რატომ ატეხეს განგაში ამერიკელმა ეკონომისტებმა?!
ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკური პროცესებიდან ყველაზე თვალში საცემი ლარის გამყარებაა. თუმცა მოსახლეობა მაინც მაღალ ფასებსა და ეკონომიკურ პრობლემებზე წუხს. ამას აჩვენებს ბოლო სოციოლოგიური კვლევებიც და მათ შორის, ახლახან IRI-ს დაკვეთით წარმართული გამოკითხვა, სადაც პრობლემების ჩამონათვალში პირველი ოთხეული სწორედ ეკონომიკური საკითხებია. რა კავშირია ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის კურსს შორის, რამდენად შეესაბამება ლარის ასე გამყარება ვითარებას, რა განაპირობებს ამ პროცესებს და რაც მთავარია, როგორ შეიძლება ისინი განვითარდეს ახლო მომავალში, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.
- დღეს მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა, რაც განაპირობა ჯერ "კოვიდ-19"-ის პანდემიამ, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლიდან გაგრძელდა რუსეთის ომით უკრაინაში და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით. ამ სანქციების ფონზე ძალიან საინტერესო პროცესები წარიმართა - სანქცირებული რუსეთი ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობაში ამერიკული დოლარი აღარ გამოიყენოს. აქ კი გამოჩნდნენ სხვა აქტორებიც, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ჩინეთი, რადგანაც რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში უკვე გამოიყენება ჩინური იუანი. BRICS-ის ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა) საერთოდ ერთიანი ვალუტის გამოშვებას აპირებენ; ცალკე ინდოეთს აქვს ამბიცია, რომ საგარეო ვაჭრობაში თავისი ვალუტა, ინდური რუპია გამოიყენოს; ცოტა ხნის წინ ბრაზილიამ და არგენტინამ განაცხადეს, რომ ერთიანი ვალუტის გამოშვებას აპირებენ, რომელსაც საგარეო სავაჭრო ოპერაციებში გამოიყენებენ. ფაქტია, მსოფლიოში დედოლარიზაციის პროცესია დაწყებული. ამის გამო ამერიკელი ეკონომისტები უკვე განგაშს ტეხენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში მსოფლიო სავაჭრო ოპერაციებიდან დოლარი გამოირიცხება. სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სავალუტო რეზერვებში საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი აქვს ამერიკულ დოლარს და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის კარგი დოლარის კრახი, რადგან მათ მნიშვნელოვნად დააზიანებს. თუმცა დოლარზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია დღეს მსოფლიოში უკვე ყალიბდება. ამაზე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, თუნდაც ის მეტყველებს, თუ 2021 წელს დოლარის წილი გლობალურ რეზერვებში 55% იყო, 2023 წლისთვის 47%-მდე შემცირდა. შესაბამისად, როდესაც დოლარზე მოთხოვნა მცირდება, ის იაფდება. ეს ტენდენცია კი ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, გავლენას ახდენს.
დღეს მსოფლიოში მიდის გლობალური ეკონომიკური წესრიგის ტრანსფორმაცია და როგორ დასრულდება ეს, არავინ იცის. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება რუსეთის ომი უკრაინაში, რადგან, თუ 2024 წელსაც გაგრძელდება, დიდი ალბათობით, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც ამოქმედდება, როგორიც არის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები. მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მეორე ვადითაც იყრის კენჭს. მისი მკვეთრად გამოხატული კონკურენტი ამ ეტაპზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც ამბობს, პრეზიდენტობის შემთხვევაში ომს სწრაფად დავასრულებო. ამიტომ როგორ შეიცვლება მსოფლიო, როგორ ტრანსფორმირდება მსოფლიო ეკონომიკა, პროგნოზი პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ომი დასრულდება იმ შედეგით, რომელიც ყველას გვინდა, ამ ომიდან რუსეთი არ გამოვიდეს გამარჯვებული, და, რაც მთავარია, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაშინ სიტუაცია, რა თქმა უნდა, უფრო მართვადი იქნება. მაგრამ თუ ომი გაგრძელდა და, როგორც ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, მოხდა უკრაინის "ავღანეთიზაცია", მაშინ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების, და მათ შორის, ეკონომიკური პროცესების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, დღეს სახეზეა დედოლარიზაცია და ამ პროცესზე უკვე საჯაროდ ლაპარაკობს ამერიკის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი, რომელიც ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე დედოლარიზაციის პროცესი აშშ-ისთვის ძალზე მძიმეა.
