომარეობაში ჩვენს მეტი არავინ აღმოჩნდება, საქმის პროფესიონალურად შესრულებისთვის არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ადამიანები თავის საქმეს რომ აკეთებენ ამის პარალელურად ქმნიან ისტორიას. უამრავი მესიჯი და ზარი მივიღე, გვილოცავენ და უდიდესი მადლობა მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომლებიც ჩვენთან ერთად განიცდიდნენ ამ ყველაფერს.

(სპეციალურად საიტისთვის)