არაჩვეულებრივი გამოფენა წმინდა სისხლის ხოხბები გორში
საქართველოში ბევრი მოყვარული მეფრინველეა, რომლებიც ეგზოტიკურ და დეკორატიულ ფრინველებს აშენებენ. ვასიკო გოგიშვილს გორში უამრავი ეგზოტიკური ფრინველი ჰყავს. მისი ეზო იშვიათი სილამაზის ფრინველებითაა სავსე. ეს საქმე ჯერ კიდევ მაშინ წამოიწყო, როცა საბაჟო-საგადასახადო საქმეს სწავლობდა, თუმცა პროფესიით არ უმუშავია. დღეს ის კონსულტანტია ტექნიკის მაღაზიაში. დაიბადა ცხინვალში, მაგრამ 1990 წლიდან, როცა 3 წლის იყო, ოჯახი დევნილია. ამჟამად გორში ნათესავის ბინაში ცხოვრობს. ვასიკო ეგზოტიკურ ფრინველებს შეხედავს თუ არა, მაშინვე ხვდება მათ ხასიათს, ბუნებას. შეიძლება ითქვას, თითოეულის "ენა" იცის...
ვასიკო გოგიშვილი:
- ბებოს ქათმები ჰყავდა, კრუხებს სვამდა, ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი. წიწილებიც მომწონდა. 10-11 წლის წინ პატარა ვოლიერი გავაკეთე, 10 ცალი აბრეშუმის ქათმის კვერცხი ვიყიდე და გამოვაჩეკინე... მაშინ აბრეშუმის ქათამი საქართველოში უცხო იყო. ერთ ცალში 10 ლარი გადავიხადე (ეს ფასი, ალბათ, დღევანდელ 100 ლარს უდრის). შინ რომ მოვიტანე, კინაღამ მომკლეს. მოკლედ, აბრეშუმის ქათმით დავიწყე. მერე წიწილებს რომ ვყიდდი, იმ თანხით თანდათან სხვადასხვა სახეობის ფრინველებს ვიმატებდი. დღეისთვის მყავს სამეფო ხოხობი, ალმასის, ნეპალის, ვერცხლის, პაკისტანური ჰიუმას, ყურებიანი, ბაჯაღლო ხოხბები. კიდევ ორი სახეობის ხოხბის, ტროგოპანისა და ჰიმალაის მონალის ჩამოყვანა მინდა. საქართველოში ჯერ არავის არა ჰყავს. იმედია, ეს ოცნებაც ამიხდება.
- იხვებიც გყოლიათ.
- ორი სახეობა მყავს - ხუთი წყვილი მანდარინკა და ერთი წყვილი კაროლინა. მანდარინკები საერთოდ ფერადები არიან, გამოყვანილები კი თეთრები. ზაფხულში დედალ-მამალი ფერებით თითქმის ერთნაირი არიან. სექტემბრის ბოლოდან იღებს მამალი ფერებს.
- ხოხბის მოვლა ადვილია?
- რთულად მოსავლელია, ვოლიერში ვერ შეხვალ, ბადეს აწყდებიან და შეიძლება მაგ დროს რამე დაიზიანონ. ამიტომ შესვლა-გასვლისას ისეთი მოძრაობები არ უნდა გააკეთო, რომ შეაშინო. ხოხბები ოჯახებად ცხოვრობენ - ერთი მამალი და რამდენიმე, ოთხი-ხუთი დედალი. სამეფო ხოხობს გამოჩეკიდან ერთ თვეში სხვა ჯიშის ხოხობს ვერც ჩაუსვამ, რადგან ერჩის, კბენს და შეიძლება მოკლას.
არსებობს ხოხბის სახეობები, რომლებიც ერთმანეთს უჯვარდებიან, და ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთთან არ ჯვარდებიან. ოქროსფერი, ალმასისა და გამოყვანილი ბაჯაღლო ხოხობი - ერთმანეთში ჯვარდებიან, ხოლო სამეფო და ოქროსფერი - არა. ამიტომ ყველა ცალ-ცალკე უნდა მოვათავსოთ, რომ არ აირიოს. ყველას თავისი ფერები აქვს. ერთი სხვა ფერის ბუმბულიც არ უნდა ერიოს, რაც მათ სუფთა სისხლზე მიუთითებს.
- რით კვებავთ?...
- როცა გარეული ფრინველი ბუნებაში ცხოვრობს, იქ იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. ვოლიერში გამოკეტილს ხელოვნურად უნდა მივაწოდოთ, რაც საჭიროა, რომ ჯანმრთელიც იყოს, გამრავლდეს. არც ზედმეტი ვიტამინებია საჭირო და არც ნაკლები. ამას პრაქტიკა გიჩვენებს. წყალი ყოველდღე უნდა გამოუცვალო, რომ არ გაფუჭდეს და იქიდან რაიმე დაავადება არ შეეყაროს. ბევრი პატარა დეტალია, რაც ყურადღებას მოითხოვს.
- დიდი დრო მიაქვს მოვლას?