- ეს პროცესი საქართველოს რამდენად ეხება ან შეეხება?
- ამ ეტაპზე დედოლარიზაციის პროცესი, გარდა იმისა, რომ ლარი მყარდება, საქართველოს პირდაპირ არ შეეხება, თუმცა ყველა იმ სავაჭრო პარტნიორმა, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარს არ გამოიყენებენ, შესაძლოა სხვა ვალუტის არჩევანის წინაშე დაგვაყენოს.
- რა არჩევანი გვაქვს?
- არჩევანს გააკეთებენ და შემოგვთავაზებენ ის დიდი ქვეყნები, რომლებთანაც გვაქვს და გვექნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩინეთი. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩინური იუანის გლობალურ ვალუტად ქცევას მე დიდი ეჭვით ვუყურებ, რადგან როდესაც საქმე გვაქვს ფიატურ ფულთან (ფიატური ჰქვია ფულს, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე და მის უკან არ დგას რამე საქონელი, მაგალითად, ოქრო), ძნელია ავტორიტარული მმართველობის მქონე ქვეყნის ვალუტამ გლობალური ადგილი დაიკავოს, რადგანაც ასეთი მმართველობა, როგორც წესი, დიდ ნდობას ვერ იმსახურებს. როგორ შეიძლება ენდო ავტორიტარული სახელმწიფოს ფულს, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები შეზღუდულია. თუმცა, ცხადია, უშუალოდ ჩინეთთან ვაჭრობაში ჩინეთმა შესაძლოა მოგვთხოვოს იუანზე გადასვლა. ეს უკვე მისი პრეროგატივაა და ამ ეტაპზე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა გადადის ამ პოლიტიკის გატარებაზე. საუდის არაბეთიც ლაპარაკობს სხვადასხვა ვალუტის გამოყენებაზე საგარეო ვაჭრობაში და ა.შ. მაშასადამე, დედოლარიზაციის პროცესი იწყება. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ საყოველთაო დედოლარიზაცია შეუძლებელია მოხდეს.
- რამდენად არის მოსალოდნელი, რომ დოლარი ევრომ ჩაანაცვლოს და საქართველოში ეს როგორ აისახება?
- ევრო დოლარის ადგილს ვერ დაიკავებს, რადგან ევრო არ არის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება თავად ევროკავშირშიც, მხოლოდ ევროზონაშია და გლობალურად მით უმეტეს დოლარს ვერ ჩაანაცვლებს. რუსეთის სანქციების გათვალისწინებითაც ყველა ვაჭრობისას, რომლებიც არ არის ევროზონასთან დაკავშირებული, ევრო არ გამოიყენება. სანდო წყაროებზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "როიტერმა", რომ აშშ-ის ხელმძღვანელობამ უფლება მისცა ცნობილ ბანკ JPMorgan-ს "როსსელბანკის" (რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი) SWIFT-ის სისტემაში ერთჯერადი ჩართვის გამოყენებით განეახლებინა რუსეთიდან ხორბლის, ზეთისა და სასუქების შესყიდვა. რუსეთმა მოითხოვა "როსსელბანკის" SWIFT-ის სისტემაში დატოვება, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკვე ნიშნავს რუსეთის მიერ თუნდაც ერთჯერადად დოლარის კვლავ გამოყენებას. "როიტერი" ყვითელი მედია არ არის, რომ არ ენდო.
- შჭIFთ-ით ვაჭრობის უფლება სანქციებიდან გასვლას არ ნიშნავს?
- სანქციების მოხსნა ამ ეტაპზე გამორიცხულია, თუმცა, სავარაუდოდ, "როსსელბანკს" SWIFT-ში დააბრუნებენ, რადგან რუსეთიდან ხორბლის, ზეთისა და სასუქების შესყიდვა კვლავ იქნება საჭირო. ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის შედეგზეც. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ რუსეთმა არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი!
- ლარი მყარდება დედოლარიზაციის გამო თუ შიგა პროცესებიც თამაშობს როლს?
- შიგა პროცესები, რა თქმა უნდა, ის არის, რომ საქართველოში ხდება ვალუტის შემოდინება. ამას საფუძველი ჰქონდა, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებმა ბიზნესები გადმოიტანეს, მაგრამ ეს პროცესი რამდენად სტაბილურად გაგრძელდება, პროგნოზირება შეუძლებელია. მოგეხსენებათ, არაერთმა რუსმა დატოვა საქართველო, რასაც, ალბათ, ვერ ვიტყვით უკრაინელებზე.
