„ისეთი ხელი მაქვს, ჯოხი რომ ჩავარჭო მიწაში, ფოთლები გამოაქვს“ - კვირის პალიტრა

„ისეთი ხელი მაქვს, ჯოხი რომ ჩავარჭო მიწაში, ფოთლები გამოაქვს“

გიორგი შილდელაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში ცხოვრობს, მეტსახელად გვრიტას ეძახიან, ბავშვობაში ბებიას შეურქმევია. შეიძლება ამიტომაც დაჰყვა ფლორისა და ფაუნის სიყვარული. მისი სახლის გვერდით სოფლის რეკრეაციული ზონაა. გვრიტა სოფლის ნარგავებს ერთხანს საკუთარი ინიციატივით უვლიდა, გასულ თვეს კი მომვლელ მებაღედ გააფორმეს. გვრიტას სახლის ეზოც მწვანე ნარგავებით, ნაირ-ნაირი ყვავილითა და ცხოველ-ფრინველით არის სავსე.

- ბებო-პაპასთან, დედასთან, მეუღლესა და ორი შვილთან ერთად ვცხოვრობ. პატარა რომ ვიყავი, უპატრონო ლეკვს ან კნუტს სადაც ვნახავდი, შინ მომყავდა. იმდენი მოვაგროვე, ოჯახის წევრები შეწუხდნენ. პაპა მეუბნებოდა, შენი ლეკვებითა და კნუტებით სახლიდან გაგაგდებო... ყველა სახის შინაური ფრინველიც მოვაშენე. ბაღში ალუჩასა და ტყემალს დავკრეფდი, ბოდბისხევის ბაზარში ვყიდდი და იქვე ხან ქათამს ვყიდულობდი, ხან იხვს, ბატს ან კურდღელს. ყველაზე რთული მოსავლელი კურდღელი გამოდგა. სულ 30 მყავდა, გალიები ჩემი ხელით გავუკეთე. ერთხელ კბილები ასტკივდათ და დაიხოცნენ. მათ მოვლაზე ხელი ამიტომაც ავიღე.

სამი ძაღლი მყავს და ახლა მეოთხეც მოვიყვანე. ქართული ნაგაზია, ლომა. შინაური ფრინველების სუნზე ტურები და მელიები ხშირად გვეპარებიან, მაგრამ ლომა ყველას დააწიოკებს ხოლმე. ათი მტრედი მყავს. იხვებსა და ბატებთან ერთად მუშკის იხვებიც მოვამრავლე. ერთ ბატს გენერალს ვეძახით, ბაზარში ვიყიდე 5-6 წლის წინ. 7 წელიწადი შინაური ფრინველისთვის დიდი ასაკია, მაგრამ არ ვკლავთ. გენერალი იმიტომ შევარქვი, რომ ჩვენს ფრინველებს მეთაურობს და ტერიტორიას აკონტროლებს. საღამოს, შებუდების დრო რომ მოვა, მოაგროვებს ტყეში გაფანტულებს და საქათმისკენ მიუძღვება... ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს.

სკოლაში ბოტანიკა-ზოოლოგიას კარგად ვსწავლობდი. 2003 წელს საცხოვრებლად ახალ სახლში გადმოვედით და ბაღის მცენარეების შეგროვებაც მაშინ დავიწყე. სადაც ახალი მცენარის ნერგს ვნახავდი, პატრონს ვეხვეწებოდი, ჩემთვისაც ეწილადა. განსაკუთრებით ყინვაგამძლე მცენარეებით ვიყავი დაინტერესებული, ამიტომ ჩემი ბაღი ზამთარშიც მწვანედ ბიბინებს. პაპამ კალმით გახარება მასწავლა და ბევრი მცენარე ასე გავამრავლე. სახლის გვერდით თავისუფალი ადგილი იყო და კაკლის, ალუბლის ნერგები დავრგე, ხან ჩვენ შევაწვდით ხელს, ხანაც გამვლელი და ვისიამოვნებთ-მეთქი. უკვე ყველა ისხამს ნაყოფს. პატრიარქმა ხომ თქვა, სანამ ცოცხალია ადამიანი, 12 ხე მაინც უნდა დარგოსო. მე კიდევ ჯერ 30 წლის ვარ და უკვე უთვალავი ხე მაქვს გახარებული.

გაზაფხულზე, ბოსტნის ბარვის დროს, ხეხილის ამონაყრები ხშირად მხვდება, ფესვიანად ვიღებ და სოფელში თავისუფალ ადგილებზე ვრგავ. მიმდებარედ სოფლის რეკრეაციული ზონაა, ხელოვნურად გაშენებული ბაღი. არავინ უვლიდა და ხეები ხმებოდა. ამიტომაც ვუვლიდი, გამხმარი ხეების ნაცვლად ახლებს ვრგავდი. ქიზიყში ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ 4 ჰექტარზე გაშენებულ ხეებს ზაფხულობით ვრწყავდი. ერთი თვის წინ ამ ბაღის მომვლელად დამნიშნეს და ხელფასიც დამინიშნეს. მიხარია, როცა დავინახავ, რომ ბავშვები დასეირნობენ, ხილს შეექცევიან ან დედებს ჩვილები გამოჰყავთ სუფთა ჰაერზე. ყველას ვთხოვ, ისე დაკრიფეთ ხილი, ტოტები არ დაამტვრიოთ, და მომავალ წელს უფრო გაგახარებთ-მეთქი.

ჩვენი ვენახი სახლიდან 6 კილომეტრზეა. ბავშვობაში მთელი ოჯახი მივდიოდით სამუშაოდ. ერთხელ გზაზე მსხლის ნერგი ვნახე. ბარი თან არ მქონდა, თითებით მოვთხარე მიწა და ფაქიზად ამოვიღე, უკეთეს ადგილას რომ გადამერგო. ახლა ამ მსხლის ნაყოფს ჩემი შვილები ჭამენ და მეც ბავშვობა მახსენდება. სახელობითი ხეებიც გვიდგას ბაღში.

mamul6-1682857862.jpg

- სახელობითი ხეები რას ნიშნავს?

- ჩვენი სოფლელი, მეტსახელად კაკრაჭ იოსებოვიჩი, მამაჩემის მეგობარი, კარგი თამადა და ძალიან ხუმარა კაცი იყო. კომშის ხეს მის სახელს ვეძახით. ნერგს რომ გვაძლევდა, გვითხრა, როგორც მე მასხია, იგრე დაისხამსო. ალუბლის ნერგიც გვაჩუქა და დაგვიბარა, ამას აბრა გაუკეთეთ: "მადე ინ კაკრაჭაო". ალუბალსა და კომშს რომ ვკრეფთ, კაკრაჭ იოსებოვიჩის ხუმრობებს ვიხსენებთ. უნაბის ხეს სანდრიკა პაპას ვეძახით, რადგან სანდრიკა ქემაშვილმა გვაჩუქა. ჩვენი სახლის აშენებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. უნაბის კრეფის სეზონზე მასაც ხშირად ვიგონებთ. პავლოვნია მუსიკოსმა თამაზ ბეჟიაშვილმა გვაჩუქა, ამიტომ ხეს "მაესტროს" ვეძახით...

ბავშვობაში ჩემი ტოლები რომ ერთობოდნენ, მე ვენახში თავგამოდებით ვმუშაობდი. პაპა მამხნევებდა, ისწავლე, ისევ შენ გამოგადგებაო. ახლა ვენახს მარტო ვუვლი, ყოველდღიურად 6 კილომეტრს ფეხით გავდივარ. 31 წლის ვენახი გვაქვს. პატარა ვიყავი, მამა რომ დაიღუპა, ამ ვენახის გაშენებაში პაპას ის მიხმარებია და მის ნაოფლარ ვაზს შვილივით ვუვლი.

- ვენახის მწკრივების დასაწყისში ვარდები რატომ გიდგას?