- დაახლოებით 2 საათი მჭირდება, რომ წყალი გამოვცვალო, ვოლიერი გავასუფთაო და ვაჭამო. ხოხბებს მწვანე მასა და ცილოვანი საკვები თუ არ მიეცი, მხოლოდ ხორბლითა და სიმინდით ვერ იცოცხლებენ, ან ცუდად გამრავლდებიან. დღის განმავლობაში რამდენიმე საათი კი მჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი მსიამოვნებს. ჩემთვის დიდი განმუხტვაა.
- ოჯახის წევრები გეხმარებიან?
- ჩემი მეუღლე მეხმარება, დედაც, როგორც შეუძლია... ორი შვილი მყავს, მათაც მოსწონთ ეს საქმე.
- ფრინველს ყიდით?
- როცა ზედმეტი ფრინველი მყავს, მაშინ ვყიდი. დიდ ფულს ამით ვერ იშოვი. ეს საქმე უნდა გიყვარდეს, მაშინ შემოსავალზე აღარ ფიქრობ.
- ვოლიერებს გაკეთება უნდა, მასალა ფული ღირს, ალბათ, არის სხვა ხარჯიც...
- ჰოდა, დღესაც ბანკის სესხს ვიხდი...
- დაავადებებს როგორ ებრძვით?
- უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სწორი კვება და სისუფთავე. თუკი რამ დაავადება ხვდებათ, საჭიროა დროულად დადგენა, რა სჭირთ, თორემ მერე ვეღარ უშველი. თავად თუ არა გაქვს გამოცდილება, მხოლოდ ინტერნეტში ამოკითხული მითითებებით ფრინველს ვერ შეინახავ.
საგამოფენო ფრინველი საგანგებოდ უნდა გყავდეს, მას გასამრავლებლად ვერ გამოიყენებ. შეჯვარების პერიოდში მამალი დედალს აზიანებს და სილამაზე, რითაც გამოირჩევა, ეკარგება.
- დეკორატიული ქათმები აღარ გყავთ?
- სანამ ეგზოტიკურ ფრინველებზე გადავიდოდი, მანამდე მყავდა აბრეშუმის, პატარა ქათმები. ქათამი ადვილად მრავლდება და განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. მთავარია, სიმშრალე, საკვები და წყალი ჰქონდეს. დილეტანტიც გაამრავლებს მარტივად, მაგრამ რაღაც სახეობა რომ გავრცელდება, ყველას ჰყავს, თითქოს ინტერესი გეკარგება. გარშემოც აღარ უკვირთ, ფასიც ვარდება. საკვებიც გაძვირდა, ჭირს შენახვა, თან ქათამი ცოტა მეტი უნდა გყავდეს, რომ მომხმარებელი დააკმაყოფილო. მოკლედ, მივხვდი, რომ ქათმები აღარ მჭირდებოდა. ეზოც პატარაა, ამდენ ქათამს ვერ დაიტევს, თანაც ბევრი ქათამი სპეციფიკურ სუნს გამოყოფს. ქალაქის ცენტრში როცა ცხოვრობ, არ გამოდის და ეგზოტიკური ფრინველებიც ამიტომ ავირჩიე, თანაც უფრო საინტერესოა. მათ განსხვავებული ცხოვრება აქვთ, განსხვავებული რიტუალები - ვთქვათ, მამალი დედალს რომ გაეპრანჭება, ან დედალი კვერცხის დასადებად მიდის... მოკლედ, ახლა ხუთი ფენიქსის ქათამი მყავს, გრძელკუდიანი.
- თუთიყუშები ლაპარაკობენ?
- თუთიყუშების სამი სახეობა მყავს. მოლაპარაკეები არიან, მაგრამ ამდენს ერთად ლაპარაკს ვერ ასწავლი. არც თუთიყუშები და არც ქათმები არასდროს დამითვლია, მათი რაოდენობა ზუსტად არასდროს მცოდნია. საკმარისია, ერთი ცალი დამაკლდეს, მაშინვე ვხვდები...
- მოყვარული მეფრინველეები, ალბათ, ერთმანეთს აზრებს უზიარებთ.
- სამი-ოთხი კაცი ვართ და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. სამწუხაროდ, ფრინველის ვეტერინარი დეფიციტია...
უამრავი სახეობის ფრინველი არსებობს. ერთს რომ მოიყვან, სხვაც გინდა, მერე კიდევ სხვა და ამიტომაა, რომ ახლა ეზო მთლიანად ამათ უკავიათ. შენს ჭკუაზე ფრინველს ვერ გადაიყვან, მას უნდა აჰყვე. კაკბებიც მყავს, ჩვეულებრივი და ხელოვნურად გამოყვანილი თეთრები.
- დამწყებმა მეფრინველემ რა უნდა გაითვალისწინოს?
- უნდა ჩამოყალიბდეს, რა სახეობის ფრინველები უნდა, მათი ცხოვრების წესი შეისწავლოს, წაიკითხოს ან ვინმე კომპეტენტურს ჰკითხოს და მერე შესაბამისი პირობები შეუქმნას. კიდევ, რაც საყურადღებოა, ფრინველი ჯანმრთელი უნდა იყოს.