- ეკონომიკური ზრდა რა კავშირშია ლარის გამყარებასთან და, თუკი მხოლოდ გლობალური ფაქტორების გამო ხდება გამყარება, ჩვენი ხელისუფლება საკუთარ დამსახურებად რატომ აცხადებს და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა ლარის გამყარება ჩვენი ეკონომიკისთვის?
- პატარა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდისთვის ძალიან კარგია ექსპორტის სტიმულირება, ამას კი არ სჭირდება ეროვნული ვალუტის გამყარება, პირიქით, თანდათან მცირედით უნდა უფასურდებოდეს. ამიტომ ლარის გამყარება ეკონომიკური ზრდისთვის სულაც არ არის კარგი, თუმცა აქვს პოზიტიური მხარეც - ჩვენი იმპორტი ექსპორტს 2,5-ჯერ აღემატება, ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და როცა შემოგვაქვს საქონელი უცხოეთიდან, შემოგვაქვს გაზრდილი ფასით. მაშასადამე, საქონლის იმპორტთან ერთად ვახდენთ ინფლაციის იმპორტსაც, ეროვნული ვალუტის გამყარება კი აფერხებს ინფლაციის უფრო მაღალ დონეზე დაფიქსირებას. წარმოიდგინეთ, ფასები თუ გაიზარდა საერთაშორისო ბაზარზე, მაშინ გვაქვს ინფლაცია - საქონელი ხომ დოლარით შემოგვაქვს და, თუკი ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდება, ეს საქონელი ლარში კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება.
- ეს დადებითი ფაქტორი, რომ ინფლაციას გარკვეულწილად აფერხებს, ჯამურად გადაწონის უარყოფითს?
- როგორც გითხარით, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მიღწევა უნდა, რაც მცირე ეკონომიკაში საექსპორტო პოტენციალის ზრდაზეა დამოკიდებული, აუცილებელია ეროვნული ვალუტა მცირედით უფასურდებოდეს. ფაქტია, ბოლო წლებში ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმპორტი, მაგრამ მეტი წარმატებისთვის აუცილებელია ლარი კი არ მყარდებოდეს, არამედ თანდათანობით უფასურდებოდეს. ეს ეკონომიკური თეორიის ანაბანაა.
- ლარის გამყარება თუ გაგრძელდება, საექსპორტო პროდუქციას რა ბედი ელის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღებაში რა პრობლემებია მოსალოდნელი, გაუწევს იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას?
- რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, პირველ რიგში გვჭირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოგეხსენებათ, რუსეთი ხორბალს თავისი ინტერესებისთვის იყენებს და არაერთხელ გვითქვამს, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდა ე.წ. სასურსათო ომი. ამიტომ ჩვენ, როგორც რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყანამ, აუცილებლად უნდა გავზარდოთ ხორბლის წარმოება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობა პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყნის შიგა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება კონკურენციას, ცხადია, ლარის გამყარების შემთხვევაში იმპორტი იაფდება, თუმცა ადგილობრივს ის უპირატესობა აქვს, რომ საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯი არა აქვს, რაც ნებისმიერი ქვეყნიდან საქონლის შემოტანის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია.
- ადგილობრივი პროდუქციისთვის პრიორიტეტის მინიჭებას ხელს რა უშლის?
- როგორც გითხარით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება. ცხადია, ჩვენ საქართველოს მოთხოვნილებას ხორბალზე 100%-ით ვერ დავაკმაყოფილებთ, ამის რესურსი არა გვაქვს, მაგრამ დღეს რამდენიც მოგვყავს, რომ გავაორმაგოთ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის შესაძლებლობა რეალურია.
- მაინც იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ლარი რომ მყარდება, წესით, იმპორტირებული პროდუქცია არ უნდა ძვირდებოდეს მაინც, რომ არაფერი ვთქვათ გაიაფებაზე. რამდენად ლოგიკურია ფასები დღეს?
- ლოგიკურია მარტივი მიზეზის გამო - ლარი რომ არ მყარდებოდეს და სტაბილურობას არ ინარჩუნებდეს, იცოდეთ, ფასები გაცილებით მაღალი იქნებოდა, რადგან მთელ მსოფლიოში ფასების ზრდის მაღალი ტემპია. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები აქტიურად წერენ მაღალი ინფლაციის უარყოფით ზეგავლენაზე აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკებზე. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მსოფლიოს ეკონომიკისთვის სწორედ ინფლაციაა. ამ ვითარებაში კი რატომღაც არ ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი. უკვე ორი თვე იქნება, სებ-ს პრეზიდენტი არა ჰყავს და ინსტიტუციურად ეს არ არის კარგი ვითარება. როდესაც მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა, მიზანშეწონილია, საკადრო პრობლემა რაც შეიძლება მალე გადაწყდეს.
- რატომ ჭიანურდება, თქვენი აზრით?
- ვფიქრობ, არა იმდენად დაგვიანებაა, რამდენადაც ჩვენ ვართ ექსტრემალურ მდგომარეობაში იმის გამო, რაც მსოფლიოში ხდება დოლართან, ინფლაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, საკითხის ჯეროვან დონეზე გადაწყვეტა უნდა დავაჩქაროთ.
- რუსეთიდან შემოსული ბიზნესები ვახსენეთ, რაც გავლენას ახდენდა თუ ახდენს ლარის გამყარებაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეებზე დიდი რაოდენობით მიწაა გაყიდული. ეს რა გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე, ან პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით რა პრობლემების შემქმნელი შეიძლება იყოს?
- მიწა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ეკონომიკური თეორიის მიხედვით ჩვეულებრივი ეკონომიკური რესურსია და წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მისი გაყიდვა ნებისმიერ სუბიექტზე დასაშვებია. მაგრამ მიწა, იმავდროულად, ერის საარსებო არეალია. ამიტომ საკითხის გადასაწყვეტად მარტო ეკონომიკური თეორიით ხელმძღვანელობა შეცდომაა! გასათვალისწინებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა. აქედან გამომდინარე, მიწას არ შეიძლება მოექცე როგორც ჩვეულებრივ ეკონომიკურ რესურსს. ამიტომ ქართველი მეცნიერ-ეკონომისტების არაერთი განცხადება გაკეთდა, რომელთაც სათავეში ედგა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. მეც ვაწერდი სხვებთან ერთად ხელს, რომ ამ პროცესის უკონტროლო გაგრძელება არ შეიძლება, რადგანაც ეს, რა თქმა უნდა, მომავალში ქვეყანას სირთულეებს შეუქმნის.
- საფრთხეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვა ქმნის თუ საერთოდ გაყიდვა? რუსეთის შემთხვევაში რა დამატებითი რისკები ჩნდება?
- ეს ყველას ეხება. გვახსოვს, მიწას ჩინელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ. რომ ყიდულობდნენ, ეს მოსახლეობის როგორ უკმაყოფილებას იწვევდა, ეს ახალი თემა არ არის. რაც შეეხება რუსეთს, ცხადია, რისკები უფრო მაღალია, რადგან მომავალში სულაც არ არის გამორიცხული, რუსეთმა ეს გამოიყენოს, როგორც ხშირად გამოუყენებია, თავისი მოქალაქეების ინტერესების "დასაცავად". სიახლე არ არის, რომ რუსეთი სწორედ რუსულენოვანი მოსახლეობის, რომ არაფერი ვთქვათ მის მოქალაქეებზე, "დაცვით" ამართლებს სამხედრო ოპერაციებს.
- საქართველოს ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია?
- საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, მიწის მიყიდვის საკითხს სამართლებრივად დაარეგულირებს.
- მიწის მიყიდვაზე მორატორიუმს გულისხმობთ თუ აკრძალვას?
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა უნდა აიკრძალოს. ბევრი ფაქტორი არსებობს თავად "უცხო ქვეყნის მოქალაქის" სტატუსის განსაზღვრაშიც. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაქორწინდება საქართველოს მოქალაქეზე, როგორ გინდა აუკრძალო მიწის ყიდვა? ამიტომ ამ ეტაპზე, სანამ ეს საკითხები სამართლებრივად არ გადაწყდება პოლიტიკურ დონეზე, მიზანშეწონილია მიწის პრივატიზაცია და ყიდვა-გაყიდვა შეჩერდეს.
- ეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწას უნდა შეეხოს?
- კერძო საკუთრებასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს შესაბამისი რეგულაციები. ასეთი რეგულაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. ახალ ველოსიპედს ნუ გამოვიგონებთ, გამოვიყენოთ მსოფლიოში არსებული გამოცდილება.
რუსა მაჩაიძე