- ინტერნეტში წავიკითხე, თუ ვაზის გვერდით ვარდებს დარგავთ, სანამ ვაზს გამოაჩნდება ამა თუ იმ დაავადების ნიშნები, ის ვარდზე აისახება და მკურნალობასაც დროულად მოასწრებთო. მეც ვარდები კალმით დავაფესვიანე და ვენახის თავში გადავრგე. ლამაზიც არის და მეთოდმაც გაამართლა, სანამ ვაზს ჭრაქი და ნაცარი გამოაჩნდება, ვარდის ფოთოლი ავადდება და მაშინვე ვიწყებ შეწამვლას. გაზაფხულის პირზე ვარდებს რომ ვსხლავ, ტოტები გადასაყრელად მენანება და ვაკალმებ, მერე გზის ნაპირებზე ვრგავ. ისეთი კარგი ხელი მაქვს, ჯოხი რომ ჩავარჭო მიწაში, ფოთლები გამოაქვს. მეზობლები მეხვეწებიან, ჩვენთანაც დარგე, რომ გაიხაროსო. ჩემს ეზოში 30-ზე მეტი ფერისა და ჯიშის ვარდია. ყვავილების მოვლაში მეუღლეც მეხმარება. დაძველებულ თუ დაზიანებულ ნივთს ქოთნად ვიყენებთ. ჩემს ბაღში ბევრგან დაინახავთ ჩექმებში ჩარგულ ყვავილებს. ჩექმა რომ გამიფუჭდება, ბაღში მივარბენინებ ყვავილის ჩასარგავად. აქ რას არ ნახავთ: ძველ ღუმელს, კალოშებს, საათს, ტაშტს, საცერს, შესაწამლ აპარატს, საბურავებს, ხელსაბანს... კუს ბაკანიც კი ქოთნად ვაქციე. სოფელში მუდმივი წყალი არ არის, ხევის წყალი კი გზაზე უმისამართოდ მოედინებოდა, მეც მილი დავუფინე და ჩემს ყვავილებთან შევიყვანე. აქაურობას ყველა გვრიტას მწვანე ბაღს ეძახის.

- გვრიტა რატომ შეგარქვეს?

- 19 წლის ბიძა დამეღუპა, გიორგი, მისი სახელი დამარქვეს, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, რომ გვრიტა დაეძახათ. გიორგი შილდელაშვილი რომ იკითხოთ სოფელში, ვერავინ მიხვდება, რომ მე მკითხულობთ. ყველა გვრიტად მიცნობს. დილით, სანამ ოჯახი გაიღვიძებს, მე ძროხას ვწველი. 7 წელია ძროხა მყავს და ჩემ გარდა არავის მოუწველია. მერე ყავას ვიდუღებ და ჰამაკში ჩამჯდარი ვსვამ, თან ჩიტების ჟრიამულს ვუგდებ ყურს. ამასობაში ძროხის ნახირში წაყვანის დრო მოდის. თუ ჩემი მორიგეობა არ არის, ბაღს ვუვლი ან ვენახში მივდივარ, ან ყვავილებს დავტრიალებ. მათზე ზრუნვა მაბედნიერებს, ისინიც მადლობას თავისებურად მიხდიან, ყვავიან და ყვავიან.

- ახლახან სოფლის ბაღის მებაღედ დაგნიშნეს. ამ ბაღის ამბებიც მოგვიყევი.

- ბაღი 1986-87 წლებში გააშენეს და ჩოდრიშვილის სახელი მიანიჭეს. ვაქირელი იოსებ ჩოდრიშვილი სატყეო მეურნეობისა და ნაკრძალების სამმართველოს უფროსი იყო. სოფლის ცენტრში მისი გაშენებული პატარა ბაღი აღარ არსებობს, მეორე ბაღი კი 4 ჰექტარზეა გაშენებული. სოფლის მოსახლეობას მებაღედ გოდერძი ბაიდოშვილი დაუნიშნავთ. გოდერძი რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ ბაღს მომვლელი აღარ ჰყოლია. მე ვუვლიდი, გამხმარი ტოტებისგან ვასუფთავებდი, მაყვალს ვაცილებდი, წყალს ვუსხამდი, ყვავილებს ვრგავდი, ხეებს ვაახლებდი... მე და დედა სკოლაში ამ ბაღის გავლით დავდიოდით. ამჟამად ლამაზ ტყედ იქცა. ტყეს ფრინველებიც მოჰყვნენ და დილით, ყველა რომ გალობს, მათ მოსმენას არაფერი სჯობს. უამრავი შაშვი, ბულბული, გვრიტი, ჩხიკვი, ციყვი ბინადრობს. ბაღში დიდი თელა დგას, მასზე საქანელა ჩამოვკიდე. მინდა უნიკალურ ბაღად ვაქციო, სკამებიც დავადგმევინო და სოფლის მოსახლეობამ ამ ბაღით ისიამოვნოს.

ნელი ვარდიაშვილი