დემოგრაფიული სიკვდილი?!
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3%-ით მეტია.
"2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) 63.8%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 15.6%-ს. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების - 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, ხოლო 52% - ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცების რიცხოვნობა აღემატება ქალებისას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის მამაკაცებისათვის - 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის - 78.1 წელი. 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს იმიგრანტების 30.3%-ს, ხოლო ემიგრანტების 80.5%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ", - ნათქვამია "საქსტატის" ინფორმაციაში.
დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის აზრით, ამ სტატისტიკაში დასამშვიდებელი არაფერია, რომ იმიგრანტების ზრდა უკრაინის ომმა განაპირობა.
- ეს უკრაინაში ომის შედეგია, ასე რომ, დასამშვიდებელი არაფერი გვაქვს. ბევრი უკრაინიდან შემოვიდა, ბევრიც რუსეთიდან. მობილიზაცია დაიწყო და ომში რომ არ წასულიყვნენ, ქვეყანა დატოვეს. თითქმის 30 წელიწადია, 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად უარესდება დემოგრაფიული მონაცემები, განსაკუთრებით მთავარი: შობადობა, მოკვდავობა და მიგრაციული პროცესები. ბოლო წელს კიდევ უფრო შემცირდა შობადობა: 2022 წელს 42319 ბავშვი დაიბადა, 2021 წელს კი 45 946, ანუ 3617 ბავშვით ნაკლები. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე, 1990 წლამდე, ყოველ წელს 100 000-90 000 ბავშვი იბადებოდა და ახლა ხედავთ, სტატისტიკით როგორ შემცირდა ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი, რომ უფრო შემცირდებოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ 1980-1990 წლებში საქართველოში დაიბადა 453 000 გოგონა, ხოლო 2000-2009 წლებში - 23 600, თითქმის ნახევარი. ვინც 90-იან წლებში დაიბადა, დაამთავრეს გამრავლება და ახლა 2000 წლებში დაბადებული გოგონების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა შემოდის. ასე იქნება რამდენიმე წელიწადს და სწორედ ეს იწვევს შობადობის შემცირებას. სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება რამდენიმე წელიწადს, რაც არ უნდა კარგი დემოგრაფიული პოლიტიკა გავატაროთ. 2015 წელს საქართველოში დაიბადა 60 000 ბავშვი, ხოლო გასულ წელს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 42 000 - ანუ 7-წლიან შუალედში გვაქვს 18 000 ბავშვით ნაკლები. სავალალო მდგომარეობაა. შეიძლება ვთქვათ, შემცირება კიდევ გაგრძელდება.
საყურადღებოა ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელიც: 2022 წელს რეგისტრირებული იყო 26048 ქორწინება, ხოლო განქორწინება - 14098. ესე იგი, ყოველი მეორე, უფრო ზუსტად, 1,7 რეგისტრირებული ქორწინება, განქორწინებით მთავრდება, რაც ნიშნავს, რომ ოჯახი ძალიან დიდ კრიზისშია და ეს შობადობას მომავალში უფრო შეამცირებს. გასული საუკუნის 60-იან წლებში 75 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა - წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა. ჩვენი ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს, არა მარტო მთავრობა, მთელი საზოგადოება. უბედურება ის არის, ადრე თუ ამაზე ფიქრობდნენ, ახლა ამან მეორე პლანზე გადაინაცვლა. როცა მონაცემები გამოქვეყნდებოდა, ტელევიზიები, ჟურნალისტები გვირეკავდნენ და ამზადებდნენ სიუჟეტებს. ახლა არავინ დაინტერესებულა. ტელევიზიებმა საერთოდ უარყვეს დემოგრაფიაზე საუბრები.
დიდი პრობლემაა მამაკაცების სიკვდილიანობა. არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გაიზარდა 60 წლამდე მამაკაცების სიკვდილიანობა. მამაკაცების სიკვდილიანობის შედეგად იზრდება ქვრივების რაოდენობა, ათასობით ბავშვი იზრდება უმამოდ, იქმნება საქმროების დეფიციტი, მცირდება შრომისუნარიანი მამაკაცების რაოდენობა. 2004-2021 წლებში, 18 წელიწადში, 60 წლამდე ასაკში 77 000 მამაკაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე ქალი. ეს მოვლენა დიდი ტრაგედიაა. სიკვდილიანობით უფრო მძიმე ვითარებაა ახალგაზრდა, 15-35 ასაკობრივ ჯგუფებში. 2012-2022 წლებში მამაკაცების გარდაცვალების წილი 100 კაცში 76% იყო, ქალების - 23%, ანუ სამჯერ მეტი და ამ მაჩვენებელმა უკიდურეს ზღვარს მიაღწია.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ცოლიან მამაკაცებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია უცოლო და განქორწინებული მამაკაცების გარდაცვალების ფაქტები. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ოჯახური ცხოვრება კარგ გავლენას ახდენს ადამიანზე, ნერვული სისტემა უმჯობესდება და ა.შ. ამიტომ დროზე უნდა დაქორწინდნენ.
2018-2019 წლებში ჩვენთან მოკვდავობის მაჩვენებელი იყო წელიწადში 46 000-46 000 კაცი, მაგრამ "კორონავირუსის" გამო სწრაფად გაიზარდა, 2020 წელს 50 537 კაცი გარდაიცვალა, 2021 წელს - 59 906. კერძოდ, 2020-2021 წლებში იმდენი გარდაიცვალა, რამდენიც ცხოვრობს, მაგალითად, ტყიბულში, მესტიის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში და ა.შ. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 49 118 კაცს შეადგენს.
მნიშვნელოვანი პრობლემაა მიგრაციაც, რაც ბოლო წლებში ძალიან გამწვავდა. თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი მამაკაცი, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სამშობლოს ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში - სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%. ქართველი კაცი მიჯაჭვული იყო თავის მიწას. ქართველი ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვების გამო კერას არ ტოვებდა. ისტორიული¬ და ლიტერატურული წყაროებიდანაც ხომ ვიცით, რომ მხოლოდ ბედუკუღმართობა თუ მოსწყვეტდა ქართველს სამშობლოს და მაშინაც მისი უკანასკნელი სურვილი იყო სამუდამო განსასვენებელი საქართველოს მიწაში ეპოვა. ბოლო 30 წელიწადში როგორ მიატოვა ქართველმა ხალხმა ასე თავისი ქვეყანა? ეს ემიგრაციულ სიკვდილს ნიშნავს.
- სტატისტიკა ამბობს, რომ მეტი შემოდის, ვიდრე გადის: 179 728 იმიგრანტი შემოვიდა და ემიგრაციაში 125 269 კაცი წავიდა.
- ეს დამამშვიდებელი არ არის და გამოწვეულია უკრაინაში ომით. რუსები ოჯახებით შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ეშინოდათ ომში არ წაეყვანათ, და ამან გამოიწვია მატება...
ძალიან მძიმე ვითარება რომ არის, დადასტურდა სოციალური კვლევითაც, რომელიც აპრილში ჩავატარე ახალგაზრდებთან. კითხვა ასეთი იყო: მიდიხართ ან აპირებთ თუ არა წასვლას საზღვარგარეთ დროებით, სამუშაოდ, მუდმივად საცხოვრებლად? ვაჟების 22% არ აპირებს წასვლას, დანარჩენი მიდის. აქედან 36% პროცენტი ამბობს, რომ სასწავლებლად მიდის, გამოკითხული გოგონების 10% ამბობს, სამუდამოდ წავალო. ეს მძიმე სურათია! დღეს ბევრმა ისიც კი არ იცის, რამდენი კაცი ცხოვრობს საქართველოში. გული მწყდება, რომ ტელევიზიებში დრო უმნიშვნელო თემებზე იხარჯება. მაგალითად, როგორ უყვართ ადამიანებს ძაღლები, დემოგრაფიაზე კი სიუჟეტები არ კეთდება. არადა, ქვეყნის მთავარი პრობლემა ეს არის, ტერიტორიული გამთლიანება, დემოგრაფიული პროცესები. უნდა დავსხდეთ სპეციალისტები, საზოგადო მოღვაწეები, ხელისუფლება და შევადგინოთ დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. თუ ასე გაგრძელდა საერთოდ გავქრებით. რამდენიმე ათეულ წელიწადში რეგიონებიც გაქრება. სოფლები, დიდი ქალაქების გარდა, შეიძლება გაუკაცრიელდეს და ჩვენი ცხოვრების ფურცელი დაიხურება. მიგრაცია და შობადობის შემცირება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. თუ პროცესი უმართავი გახდება და ქართველების შეუქცევად ემიგრაციასთან ერთად უცხოელების შეუქცევადი მიგრაცია გაგრძელდება, გაგრძელდება მიწების უცხოელებისთვის მიყიდვაც. დიდი ალბათობით, ქვეყანაში წლების შემდეგ დემოგრაფიული სურათი ძალიან შეიცვლება და ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება.